სიახლეები

547 Views

გოგა ხაინდრავას ისტორია

როცა პროექტს ვიწყებდი, მაშინვე ვიცოდი, რომ ძმები ხაინდრავების თვალით ნანახი ისტორია უნდა მომესმინა.

გოგა კინორეჟისორია და მისი გადაღებულია საქართველოს უახლესი ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი მომენტები, როგორიცაა ,,ღირსების სასამართლო“ და 9 აპრილის კადრები, ეს მხოლოდ მცირე ნაწილია.

,,საქართველოს დაბადების“ მეორე გადაცემაში, ნემო ბურჭულაძემ, როგორც ამბის მონაწილემ, მოჰყვა ჯაბა იოსელიანის წიგნში აღწერილი ისტორია, თუ როგორ დაცხრილა ,,ხაინდრავას დევიატკამ“ ავტობუსი, რომელშიც პირველი პრეზიდენტის მომხრეები ისხდნენ. ამ თემას ვერ გავექცეოდი და მაინტერესებდა მისი თვალით ნანახი ეს ისტორიაც, ის, თუ რა იყო მასში მართალი და რა - გამოგონილი.

გოგა ხაინდრავა, საზოგადოებისთვის წინააღმდეგობრივი ფიგურაა, ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, ალბათ წინასწარ ესმოდა, რომ მის ისტორიას სხვადასხვანაირი რეაქცია მოჰყვებოდა, ბევრი ძალიან კრიტიკული, მეტიც, შეურაცხმყოფელი კომენტარი დაიწერებოდა ან ითქმებოდა. ამის გათვალისწინებით, ძალიან გამიხარდა სტუმარი რომ გადაცემაში სტუმრობაზე მარტივად დამთანხმდა, ეს დასაფასებელი ამბავი მგონია.

სამწუხაროდ, გოგა ხაინდრავას ბოლომდე გახსნილობას ვერ მივაღწიე, ჩემი აზრით მეტიც შეიძლებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა.

ვისაუბრეთ საბჭოთა კინემატოგრაფიაზე, ,,მონანიებაზე“, ეროვნულ მოძრაობასა და ,,ღირსების სასამართლოზე“, 9 აპრილზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების ანატომიაზე.

კომენტარები