სიახლეები

გირჩი - „გადატვირთვა“

თითქმის ექვსი თვეა, რაც „გირჩი“ ფორმალურად არსებობს, რეალურად წელიწადზე ცოტა მეტი ხანია.

დღეს მნიშვნელოვანია გავლილი გზის შეფასება, სწორი დასკვნების გაკეთება და მომავლის წარმოდგენა.

რისთვის შეიქმნა გირჩი?

გირჩის მიზანი მარტივად და სრულყოფილად არის გადმოცემული ჩვენშივე ბუნებრივად დაბადებულ სლოგანში - #მეტითავისუფლება.

ჩვენ გვჯერა, რომ „თავისუფლება“, ზოგადად, არის საწინდარი ადამიანის ბედნიერების, განვითარებისა და კეთილდღეობის.

თავისუფლება არის საზოგადოების კონკრეტული პრობლემებიდან - ეკონომიკური, უსაფრთხოების და ქვეყნის მთლიანობის, გაჭირვებისა და ა.შ. ერთადერთი გამოსავალი. გირჩი არის #მეტითავისუფლება ყველა მიმართულებით, ყველა საშუალებით, ყველა სფეროში, სადაც თავისუფლების შემზღუდველია სახელმწიფო ინსტიტუტები და კანონი. კანონის ერთადერთ დანიშნულებადაც ჩვენ ადამიანის თავისუფლების დაცვა წარმოგვიდგენია.

გირჩი არის ადგილი ადამიანებისთვის, ვინც არ შეუშინდება მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლას.

რა გზა გავიარეთ და რას მივაღწიეთ?

გირჩში დაიწყო ნიჭიერი და თავისუფალი ადამიანების თავმოყრა.

გირჩი არის ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელიც ცდილობს წარმოიდგინოს როგორი იქნება სამყარო 10 ან 20 წელიწადის შემდეგ და რა ქარტეხილები გველის მომავალში თითოეულ ადამიანს და მთელ ქვეყანას.

გირჩი ერთადერთი პარტიაა საქართველოში, რომელიც არ არჩევდა აქტუალურ საკითხებს საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გათვალისწინებით.

პრაქტიკულად ყველა აქტუალური პოლიტიკური დისკუსია და თემა დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში არის გირჩის შექმნილი, მაგალითად:

- გადასახადების, მთავრობის ხარჯებისა და სახელმწიფო ბიუროკრატიის შემცირება - ადამიანის მეტი ეკონომიკური თავისუფლება;

- სოციალური ხარჯების მიზნობრიობის მკვეთრი გაზრდა - ღარიბების დახმარება მდიდართა ნაცვლად;

- ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება - მეტი პიროვნული თავისუფლება;

- მიწების რეგისტრაციის სწრაფად მოგვარება - მეტი მესაკუთრე მეტი თავისუფლებით;

- თავისუფალი სავალუტო რეჟიმი - ფულის გამოყენების არჩევანის თავისუფლება;

- სასამართლოს სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა - თავისუფლების მეტი გარანტია.

გირჩი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც ამ თემებზე საუბრობდა, მაგრამ იყო ყველაზე კომპეტენტური, ყველაზე აქტიური და ყველაზე გულწრფელი საკუთარ ზრახვებში.

ჩვენ ბევრი რამ შევძელით 1 წლის განმავლობაში, მაგრამ არასაკმარისი.

რა შეცდომები დავუშვით?

მთავარი ტაქტიკური შეცდომა იყო „გირჩის“ რამდენიმე წარმომადგენლის პარლამენტში გაყვანის აუცილებლობის შესახებ მოსაზრება, საპარლამენტო ტრიბუნის, როგორც ინსტრუმენტის შენარჩუნებისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭება. რაღაც მომენტში გვიმტყუნა თავდაჯერების გრძნობამ, ვერ გავბედეთ სისტემის გარეთ დამოუკიდებლად მოქმედება და წამოვიწყეთ ტრადიციული პოლიტიკური თამაში.

ამ შეცდომის შედეგი იყო:

1. „გირჩის“ სხვა, ტრადიციული პოლიტიკური პარტიების მსგავსი ფორმითა და სტრუქტურით შექმნის მცდელობა;

2. მთელ რიგ საკითხებში ჩვენგან განსხვავებული შეხედულებების მქონე თუ საერთოდ შეხედულების არმქონე უცნაურ პოლიტიკურ პარტიებთან და ადამიანებთან გაერთიანება.

ხოლო მთავარი შინაარსობრივი შეცდომა იყო ძირითადი პრობლემის ვერ დანახვა - ჩვენი მთავარი კონკურენტი იყო არა პოლიტიკური სპექტრი, არამედ საზოგადოების ერთი ნახევრის მითოლოგიური წარმოდგენების ნაკრები და მეორე ნახევრის პოლიტიკური ცხოვრებისადმი ობიექტური ნიჰილიზმი, რაშიც ჩვენ შეცდომებსაც მიუძღვის გარკვეული წვლილი.

რიგით მოქალაქეებს, ამომრჩეველთა უდიდეს ნაწილს არასოდეს უფიქრია, რა არის აუცილებელი ქვეყნის განვითარებისა და ადამიანის ბედნიერებისთვის;

არ აქვს გააზრებული, რომ დღეს არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემები ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან შედარებით, რომლებსაც უნდა ველოდოთ უკვე რამდენიმე წელიწადში, ცივილიზაციის ტექნოლოგიური პროგრესიდან გამომდინარე, თუ დღესვე არ დავიწყებთ მოქმედებას;

არ აქვს გააზრებული, რომ პრობლემების უდიდეს უმრავლესობას კანონების სიმცირე ან მთავრობის არაეფექტურობა კი არ წარმოშობს, არამედ ის, რომ პასუხისმგებლობის აღების გვეშინია და კანონების არსებობას და მთავრობის ჩარევას ვითხოვთ იქ, სადაც მათ არაფერი ესაქმებათ;

არ აქვს გააზრებული, რომ თითქმის ყველა პრობლემა, ყველა მიმართულებით, გამოწვეულია ადამიანების თავისუფლების შეზღუდვით; არ აქვს გააზრებული, რომ თავისუფლების ნაკლებობას დღეს - ეწირება არა მხოლოდ თვითონ, არამედ შვილების ხვალინდელი კეთილდღეობაც;

არ აქვს გააზრებული, რომ ასეთი „არ გააზრებით“ თუ ვინმე სარგებლობს, პირველ რიგში ესაა არსებული პოლიტიკური ელიტა, რომელიც უკვე წლებია წარმატებით ახერხებს გზის გაკვლევას იმავე მოქალაქეების ჯიბიდან გადახდილი ფულით შევსებულ 11 მილიარდიან წლიურ ბიუჯეტამდე.

რას ვაპირებთ?

ჩვენ არ გვჩვევია შეცდომაში გაჯიუტება, შეგვიძლია ვაღიაროთ და ვისწავლოთ საკუთარ (და არა მხოლოდ) შეცდომებზე.

ჩვენ ვაპირებთ შევცვალოთ პოლიტიკური ბრძოლის როგორც სტრატეგია, ისე ფორმები:

- ჩვენ უარს ვამბობთ ვიყოთ ტრადიციული პოლიტიკური პარტია ოფისებითა და პარტიული სტრუქტურებით.

ამიტომ ვაპირებთ „გირჩი“ ვაქციოთ პირველ სრულად ელექტრონულ კომუნიკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც Facebook-ის მეშვეობით გააერთიანებს ადამიანებს, რომელთაც სწამთ თავისუფლების. არასოდეს ვიქნებით Offline და ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ იქნება Public.

- ჩვენ უარს ვამბობთ პოლიტიკოსების დაყოფაზე მტრებად და მეგობრებად.

ამიტომ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველასთან თუ მათი ქმედება, ჩვენი აზრით, წაადგება ამ ქვეყანას.

ჩვენ ვაპირებთ დაგანახოთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, როგორ ანადგურებთ საკუთარი შვილების მომავალს იმით, რომ მხარს უჭერთ თავისუფლების შეზღუდვას ამა თუ იმ მიმართულებით.

ჩვენ ვაპირებთ დაგანახოთ რამდენად პირდაპირ კავშირშია თქვენი სიღარიბეში ცხოვრება ქვეყანაში თავისუფლების ნაკლებობასთან.

ჩვენ ვაპირებთ დაგანახოთ, თუ რამხელა აბსურდია სიტყვებში - „რა დროს თავისუფლებაა, როცა ხალხს შია“, ვინაიდან გვჯერა, რომ შიმშილის ყველა მიზეზიც თავისუფლების ნაკლებობიდან მოდის.

ჩვენ ვაპირებთ დაგანახოთ, რომ მოქალაქეთა შეზღუდული თავისუფლება პირდაპირი საფრთხეა ქვეყნის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას და ამ ბრძოლაში ვიქნებით გაცილებით რადიკალურები, გაცილებით თავისუფლები, გაცილებით რთულად ასატანები ბევრი თქვენგანისთვის.

ჩვენ ვიქნებით სარკე, რომელშიც გამოჩნდება ყველაფერი, რაც ყარს ამ ქვეყანაში. #მეტითავისუფლება გირჩს.

პატივისცემით „გირჩი“

კომენტარები