სიახლეები

ქალის მკვლელობაზე დაკავებულ პოლიციელს შინაპატიმრობა ან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ბრმა ტყვიით ქალის მკვლელობის საქმეზე , პროკურატურამ პოლიციელი დააკავა - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ს.გ.-მ საკუთარი საცხოვრებელი ბინის აივნიდან განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო გასროლა. გასროლილი ტყვია თავის არეში მოხვდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრებ თ.ა.-ს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა დანაშაული ჩადენილი ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ, გამოძიების საწყის ეტაპზევე სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადმოეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს", - წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე ისჯება.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს თბილისში, საბურთალოს ტერიტორიაზე დაახლოებით საღამოს 9 საათზე, საკუთარ სახლში მყოფი ქალბატონი ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

                                                                                                                              ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები