სიახლეები

16 Views
პოლიტიკა

ფირუზა პაპის ისტორია ჩვენი ქვეყნის ბევრი პრობლემის კარგი ილუსტრაციაა

ემოციები რომ გვერდზე გადავდოთ, ამ ისტორიაში ჩვენ, პირველ რიგში, ვხედავთ ადამიანს, რომელიც, სავარაუდოდ, არც ისე წარმატებულია იმ საქმეში, რომლითაც არის დაკავებული. ეს ნათლად ჩანს იქიდან, რომ ფირუზა პაპის ბიზნესი დაინგრა სეტყვის გამო, სეტყვის, რომელიც კახეთისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მეტიც, ეს ზედიზედ მეორეჯერ მოხდა, მაგრამ ფირუზა პაპას არც დაზღვევა გაუფორმებია, არც ბადეებით გადაუფარავს ვენახი

კი, ემპათია გვიბიძგებს, რომ ასეთ სიტუაციაშიც დავეხმაროთ ადამიანს. ასე რომ ფულის შეგროვება და პირდაპირი დახმარება, შეიძლება კარგი საქმეც გამოდგეს, თუნდაც შედეგად ფირუზა პაპამ მევენახეობა გააგრძელოს. მაგრამ რაც ყველანაირ მორალს სცდება არის სახელმწიფოს მხრიდან დახმარების მოთხოვნა, რადგან შინაარსობრივად ეს ნიშნავს: აი, იმ ხალხს წაართვით და მე მომეცით.

ყოველი ასეთი ემოციური ისტორიის შემდეგ, ურთიერთდახმარების ნაცვლად, ადამიანები იმაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, თუ ვინ უფრო დამაჯერებლად მოითხოვს სხვისთვის ფულის წართმევას. ამას ითხოვს ჟურნალისტიც, ოპოზიციური პოლიტიკოსიც და საბოლოო ჯამში რიგითი მოქალაქეც, რადგან ის ვერ ხედავს, რომ დახმარება წართმევას ნიშნავს და რომ ყოველი ფირუზა პაპის ისტორიის უკან ასობით სხვა ადამიანი იმალება, რომელიც დახმარების 99% თავისთვის მოიხმარს. ხოლო, რადგან ამომრჩეველი ვერ ხვდება, რომ მთავრობის საქმე არ არის ეხმარებოდეს ბიზნესმენს, რანაირადაც დამაჯერებელი არ უნდა იყოს ბიზნესმენის ცრემლები, მანამ მთავრობა სიამოვნებით გამოიყენებს ასეთ ისტორიებს, რათა თავისი ძალაუფლება გაზარდოს და მორიგი დახმარების პროგრამა წამოიწყოს.

თუმცა ყველაზე ტრაგიკული ამ ისტორიაში არის ის, რომ ფირუზა პაპას გაკოტრებისგან გადარჩენა სხვა ადამიანების მოტივების დეფორმაციას იწვევს. როცა ცრემლები საკმარისი ხდება სხვების ხარჯზე თავისი ბიზნესის გადასარჩენად, მალევე გაჩნდება ახალგაზრდა მუტრუკი, რომელიც საქმეს ვერ გააკეთებს, მაგრამ სხვების ხარჯზე იცხოვრებს, რადგან წარმატებული იქნება ტრაგედიების დადგმაში.

შედეგად ასობით ათასი ადამიანი სოფლებში რჩება და მორიგი 3000 ლარიანი დახმარების იმედად სიღატაკეს ირჩევს, იმის ნაცვლად რომ გადავიდეს ქალაქში და თავის თავს და თავის ოჯახს უკეთესი მომავლის შანსი მისცეს. სეტყვა არ არის ტრაგედია. ნამდვილი ტრაგედიაა ის, რომ ფირუზა პაპას თაობის, მათი შვილების და შვილიშვილების დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ სოფელში რჩება და იმ საქმით არის დაკავებული, რომელიც არც მათ გაამდიდრებს, არც არავის, და მხოლოდ პოლიტიკოსებს მისცემს შანს უფრო იაფად იყიდონ მათი კეთილგანწყობა მორიგი არჩევნების წინ.

იხ. სტატია ფეისბუქზე.

კომენტარები