სიახლეები

1021 Views

ბათიაშვილი: ზურა ჭავჭავაძეზე საერთოდ არანაირი დოკუმენტი არ მინახავს, ის აგენტი არ ყოფილა

ღმერთი, რჯული, ზურა ჭავჭავაძეზე არანაირი დოკუმენტი არ მინახავს. ის აგენტი არ ყოფილა“ - ამის შესახებ 1992-93 წლებში საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბათიაშვილმა „გირჩის“ საინფორმაციო სააგენტოს მას შემდეგ განუცხადა, რაც იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემის „პროცესი“ ციკლში, "საქართველოს დაბადება" ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი წერეთელმა განაცხადა, რომ მას სწორედ ბათიაშვილისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზურაბ ჭავჭავაძე კგბ-ს აგენტი იყო. 

ბათიაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ირაკლი წერეთლის პატივისცემისა და მასთან ახლო მეგობრობისა, ამ საკითხზე საერთოდ არ ულაპარაკია და მის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაციაც, მცდარია. 

უამრავი დოკუმენტი მინახავს, მათ შორის ისეთი რაც აგენტურას ეხება, ეს ყველაფერი ჩემს განკარგულებაში იყო მაგრამ ამაზე რომ არ უნდა ვილაპარაკო, კანონია. მსგავს თემებზე, მითუმეტეს ზურა ჭავჭავაძეზე არ ვლაპარაკობ არც სახლში და არც მეგობრებთან. გამორიცხულია ასე მელაპარაკოს მასთან. რა სისულელეა. 

რაღაცა აერია ეტყობა, ვიღაცამ უთხრა ალბათ და ასე ახსოვს. როგორ უნდა ილაპარაკო იმ ფაქტზე, რაც საერთოდ არ არსებობს. ღმერთი, რჯული, ზურა ჭავჭავაძეზე საერთოდ არანაირი დოკუმენტი არ მინახავს, ის აგენტი არ ყოფილა“ - განაცხადა ბათიაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გადაცემაში „პროცესი“, ირაკლი წერეთელმა განაცხადა, რომ სწორედ ირაკლი ბათიაშვილისგან ჰქონდა ინფორმაცია, რომ „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა ჭავჭავაძე, კგბ-ს აგენტი იყო. 
 

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები