სიახლეები

ქართველ პოლიციელებს

მოგესალმებით მეგობრებო,

მე იაგო ხვიჩია ვარ, პოლიტიკოსი "გირჩიდან".

დიდი ხანია მინდა ქართველ პოლიციელებთან პირდაპირი ლაპარაკი დავიწყო, მაგრამ არ გამომდიოდა, უცნაურად ჩანდა. ახლა კი საგანგებო მდგომარეობაა, კრიზისული პერიოდია - ასეთ დროს პოლიციელები და მათი ურთიერთობა ადამიანებთან ბევრნაირად გამოიცდება ხოლმე.

გუშინ, მე და ჩემი მეგობრები პოლიციამ, თითოეული, 3 ათასი ლარით დაგვაჯარიმა და ვფიქრობ, ახლა სწორი დროა, ამ ადამიანებთან საუბარი დავიწყო.

ცოტას ჩემს თავზე მოვყვები.

მე სტალინური  რეპრესიების ოჯახის შვილი ვარ და ჩემს ოჯახში არ უყვარდათ მილიციელები. ბებიაჩემს და ბაბუაჩემს არ უნდოდათ მათი შვილები და შვილიშვილები სისტემას გაკარებოდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ბევრ ცუდ საქმეში მოგვიწევდა გარევა და ბევრი ადამიანის ცოდვაში ფეხის ჩადგმა.

ამის მიუხედავად, მე იურიდიულზე ჩავაბარე და თუ რამე ვისწავლე, მხოლოდ ის, რა ბოროტებას ემსახურებოდა საბჭოთა ძალადობის მანქანა, რომელშიც საბჭოთა მილიცია უმთავრეს როლს ასრულებდა.

პოლიციის მიმართ გულგრილს ვერ მტოვებდა ის ამბავიც, რომ საბჭოთა მილიციაზე, ქართულ ენაზე, დაწერილი მთავარი წიგნის ავტორი, ჩემი შორეული ნათესავი იყო, რომელსაც ჩემს ოჯახში პატივს სცემდნენ, მიუხედავად მათი მილიციისადმი დამოკიდებულებისა.

მეც ბევრჯერ დავუჭერივარ პოლიციელებს უმიზეზოდ, ჯერ სტუდენტობისას, ყველამ იცით, როგორც ხდებოდა შევარდნაძის დროს და ახლაც სამჯერ  დამიჭირეს ბოლო 2 წელიწადში.

ბევრჯერ მიჩხუბია და მიკამათია პოლიციასთან. ძალიან მკაცრად გამიკრიტიკებია როგორც პოლიტიკოსს საჯაროდ, მაგრამ არასოდეს მიგინებია და ხელი არასოდეს დამირტყამს მათთვის, არც მომხვედრია.

პირველად როცა დამიჭირეს პოლიციის შეურაცხყოფისთვის, არც მაშინ მიგინებია - დამაბრალეს. პროცესზე მოწმედ მოსულმა ერთმა პოლიციელმა, რომელმაც  ვერ იკადრა უტიფარი ტყუილი, თქვა: კანონს და კონსტიტუციას აგინებდაო, პოლიციას არაო. იუთუბზე დევს ეგ მონაკვეთი და ის პოლიციელი, რომელიც ამას ამბობს, ყველაზე მორალური ადამიანი იყო მთელ მაგ პროცესზე. 

პოლიციელებთან ურთიერთობამ მთავარი რაც მასწავლა ისაა, რომ სისტემის კლიშეების მიღმა საუბრისას, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც მორალზე, სწორსა და არასწორზე აქვთ პრეტენზია.

ამიტომაც მაქვს მათთან საუბრის სურვილი. მორალზე, სწორსა და არასწორზე პრეტენზიის მქონე ხალხი მგონია

როგორც კი სისტემის ჩარჩოებიდან გამოდიან, ადამიანები ხდებიან, თუმცა სისტემის ბრძანებებს როცა ეხება საქმე, იქ არაფერზე საუბარს აზრი არ აქვს, მაშინვე - ,,მიმართე პრესცენტრს“ მიმართულება ირთვება.

მე მჯერა, რომ ადამიანები ცოტა ხანში ჩვენი საქმიანობის დიდ ნაწილს რობოტებს გადავაბარებთ - ისინი დაალაგებენ სახლს, გარეცხავენ ჭურჭელს, დააუთოვებენ, ბავშვებს გამოუცვლიან პამპერსებს, მოგვემსახურებიან მძღოლებად და ა.შ.

მაგრამ მე არ მჯერა რობოტი პოლიციელების ე.წ. რობოკოპების, უფრო ზუსტად, ტექნიკურად რომ შესაძლებელი იქნება - მაგის მჯერა. უბრალოდ არასწორია, საშიშია და მე არასოდეს დავუჭერ ამას მხარს.

პოლიციელი ადამიანი უნდა იყოს.

მოკლედ ვეცდები ავხსნა - რატომ.

პოლიციის ერთადერთი ამოცანაა, დაიცვას და ემსახუროს ხალხს.

როგორია კონკრეტულ მომენტში ადამიანთა დაცვა და დახმარება, იმდენად რთული და ადამიანური საკითხია, რომ შეუძლებელი მგონია ამაზე პრესცენტრს უკეთესი პასუხი ჰქონდეს, ვიდრე იმ პოლიციელს, რომელიც შემთხვევის ადგილზეა და თავისი თვალით ხედავს სიტუაციას.

არც კანონმდებელს აქვს იმის ცოდნა, დაწეროს იდეალური კანონი, რომელსაც რობოკოპს ჩაუდებს თავში და ამის შესაბამისად ის იდეალურად იმოქმედებს. იმიტომ, რომ პოლიციას სჭირდება ადამიანური ცნობიერება და  მორალი, სწორის და არასწორის ადამიანურად გარჩევის უნარი.

ხოლო კანონის იდეალურად აღმასრულებელი რობოკოპობის დაშვება კი, ნიშნავს პოლიციისაგან ადამიანურობის გამოცლას და გარდაუვალ ტირანიას.

ამიტომ უნდა იყვნენ პოლიციელები ადამიანები და ყოველთვის თავისუფალმა ადამიანებმა უნდა მიიღონ, სხვა ადამიანის თავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებები.

საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ იმ პოლიციელებს, რომელთანაც მე მქონია შეხება, სისტემის ჩარჩოები უშლით ხელს ადამიანურობაში.

ვეცდები ავხსნა, რატომ აქვს სისტემას ის ჩარჩოები, რომელიც აქვს.

ერთი საუკუნის წინ, როცა კომუნისტებმა და რუსებმა დაგვიპყრეს, მათ თავიანთი სადამსჯელო იარაღი ჭირდებოდათ, რომლითაც მონობისგან გამოწვეულ სახალხო პროტესტს ჩაახშობდნენ.

ასეთად, პირველ რიგში, პოლიცია წარმოუდგენიათ ტირანებს, ამიტომ კომუნისტებმა ქართულ პოლიციას მორალი შეუცვალეს და ნაცვლად, ხალხის მსახურების და დაცვისა, პარტიის მსახურება და დაცვა დაავალეს ხალხისგან.

ამისთვის კი, მათთვის ადამიანობის გამოცლა და ტირანული კანონის აბსოლუტური, უსიტყვო მორჩილების სწავლა იყო საჭირო.

ასე შეიქმნა საბჭოთა მილიცია, მათ ეკრძალებოდათ ადამიანობა და მხოლოდ დაწერილი კანონების და ზემდგომის ბრძანებების აღსრულება დაევალათ.

მათ აღასრულეს მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, სანდრო ახმეტელის, ევგენი მიქელაძის, ოლღა ოკუჯავას და სხვა გამორჩეული ქართველების ჯერ წამების და მერე სასიკვდილო ბრძანებები.

აქვე დაიბადა, უზარმაზარი სასჯელები პოლიციელის კრიტიკისთვის და მისდამი უპატივცემლობის გამო, ანუ, რადგან შეუძლებელი იყო პატივი გეცა საბჭოთა მილიციელისთვის, კანონით დაგევალა ეს.

თუ მადლობელი არ იქნებოდი იმ პოლიციელის, რომელიც გაწამებდა და გააკრიტიკებდი, შეიძლებოდა ამის გამო დაეხვრიტეთ ან ციმბირში გადაესახლებინეთ, გააჩნია რამდენად ჯალათი აღმოჩნდებოდა კრიტიკის ობიექტი.

ეს ჰქონდა ნანახი ბაბუაჩემს.

თუმცა ეს რეალობა, სულ სხვანაირად დაწერა, ჩემმა შორეულმა  ნათესავმა (პროკოფი ხვიჩია), რაშიც არ იყო და ვერც იქნებოდა გულწრფელი.

 ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირში, შეუძლებელი იყო გულწრფელი წიგნი დაგეწერა პოლიციაზე.

საბჭოთა კავშირის დაშლამდე ასე გრძელდებოდა, უბრალოდ ბრეჟნევი სტალინივით კაციჭამია არ იყო და ნაკლები ადამიანი აწამა, მაგრამ ვინც აწამა, საბჭოთა მილიციის ხელით.

შორს რომ არ წავიდეთ, მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია და სხვა ქართველი დისიდენტებიც საკმარისია ამის მაგალითებად.

როგორც წიგნის, ისე გულწრფელი ფილმის გადაღებაც შეუძლებელი იყო საბჭოთა კავშირში მილიციაზე. ერთმა პარტიულმა რეჟისორმა სცადა კიდეც პროპაგანდისტული ფილმის გაკეთება და კუკარაჩა გადაიღო, კეთილ, გულუბრყვილო მილიციელზე.

მაგრამ ეს ტყუილი იყო,  საბჭოთა მილიციაში კუკარაჩები არ არსებობდნენ და ამიტომაც არ არსებობს პოლიციელი,რომელიც კუკარაჩობაზე ოცნებობს. არც არასოდეს არ არსებობდა.

საბჭოთა კავშირის დაშლა პოლიციელებისთვის იმიტომ იყო კარგი, რომ მათ პარტიის ნაცვლად ადამიანის მიმართ მსახურების შანსი გაუჩნდათ, თუმცა ეს ვერ გამოვიყენეთ და მე მინდა გუშინდელი იპოდრომის აქციის და ორი გოგოს დაკავების მაგალითზე  ავხსნა ეს.

ეს გოგოები ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები არიან, მე მათი ისტორია ვიცი.

კორონა პანიკისა და საყოველთაო ისტერიის გამო, ამ გოგოებმა სამსახურები დაკარგეს და დარჩნენ შემოსავლების გარეშე, სწორედ ამის გასაპროტესტებლად იყვნენ იპოდრომზე და იქ, დისტანციის დაცვით, აპროტესტებდნენ მათ თავს დამტყდარ უბედურებას.

(სიტუაციის უხერხულობა რომ ბოლომდე ჩანდეს, გეტყვით, რომ ერთ-ერთი მათგანი მარტოხელა დედაა).

თავიანთ აზრს გამოხატავდნენ.  უსამართლობას იპოდრომზე დგომით აპროტესტებდნენ და არავის არაფერს არ უშავებდნენ.

პოლიცია, რომელთა ერთადერთი ამოცანა, როგორც გითხარით ადამიანზე ზრუნვა და მათი მსახურებაა, მოვიდა და 3 ათასი ლარით დააჯარიმა.

ეს გააპროტესტეს, ამაზე კამათობდნენ პოლიციასთან, რომელიც როგორც გითხარით, ადამიანთა დამხმარე და მისი უსაფრთხოების დამცველია.

პოლიცელებმა რაც ქნეს ყველამ დაინახა და მე არ მოვყვები.

მოდით ახლა ასეთი სიტუაცია წარმოვიდგინოთ, მე ვარ პოლიციელი და ის გოგონები თქვენი დები, ცოლები ან დედები არიან, ან მეგობრები. როგორ შეაფასებდით ჩემს ქცევას?

დარწმუნებული ვარ, არ ვიქნებოდი სწორი კაცი თქვენს თვალში. ვერ აგიხსნიდით ამას იმით, რომ ასე წერია კანონში, ან ასეთია ბრძანება.

არ იხსნება ასეთი რამეები და რაც არ იხსნება, იმაზე ტრაფარეტული პასუხებისთვის არსებობს პრესცენტრი, სადაც ასეთი ბრძანებების შესრულების მერე გვამისამართებთ ხოლმე.

მოდით, ერთი წამით დავივიწყოთ, რომ პოლიციელები ვართ.

ჩვეულებრივ სიტუაციაში, ჩვეულებრივი ადამიანები, ქართველი კაცები, 3 ათასი ლარით დავაჯარიმებდით ქალებს, რომლებიც იპოდრომზე უმუშევრად დარჩენას გააპროტესტებდნენ?

მერე მათ ვცემდით?

მერე ჩავტენიდით მანქანაში?

მერე სასამართლოს წარვუდგენდით დამატებით დასაჯარიმებლად?

ქართული, ტრადიციული, კაცური ან მორალური იქნებოდა ასეთი საქციელი?

ზოგადად "მოსულა" ასეთი ქცევა მაშინ, როცა ადამიანებს ისედაც თავისი გასჭირვებიათ და ჭირს ებრძვიან?

ეს გააკეთა ქართულმა პოლიციამ გუშინ.

მე ერთ პოლიციელთან მქონდა ახლო შეხება, ის პოლიციელი ადამიანი იყო, რომელსაც  მის იმ წუთიერ საქმიანობაზე საუბარი ჭირივით ეზარებოდა.

ეს მოხდა იმიტომ, რომ გუშინაც, ისე როგორც საბჭოთა კავშირში, პოლიცია პარტიას ემსახურებოდა და არა ადამიანს.

როგორც გითხარით, მე ძალიან მაინტერესებს თქვენი პროფესია და თუ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა და სანამ მე ცოცხალი ვარ "გირჩი" აღმოჩნდა ხელისუფლებაში, პოლიციის რეფორმა ჩემ გარეშე არ ჩაივლის.

ასევე არ მჯერა, "გირჩის" გამარჯვების, თუ ქართველი პოლიციელები ჩვენი მტრები იქნებიან, პირიქით მე მინდა თქვენ ჩემიანები იყოთ, ამიტომ ვიწყებ თქვენთან საუბარს იმაზე, როგორი უნდა იყოს, ჩემი აზრით, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიციელი.

მე ძალიან კრიტიკული ვარ აწმყოში, მაშინ როცა სხვები ინსტიქტურად გაქებენ, მაგრამ მხოლოდ მე და ჩემს პარტიას გვინდა, ნამდვილად, პოლიციელების გათავისუფლება საბჭოთა სისტემის მარწუხებისგან.

ამას კი თქვენი დახმარების გარეშე ვერ შევძლებთ.

ჩვენ გვინდა, რომ პოლიციელი ემსახურებოდეს და იცავდეს ადამიანს და არა რომელიმე პარტიას, იყოს თავისუფალი საკუთარი მოქმედებებისას, გადაწყვეტილებები მიიღოს და ახსნას დამოუკიდებლად, საღი აზრის, ზნეობის და ადამიანური მორალის შესაბამისად.

ამაში ვითხოვთ თქვენს მხარდაჭერას.

თუ როგორ მიიღწევა ეს, ამაზე თანდათან დავილაპარაკოთ.

ავტორი: იაგო ხვიჩია

კომენტარები