სიახლეები

თავისუფლების შესახებ

თავისუფლება!

ინდივიდი თავად განაგებს საკუთარ თავს, თავის სხეულს და სულს” – ჯონ სტიუარტ მილი

თავისუფლებაზე როცა ჩამოვარდება ხოლმე საუბარი, ხშირად გაიგონებ ფრაზას, რომ სრული თავისუფლება არ შეიძლება, რომ ყველაფრის უფლება ვერ ექნება ადამიანს და ა.შ. ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა საკითხის გაბუნდოვანება, თემის აბსტრაგირება, კონკრეტული შინაარსისგან დაცლა. არადა, თუ დავფიქრდებით, თავისუფლება  უაღრესად ნათელი და ხელშესახები ცნებაა.

ფილოსოფია თავისუფლებას განმარტავს როგორც თვითგანსაზღვრის შესაძლებლობას, როგორც იძულების არარსებობას.

ჩემს მეობას, ჩემს იდენტობას (სექსუალურით დაწყებული - პოლიტიკურით დამთავრებული) თავად ვადგენ და თავად განვსაზღვრავ, გარედან თავსმოხვეული მდგენელის გარეშე.

თავისუფლების გააზრების მთავარი ასპექტი ისაა, თავს ახვევს თუ არა, ერთი ადამიანი საკუთარ ნებას სხვა ადამიანს. ჩვენი თავისუფლება ირღვევა და იზღუდება მაშინ, როდესაც ჩვენი ქმედებები განპირობებულია სხვა ადამიანების ან ინსტიტუტების ნებით. ამოვდივართ რა, თავისუფლების ნეგატიური გაგებიდან, ჩვენ განვსაზღვრავთ არა იმას, თუ რა არის თავისუფლება, არამედ - თუ რა არ არის ის, აღვწერთ სიტუაციას, რომელშიც არ არის თავისუფლება.

თუ ვინმე საფეთქელთან პისტოლეტს დაგვადებს და გვეტყვის: "მარჯვნივ წადი", დიდი ალბათობით "მარცხნივ" ვერ წავალთ. თავისუფლება ისეთი ვითარების არსებობას გულისხმობს, რომელშიც სხვის ნებას, სხვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას არ გვაიძულებენ და არ გვავალდებულებენ. თავისუფლების ის გაგება,  რომელსაც მე ვემხრობი, თავისუფლების შეზღუდვად არ მიიჩნევს იმ სიტუაციას, რომელშიც უმრავლესობას ეკრძალება უმცირესობის ცემა, მაგრამ საყოველთაო სამხედრო სამსახურს კი თავისუფლების ხელყოფად აღიქვამს. ბევრი მიიჩნევს, რომ სამხედრო სამსახური ჩვენი მოვალეობაა, საზოგადოებრივი საჭიროებაა. მაგრამ თუ საზოგადოებრივი საჭიროებით მივუდგებით საკითხს, უამრავ არგუმენტს მოვიპოვებთ იმის დასამტკიცებლად, რომ ნაგვის გატანა, ფოსტა, გზები და ა.შ. საზოგადოებრივად აუცილებელი სფეროებია.

ხშირად სახელმწიფო ინსტიტუტები და ინდივიდები,  ნებით თუ უნებლიეთ, წინ ეღობებიან ჩვენი სურვილების შესრულებას. თავისუფლება კი იმას ნიშნავს, რომ სხვები ხელს არ გვიშლიან ჩვენს მისწრაფებებში. რაც უფრო დიდია ჩაურევლობის სივრცე, მით უფრო მეტია ჩვენი თავისუფლება. თავის მხრივ კი,  ინდივიდუალურ თავისუფლებაზე დაფუძნებული საზოგადოების უპირატესობა ის გახლავთ, რომ ასეთ საზოგადოებაში უგუნური ადამიანებისგან მიყენებული ზიანი მცირეა!

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომ ჩემი მისწრაფებები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს სხვის მისწრაფებებს, ლახავდეს სხვის უფლებებს. მაგრამ ჩემი თავისუფლება, რომელიც სხვის თავისუფლებას ლახავს,  თავისუფლება კი აღარაა, არამედ ძალადობა. კაცობრიობამ თავისი მორალური ევოლუციის გრძელ გზაზე გამოიმუშავა ზნეობრივი ფორმულა:  რაც შენ არ გინდა მოგივიდეს, იმას ნურც სხვისთვის მოინდომებ! ამიტომ ჩემი თავისუფლება იქ მთავრდება , სადაც სხვისი იწყება.

სწორედ ამაზე ბრძანებდა დიდი ილია : "“რაც სხვისია, ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია, – ეგ ჩემი უფლებაა”. მე ვიზიარებ თავისუფლების იმ გაგებას,  რომელიც მიიჩნევს: ადამიანი თავისუფალია თავის ქმედებებში მანამ, სანამ იგი არ ძალადობს სხვა ადამიანზე. და მთავარი: პირადად ჩემთვის, თავისუფლების დიდი და ღრმა თემა, პრაქტიკულ ჭრილში, ინდივიდის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობის ხარისხით განისაზღვრება!

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები