სიახლეები

120 Views

კაკო ბობოხიძის ისტორია

,,საქართველოს დაბადების“ იდეა რომ გამიჩნდა, ჯაფარას ძალიან მოეწონა, დღემდე ძალიან გულშემატკივრობს პროექტს, ყველა სტუმარს უსმენს და ძალიან საინტერესო მოსაზრებებს მიზიარებს.
კაკო ბობოხიძით დაწყებაც მისი იდეა იყო, მითხრა ბევრი და საინტერესო ისტორია იცისო.

ბატონი კაკო მოქმედი პოლიტიკოსია, შვიდი მოწვევის პარლამენტის წევრი.

ჩავთვალე, რომ ჩემთვის უფრო კომფორტული იქნებოდა გადაცემების ციკლის დაწყება მოქმედ პოლიტიკოსებთან, სანამ უკეთ გავიცნობდი 80-იანი და 90-იანი წლების პოლიტიკურ გარემოს.

,,პროცესის“ რამდენიმე გადაცემა უკვე ჩაწერილი მქონდა და ვიცოდი, რომ ე.წ. “ჰარდ თოქი” ჩემი გადაცემის ჟანრი არ იყო. ამიტომ გადავწყვიტე სტუმრისთვის თავისუფალი საუბარი მეცლია, ყურადღებით მომესმინა და მშვიდად დამესვა ის კითხვები, რომელიც მართლა გულწრფელად მაინტერესებდა.

ეს მეთოდი მომწონს და დღემდე არ შემიცვლია.

გადაცემა იწერებოდა, რაც თავისუფლად ქცევის და ექსპერიმენტების საშუალებას მაძლევდა, სადებიუტო შეცდომები რომც დამეშვა, მონტაჟის დროს შემეძლო დანახვა.

სტუმარს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ კომუნიკაცია არ გაგვჭირვებია, ალბათ იმიტომ, რომ დაუსწრებლად ვიცნობდით ერთმანეთს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რესპონდენტის მონანიება იყო.

კაკო ბობოხიძემ აღნიშნა, რომ იმედია მისი სახელი ისტორიაში არ დარჩება, რადგან ის ისტორიის არასწორ მხარეს იდგა.

(იგულისხმება საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საწინააღმდეგო ბანაკში ყოფნა).
შეცდომის მიზეზად, საკუთარ გამოუცდელობასთან ერთად, რესპონდენტმა ახსნა, რომ მისი და სხვა ადამიანების არასწორ ქმედებებს მაშინ ისიც იწვევდა, რომ ბევრი ადამიანი, ე.წ. წითელი ინტელიგენციიდან, ვისაც საზოგადოება პატივს სცემდა და სჯეროდა, ისტორიის არასწორ მხარეს იდგა და ბევრმა ახალგაზრდამ მათ გაუაზრებლად დაუჯერა.

ასეთებად დასახელდნენ -ელდარ შენგელაია, გიგა ლორთქიფანიძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი და ა.შ.
ამან სხვანაირად დამანახა გადაცემის მიზნებიც. მივხვდი, რომ ,,საქართველოს დაბადება“ შეიძლება ყოფილიყო ადგილი შეცდომების აღიარებისა და გადააზრებისთვის.

გადაცემაში რესპონდენტმა ისაუბრა, 80-იანი და 90-იანი წლების საქართველოზე, ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებზე, თბილისის ომზე, ურთიერთობებსა და რწმენებზე, რომლებიც განსაზღვრავდა იმ პერიოდის რეალობას და ადამიანთა ქმედებების ლოგიკას.
 

კომენტარები