სიახლეები

რა უფრო საშიშია, კორონავირუსი თუ ლევიათანი სახელმწიფო??

ღრმა წარსულში არ წავალ, 100 წლის წინ, პირველ მსოფლიო ომში 15 მილიონი კაცი ამოხოცეს სახელმწიფოებმა, მეორეში - 50 მილიონი. კომუნისტებმა 120 მილიონი ადამიანი მოკლეს სხვადასხვა ქვეყანაში, ნათელი მომავლის სახელით. წვრილ-წვრილი დიქტატორების მსხვერპლს ვინ მოთვლის?! 

ახლა იმავე სახელმწიფოებმა, 80 წელს გადაცილებული მოხუცების ვირუსისგან დაცვის საბაბით, ლამის მსოფლიო ეკონომიკა გააჩერონ!  ბოდიშს ვიხდი, მაგრამ არ მჯერა მათი გულწრფელობის, მით უფრო მაშინ, როდესაც ვიცი, ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა კეთილი სურვილებითაა მოფენილი. რისიც მჯერა არის ის, რომ სახელმწიფო(ები), "კორონაზე" აპელირებით ეკონომიკაში, ადამიანურ საქმიანობაში ჩარევის მასშტაბებს ზრდის. კრიზისების დროს სახელმწიფო ფრთებგაშლილია. ლევიათანს შემთხვევით როდი შეადარა ერთმა  ფილოსოფოსმა, როგორც ვეშაპს დროდადრო ოკეანის ზედაპირზე უწევს ამოსვლა ჰაერისთვის. სახელმწიფოებსაც კრიზისები (ომი) სჭირდება არსებობისთვის, ის ამით იკვებება. ომი სახელმწიფოს ჯანმრთელობააო უთქვამს  ჭკვიან კაცს. ოღონდ წვრილ-წვრილი, ლოკალური ომები გლობალიზებული სამყაროსთვის არაა საკმარისი. ე.წ. მსოფლიო ომებს კი წერტილი ატომურმა იარაღმა დაუსვა და არა იმიტომ, რომ უამრავ ადამიანს შეიწირავს და მთავრობებს ხალხი ეცოდება, არა, თავად ხელისუფლებაც დაუცველია ამ დროს, ეგაა მიზეზი! ამიტომ სახელმწიფოები ახალ საფრთხეებს ეძებენ და ცდილობენ მათ გლობალიზაციას. სრულიად ბუნებრივ მოვლენებს (მაგალითად კლიმატის ცვლილება) ლამის სამყაროს დასასრულად სახავენ, "კორონას" თაობაზე ატეხილი ამბავიც ამ ოპერიდანაა.

კი, კორონავირუსი არსებობს, საშიშიცაა, თუმცა უფრო საშიში სახელმწიფოთა შეუნიღბავი და აშკარა სურვილია ხელოვნურად გაბერონ საფრთხე, დათესონ შიში და მიიტაცონ კიდევ მეტი ძალუფლება, შებოჭონ  თავისუფლება, მოიცვან ადამიანური მოღვაწეობის სულ უფრო მეტი სფერო... 

ბრძოლის ხაზი აქ გადის. თავისუფლების მეციხოვნენო, დექით მტკიცედ და შეურყეველად!

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები