სიახლეები

615 Views
ეკონომიკა

მიგრაცია და პოლიტიკა

ადამიანთა ნებისმიერი მნიშვნელოვანი ჯგუფთა გადინება ან შემოსვლა, გარდაუვალად გავლენას ახდენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, ამიტომ მიგრაცია ერთ-ერთი ის თემაა, რომელიც, ხშირად ხდება საზოგადოებრივი განხილვის საკითხად. საქართველოში კი ეს თემა 1990-იან წლების მასობრივი ემიგრაციის გამო, ამა თუ იმ ფორმით, სულ იყო ყურადღების ცენტრში, მითუმეტეს რომ მიგრაციის ტენდენციები ჩვენ ქვეყანაში არაერთხელ შეცვლილია.

ამ კუთხით სულ 4 განსხვავებული პერიოდი შეიძლება გამოვყოთ.

მიგრაციული სალდო, 1994-2021
 

წყარო: საქსტატი

1990-იან წლებში ასობით ათასი ადამიანი ტოვებდა საქართველოს. 2002-2012 წლებში გადინება გაგრძელდა, მაგრამ ნაკლები და შედარებით სტაბილური ტემპით. ამ თერთმეტი წლის მანძილზე ქვეყანას საშუალოდ წელში 24-25 ათასი ადამიანი ტოვებდა. 2013 წლიდან სიტუაცია კიდევ გაუმჯობესდა, თუმცა მიგრაციის სალდო მაინც უარყოფითი რჩებოდა და 2021 წლის ჩათვლით მიგრაციის შედეგად ქვეყანას წელიწადში საშუალოდ 5-6 ათასი ადამიანი აკლდებოდა (2021 წლის გადინების უჩვეულო ზრდა 2020 წელს, კორონავირუსის გამო დაბრუნებულების და ისევ საზღვარგარეთ გასული ადამიანების ხარჯზე მოხდა). მეოთხე ეტაპი კი 2022 წელს იწყება და ჯერ კიდევ მოგვიწევს იმის დანახვა, თუ რამდენს გასტანს ეს პერიოდი და როგორი იქნება მისი სპეციფიკა.

თუმცა უკვე შეიძლება ამ მეოთხე ეტაპის რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებელი გამოვყოთ. პირველ რიგში, ეს არის რუსეთიდან და ბელარუსიდან იმიგრაციის მნიშვნელოვანი ზრდა. შსს-ს 2022 წლის მიმდინარე მონაცემებით სულ წლის განმავლობაში (იანვარი-აგვისტო) საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა 40 ათასით, ხოლო ბელარუსის მოქალაქეთა რაოდენობა 11 ათასით გაიზარდა (იგულისხმება შემოსულთა და გასულთა ვიზიტორების რაოდენობის სხვაობა). ცნობისთვის, 2019 წელს იგივე მაჩვენებლები 2.9 ათასი და 2.7 ათასი იყო. ერთი მხრივ, მთელ მოსახლეობასთან შედარებით ეს არც ისე დიდი რაოდენობაა, თუმცა რუსეთის უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფონზე, რუსეთის მოქალაქეების შემოდინება, მიუხედავად იმისა რომ, მათ შორის დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია, მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემად იქცა. სიტუაციას დამატებით ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს მოქალაქეების გადინების ტემპი ასევე გაზრდილია. შეიძლება მან არ მიაღწიოს 2002-2012 წლის მაჩვენებელს და დანამდვილებით ის არ იქნება იმავენაირი, რაც 1990-იან წლებში გვქონდა, მაგრამ დინამიკის ასეთი ცვლილება ყურადსაღებია. მითუმეტეს, რომ იმიგრაციის შემთხვევაში ცალსახა პასუხი, კარგია ეს თუ არა, არ არსებობს. ერთი მხრივ, ჩვენ ვიცით მაგალითები, როცა თავისუფალმა იმიგრაციამ ღარიბი ქვეყნები უზარმაზარ იმპერიებად აქცია - ნიდერლანდები თუ ინგლისი. კიდევ უფრო ნიშანდობლივია აშშ-ის მაგალითი, რომელიც პირდაპირი გაგებით ემიგრანტების აშენებული ქვეყანაა. მეორე მხრივ, ცნობილია საფრანგეთის და ევროპის მთელი რიგი ქვეყნების მაგალითიც, სადაც მიგრანტების ზრდამ ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა გააჩინა და პოლიტიკურ გარემოზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. თვითონ აშშ-იც კი იმიგრაციის შეზღუდვის აუცილებლობაზე გაცხარებული დისკუსიები მიმდინარეობს, ამიტომ არაფერია მოულოდნელი იმაში, რომ საქართველოში მიგრაციული ტენდენციების მკვეთრმა ცვლილებამ საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო.

ამასთან ერთად, ჩვენ უკიდურესად პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში, ეს თემა პოლიტიკური მნიშვნელობისაც გახდა და როგორც პოლიტიკაში ხშირად ხდება ხოლმე, ლოგიკური არგუმენტების ნაცვლად ემოციური არგუმენტები გამოიყენება, რადგან ასე ადამიანის ყურადღების მიქცევა ბევრად უფრო მარტივია. თუმცა თუ გვსურს საბოლოო შედეგით კმაყოფილი ვიყოთ, არც ლოგიკური არგუმენტები უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომ მე ვეცდები იმიგრაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ჭრილში გავამახვილო თქვენი ყურადღება, და იმედია, აქ მოყვანილი არგუმენტები დაგვეხმარება, რომ მიმდინარე მოვლენებზე უფრო დასაბუთებული პოზიცია ჩამოვაყალიბოთ (მე არ შევეხები ემიგრაციის საკითხებს, რადგან ეს თემა ისედაც ხშირად იყო განხილვის საკითხი და ზოგადად არაფერია კარგი, როცა ადამიანები ქვეყნიდან მიდიან).

 

1. იმიგრაცია და ეკონომიკური განვითარება

თეორიული გადმოსახედიდან იმიგრაცია ეკონომიკურად მომგებიანია. ადამიანთა შემოდინებასთან ერთად ქვეყანაში იზრდება შრომის ძალა, შემოდის ახალი ცოდნა და გამოცდილება, ხორციელდება დამატებითი ინვესტიციები.

მიგრანტები თავდაპირველად, სანამ სამსახურს არ იპოვიან, დანაზოგს ხარჯავენ. დანაზოგის გამოყენება კი შინაარსობრივად უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოდინების ტოლფასია, ეს დოლარის და სხვა ვალუტების ფასს ამცირებს, რის გამოც უცხოური პროდუქტები საქართველოს მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი ხდება. ამის ნათელი მაგალითია, დოლარის მკვეთრი გაიაფება, რომელიც რუსეთიდან ფულადი გზავნილების რეკორდულ ზრდას მოყვა (2022 წლის პირველ 8 თვეში გზავნილების სახით თითქმის ერთი მილიარდი დოლარით მეტი შემოვიდა, ვიდრე 2021 წლის იგივე პერიოდში). შედეგად, საქართველოს მოსახლეობისთვის ყველ იმპორტირებული საქონელი, იქნება ეს მობილური ტელეფონი თუ მანქანა, გაიაფდა და მეტად ხელმისაწვდომი გახდა.

გარკვეული დროს შემდეგ, როცა დანაზოგი ამოიწურება, მიგრანტი მუშაობას დაიწყებს, ეს კი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ მათ იმგვარი ცოდნა და უნარები გააჩნიათ, რომელიც მოთხოვნადია ჩვენ ქვეყანაში. ანუ ისინი ან რაიმე ჩვენთვის ახალ უნარებს ფლობენ, ან შეიძლება უნიკალურობით არ გამოირჩევიან, მაგრამ მზად არიან ადგილობრივებზე შედარებით დაბალი ანაზღაურების ნაცვლად იმუშაონ. პირველ შემთხვევაში, ჩვენ სუფთა სარგებელი გვიჩნდება ახალი პროდუქტებისა და სერვისების სახით. ამის მაგალითი, როცა პროგრამისტების და მსგავსი პროფესიების მქონე ადამიანების შემოდინება ხდება. მეორე შემთხვევა უფრო მდიდარი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, სადაც ღარიბი ქვეყნის მოქალაქეები შედიან, და ადგილობრივი დასაქმებულის სამუშაო ადგილს იკავებენ. ასეთ პირობებში სარგებელი ორმაგია: მომხმარებელი ერთი მხრივ, იმიგრანტისგან უფრო იაფ პროდუქტს ან სერვის იღებს, და ერთდროულად ახალ პროდუქტს ან მომსახურებას იმ ადგილობრივისგან, ვინც ჯერ იმიგრაციის გამო სამსახური დაკარგა და შემდგომ ახალ სამსახურში დასაქმდა (ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია, ხოლო ადამიანთა ნაწილი 200-300 ლარზე მუშაობს, რთულად წარმოსადგენია, რომ უფრო მდიდარი ქვეყნიდან იმიგრანტებმა ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილები შეიძლება დაიკავოს).

გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ მიგრანტებმა საკუთარი ბიზნესი გახსნან, რაც კიდევ უფრო მომგებიანია, რადგან ახალ პროდუქტსა და სერვისთან ერთად ახალი სამუშაო ადგილებიც იქმნება.

თუკი იმიგრანტი ვერ იპოვის სამსახურს ან ახალ ბიზნესს არ დაიწყებს, ადრე თუ გვიან მას ქვეყნის დატოვება მოუწევს. მაშინ მისი ქვეყანაში ყოფნა, ფაქტობრივად, ტურისტის მსგავსი იქნება და ცხადია, ამას ვერ ექნება რაიმე ნეგატიური ეფექტი.

ამრიგად, იმიგრანტები, ყველაზე ცოტა უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროს წარმოადგენენ, თუმცა შესაძლებელია, რომ ისინი ეკონომიკური ზრდის დაჩქარებასაც შეუწყონ ხელი.

 

2. იმიგრაციის ნეგატიური ეკონომიკური გავლენა

მიუხედავად ზემოთ თქმულისა, არსებობს გარემოება, როცა იმიგრაციას მნიშვნელოვანი ნეგატიური ეფექტი გააჩნია. ეს მაშინ ხდება, როცა ქვეყანაში შრომის ბაზრის რეგულაციები და ე.წ. სოციალური სახელმწიფოს ელემენტებია შემოღებული.

როცა ადამიანის სამსახურიდან გაშვება გართულებულია, ერთი მხრივ, შეუძლებელი ხდება მისი უფრო ეფექტიანი თანამშრომლით ჩანაცვლება. მეორე მხრივ კი დამსაქმებელი ცდილობს რაც შეიძლება უფრო ნაკლები ადამიანი აიყვანოს სამსახურში (დაქირავებისას შეცდომის დაშვების შემთხვევაში, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემები ჰქონდეს თანამშრომლების გათავისუფლებისას). ასეთ პირობებში, იმიგრანტს, რომც ის ადგილობრივებზე უფრო კვალიფიციური და მოტივირებული იყოს, მნიშვნელოვნად ურთულდება სამსახურის პოვნა. მას რჩება ორი ვარიანტი - არალეგალური დასაქმება, რაც გაზრდილ კრიმინალურ რისკებს მოიცავს, ან სოციალურ დახმარებაზე მიბმა, რაც შესაძლებელია, თუ მთავრობა იმიგრანტებზეც ავრცელებს სოციალურ პროგრამებს. ასეთ პირობებში, ცხადია, იმიგრაცია ნეგატიურ ეკონომიკურ შედეგებს იწვევს კრიმინალისა და ბიუჯეტის ხარჯების ზრდის სახით.

ამგვარი გზით მარგინალიზებული იმიგრანტები სოციალურ პრობლემასაც იწვევენ და ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტების საფრთხეს ქმნიან. ჩნდება ნაციზმის, რასიზმის და სხვა, განსხვავებული ადამიანის მოძულე იდეოლოგიების გავრცელებისთვის ნოყიერი ნიადაგი. იცვლება პოლიტიკური ლანდშაფტიც, რადგან ასეთი პრობლემა ბუნებრივად ხელს უწყობს ფაშისტური იდეების მატარებელ პოლიტიკოსებს, რომლებიც არა „სოციალური სახელმწიფოს“ გაუქმებას ითხოვენ, არამედ „მიგრანტების ქვეყნიდან გაყრას“.

ზუსტად ამგვარი პირობებია საფრანგეთში და ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში, რის გამოც ჩვენ იქ სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს ვხედავთ, ფაშისტური იდეების მაღალ პოპულარობას და საზღვრების კვეთაზე სერიოზულ შეზღუდვებს.

საბედნიეროდ, ჩვენ ქვეყანაში თითქმის არ გვაქვს კანონები, რომლებიც ასეთ ეფექტს გამოიწვევდა. ერთ-ერთი გამონაკლისია, ბინიდან გამოსახლების წესი, რომელიც თავის დროზე მიღებული იყო, რითაც მევახშეს ადამიანის თავისი ყოფილი ბინიდან გამოსახლების შესაძლებლობა შეეზღუდათ. არ მგონია, რომ მევახშეები ამის გამო დიდად დაზარალდნენ, მაგრამ უამრავმა ადამიანმა ეს კანონი სულ სხვა სფეროში ბოროტად გამოიყენა და ნაქირავებ ბინაში თვეები აგრძელებდნენ და აგრძელებენ ცხოვრებას ისე, რომ მფლობელს მისი ბინიდან გამოსახლება არ შეუძლია (ასეთი უფლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩნდება, რასაც ყველაზე კარგ შემთხვევაში რამდენიმე თვე დაჭირდება). მოულოდნელი არ იყო, რომ კანონის ამ გაუმართაობას იმავენაირად ბოროტად იმიგრანტებიც გამოიყენებდნენ, რის არაერთი მაგალითი დაფიქსირდა თბილისში და ბევრი ადამიანის სრულიად სამართლიანი აღშფოთებაც გამოიწვია.

თუმცა ის, რომ იმიგრანტებზე არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ვრცელდება, არც სხვა სოციალური პროგრამები, ხოლო შრომის ბაზარი საბედნიეროდ ევროპულ ქვეყნებზე ბევრად უფრო ნაკლებად გვაქვს დარეგულირებული, საფრანგეთის ნაირი პრობლემები საქართველოში ვერ განმეორდება.

 

3. იმიგრაცია როგორც სოციალური პრობლემა

ერთ-ერთი სოციალური პრობლემა, რომელიც რეალურად ეკონომიკურ მოვლენას წარმოადგენს, - უძრავი ქონების გაძვირებაა, რომელიც მასშტაბურ იმიგრაციას მოჰყვება. თუ წინაზე აღწერილი ეკონომიკური პრობლემა იმ ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, სადაც იმიგრაცია უფრო ღარიბი ქვეყნიდან მიმდინარეობს, ჩვენთან, საქართველოს საშუალო მოქალაქეზე უფრო მდიდარი ადამიანები ჩამოდიან, რაც ბუნებრივად აძვირებს უძრავ ქონებს იმ რეგიონებში, სადაც იმიგრაცია აქტიურია, პირველ რიგში, თბილისში და ნაკლებად, მაგრამ ბათუმსა და სხვა დიდ ქალაქში. მაგალითად, თბილისში 2022 წლის აგვისტოს მონაცემებით ბინის გაქირავების ფასი 2021 წელთან შედარებით 79%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა დაახლოებით 30% შეადგინა; ნაკლებად, მაგრამ გაიზარდა ბინების ფასებიც (დაახლოებით 25%-ით). მიუხედავად იმისა, რომ ფასების ზრდა ინფლაციის და დოლარის გაიაფების გათვალისწინებით, არ არის ძალიან დიდი, ბევრმა ადამიანმა ამის გამო ვერ შეძლო სასურველი ბინა იყიდოს ან იქირაოს, მოუწია რა უფრო იაფ რაიონზე გააკეთოს არჩევანი. ამან მოსალოდნელად მათი უკმაყოფილება გამოიწვია, ხოლო ვინაიდან ამის მიზეზი დიდწილად რუსეთის მოქალაქეების იმიგრაცია იყო, უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციები დამატებითი სოციალური დაძაბულობის მიზეზად იქცა.

ამასთან ერთად, ბინების ფასების ზრდა არაფერია იმ შესაძლო კულტურულ და ადამიანურ კონფლიქტებთან, რომლებიც იმიგრაციამ შეიძლება წარმოშვას. როგორც კი იმიგრაცია რელიგიურ, ეთნიკურ ან კულტურულ ბალანს ცვლის, ეს გარდაუვალად ზრდის კონფლიქტების ალბათობას. თეორიულად, თუ სასამართლო და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემა ეფექტიანად მუშაობს, ამ პროცესმა შეიძლება უმტკივნეულოდ ჩაიაროს, ისევ აშშ-ის შემთხვევა სამაგალითოა. თუმცა ჩვენთან, როცა მართლმსაჯულების სისტემა უნდობლობით სარგებლობს, მაღალია რისკი რომ ის ვერ გაუმკლავდება იმიგრაციით გაჩენილ გამოწვევებს.

ერთადერთი, რაც ჩვენ შემთხვევაში სიტუაციას შეიძლება დაეხმაროს, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოდინება ბევრად ნაკლებია, ვიდრე საჯარო სივრცეში საუბრებში ჟღერდება, ხოლო იმიგრანტებს შორის საკმაოდ ბევრი ქართველია. ისიც აღსანიშნავია, რომ რუსების მიმართ უკმაყოფილება დიდწილად პოლიტიკური ხასიათის და არა ნაციონალისტური თუ რასისტულია. პოლიტიკური დაძაბულობა კი იხსნება, თუ რწმუნდები იმიგრანტის შენთვის მისაღებ პოლიტიკურ პოზიციაში. მარტივად რომ ვთქვათ, იმიგრანტი, რომელიც, აღიარებს, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ ის აგრესორია უკრაინის ომში და ა.შ., საზოგადოებაში ბევრად მარტივად ადაპტირდება, ვიდრე გაქანებული პუტინისტი. ამრიგად, პოლიტიკურ ნიადაგზე გაჩენილი კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად (ვინაიდან სასამართლო რეფორმის იმედი ახლო მომავალში არ მაქვს), ის სიმბოლური ჟესტები შეიძლება იყოს საკმარისი, რომლებიც გარკვეულ იდეოლოგიურ ფილტრს შექმნის: მარტივი გამოკითხვა საზღვარზე, ზრდილობიანი უარი იმ ადამიანებს, ვისაც რუსული ფაშიზმის ნიშნებს ვერ სცილდება და ა.შ. თუ ამგვარ ნაბიჯებს მთავრობა ღიად დგამს, საქართველოს რიგითი მოქალაქე საშუალო სტატისტიკურ რუსეთის მოქალაქეში არა პოტენციურ პუტინისტს, არამედ პუტინიზმისგან გაქცეულ ადამიანს დაინახავს და დაძაბულობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება.

4. იმიგრაცია და პოლიტიკა

იმიგრაცია ორი განსხვავებული გზით ახდენს პოლიტიკაზე გავლენას. პირველი, და ჩვენთანაც ყველაზე გავრცელებული, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. მაგალითად, უკვე ნახსენები ბინის ქირის ზრდის ტემპის, ან იმიგრანტების და ემიგრანტების რაოდენობის გაზვიადება, ადამიანებში მეტი ნეგატიური ემოციების გაღვივებას უწყობს ხელს. სიძულვილი და ზიზღი კი ჩვენი პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია, ხოლო რუსეთის მიმართ სიძულვილი ჩვენ რეალობაში ყველაზე ლეგიტიმური შეიძლება იყოს, ამიტომ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის თემა სიძულვილის გაღვივების კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს აჩენს. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკურად მოტივირებული ჟურნალისტების ასეთ არაეთიკურ ქცევას კი ვერ გამორიცხავ და ასეთი პრობლემა სულ იარსებებს.

თუმცა სხვა საზოგადოებიდან მიგრირებულ ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება ჰქონდეთ როგორც ეკონომიკურ, ასევე ნებისმიერ სხვა პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ირიბად მიგრაციის დიდი მასშტაბების პირობებში პოლიტიკაზეც იქონიებს გავლენას. დიდწილად, ეს რისკი მოქალაქეობის მინიჭების პოლიტიკით შეიძლება იყოს დაზღვეული და მოკლე თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენთვის უმნიშვნელოა.

ამასთან ერთად, ის ადამიანებიც კი, ვინც მოქალაქეობის გარეშე ცხოვრობენ, ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკურ პროცესებზე ირიბ გავლენას ახდენენ. ზოგ შემთხვევაში, ეს შეიძლება კარგიც იყოს, თუ საქმე გვაქვს კონკურენტულ პოლიტიკურ სისტემასთან, სადაც ახალი იდეები თავს იმით იმკვიდრებენ, რომ სხვა იდეებს სჯობნიან. ზოგადად, ღია და კონკურენტული პოლიტიკური სისტემა ყველა ამგვარ რისკებს აზღვევს, მაგრამ ჩვენ ხომ ასეთი სისტემა არ გვაქვს. მაგალითად, კონფუცის ინსტიტუტი - ჩინეთის მთავრობის ინტერესების გამტარი ერთ-ერთი და ალბათ ყველაზე ცნობილი ინსტრუმენტია. მისი მეშვეობით ის პოლიტიკური პოზიციები მყარდება, რომელიც ჩინეთის მთავრობას აწყობს. ამერიკაში ეს პრობლემა დიდი ხანია, რაც ცნობილია და ბევრმა უნივერსიტეტმა დახურა კონფუცის ინსტიტუტი, თუმცა საქართველოში ამ თემაზე დისკუსია საერთოდ არ მიმდინარეობს (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ორი ასეთი ინსტიტუტი ფუნქციონირებს). მითუმეტეს, როცა საუბარი არა ჩვენთვის მიუხედავად ყველაფრისა შორეული უიგურების გენოციდის პრობლემაზე, არამდე რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზეა, ე.წ. რბილი ძალის გავლენის სრული იგნორირება არ იქნებოდა მართებული. ამ ნაწილში კი ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, ვინაიდან პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ის, ვინც თავს პროდასავლურობას აბრალებს, პრორუსული პოლიტიკური ძალების და მათი მედია საშუალებების აკრძალვას ითხოვენ. ანუ იმის ნაცვლად, რომ მტრული მთავრობის პროპაგანდა ღია დისკუსიის საკითხი გახდეს და დებატებში საჯაროდ დამარცხდეს, პოლიტიკოსთა ნაწილი საუბარს გაურბის და ამ საუბრის აკრძალვასაც კი ითხოვს. ეს კი ჩვენი პოლიტიკური სპექტრის დეგრადირების მანიშნებელია. ბევრ პოლიტიკოსს ელემენტარული დებატების უნარები არ გააჩნია და ისინი დებატებს ან გაურბიან, ან მხოლოდ მათთან და იმ თემაზე დებატობენ, სადაც მარცხის არ ეშინიათ. ამ ნაწილში ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება მკვდარია, ამიტომ იმიგრაციის პოლიტიკური რისკებიც სერიოზული შეიძლება გახდეს.

***

ამრიგად, მიგრაციის საკითხი არ არის მარტივი თემა და კონკრეტულ კითხვებზე პასუხი გარემოებების მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს. ეკონომიკურად მიგრაცია ცალსახად სასარგებლოა, თუ ეკონომიკური რეგულაციებით ადამიანებს ადაპტაციის მექანიზმები ხელოვნურად არ აქვთ შეზღუდული. მიგრაცია არც სოციალურ პრობლემას წარმოადგენს, თუ საზოგადოებაში არსებობს კონფლიქტების გადაჭრის ეფექტიანი მექანიზმები. პოლიტიკური რისკების დაზღვევაც შესაძლებელია, თუ კონკურენტული პოლიტიკური სისტემა გვაქვს, სადაც პოლიტიკოსები დებატების მეშვეობით იდეების კონკურენციით არიან დაკავებული, თუმცა თუ პოლიტიკა კულუარულია, ხოლო საჯაროდ მხოლოდ ურთიერთ ლანძღვა ჩანს, მაშინ მტერს ბევრად მეტი რესურსი უჩნდება გავლენა მოახდინოს შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.

სხვა სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ მიგრაცია კომპლექსური საკითხია, უშუალოდ მასში პრობლემა არ არის. პრობლემად შეიძლება გახდეს მხოლოდ ჩვენი შიდა მოწყობა, რომელიც ან გვაძლევს მიგრაციისგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, ან მიგრაციას დადებითი მოვლენიდან რისკების ზრდის წყაროდ აქცევს. ხოლო თუ რომელ გზას ავირჩევთ და როგორ მოვიქცევით, ეს უკვე ადამიანებზეა დამოკიდებული და იმ მიდგომებზე, რომელსაც ისინი დაუჭერენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მხარს.

კომენტარები