სიახლეები

ქურდულ სამყაროზე

ჯორჯ ორუელის ანტიუტოპიურ სამყაროში განსხვავებული აზროვნება - ერთ-ერთი მთავარი დანაშაული იყო (Though crime). ადამიანები ისჯებოდნენ, რადგან სხვანაირად ფიქრობდნენ, სხვანაირ ღირებულებებს ატარებდნენ და არა იმიტომ, რომ რაღაც კონკრეტული ჩაიდინეს.

ორუელი თავის ნაწარმოებში ამით ყველაზე არაადამიანური რეჟიმის აღწერას ცდილობდა, მითუმეტეს რომ ამგვარი რეჟიმების მაგალითებს თვითონაც ხედავდა - განსხვავებული ღირებულებების მქონე ადამიანებს კლავდნენ ნაცისტურ გერმანიაში, ფაშისტურ იტალიაში თუ კომუნისტურ საბჭოთა კავშირში.

ამ არაადამიანურ რეჟიმებს შორის, ყველაზე დიდ ხანს, საბჭოთა კავშირმა გასტანა და ადამიანური ღირებულებების ეროზია ზუსტად რომ ამ საზოგადოებაში მოხდა ყველაზე მეტად. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რაღაც ეტაპზე ქურდული სამყაროს წესრიგი ადამიანებისთვის უფრო მისაღები გახდა, ვიდრე კომუნისტური იდეოლოგია, ხოლო ქურდულმა გარჩევამ მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწია კომუნისტურ მართლმსაჯულებას.

საბჭოთა კავშირის გავლენა ჩვენ მორალზე იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ ძირითადი ინსტიტუციები არ შეგვიცვლია. შეიძლება სახელი სხვანაირი დავარქვით, მაგრამ მოსამართლე თავისი ბუნებით ისევ საბჭოთა მოსამართლე დარჩა და კანონი ისევ საბჭოთა კანონმდებლობის სულისკვეთებით არის გაჟღენთილი. ამიტომაც დღემდე ქურდულ სამყაროს უნარი გააჩნია ადამიანებში ნდობა მოიპოვოს და კონფლიქტების გადაჭრაში სახელმწიფო ინსტიტუციებს კონკურენცია გაუწიოს. სხვა სიტყვებით, ქურდული სამყაროს გაძლიერება არაადამიანური წესრიგის სიმპტომია და არა დამოუკიდებლად არსებული პრობლემა.

თუმცა, რადგან ჩვენი მოსახლეობა დემოკრატიის პირობებშიც მაინც ბუნებით კომუნისტურ ლიდერებს ირჩევდა, არცერთ მმართველ გუნდს გაუჩნდა სურვილი ნამდვილი სასამართლო რეფორმა ჩაეტარებინა. ამის ნაცვლად, როცა „სახელმწიფო“ სუსტი იყო, მაშინ პოლიტიკური ლიდერები თავის კონკურენტებთან ანუ ქურდებთან „ლაგდებოდნენ“, ხოლო როცა „სახელმწიფო“ გაძლიერდა, მან „კონკურენტები“ მოიშორა, თან ეს ზუსტად იმ ანტიადამიანურ ტრადიციაში გააკეთა, რომელიც კომუნისტებმა დაგვიტოვა, ანუ ადამიანების დასჯა დაიწყო მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქურდულ სამყაროს უფრო მეტ პატივს სცემდნენ, ვიდრე „სისტემას“. განსხვავებული აზრი, რწმენა თუ ღირებულებები გახდა დანაშაული.

2005 წლიდან ჩვენთან „ქურდული სამყაროს“ წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრი კანონში განმარტებულია როგორც პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“, კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის.

სხვა სიტყვებით, ადამიანი მხოლოდ იმიტომ შეიძლება 10 (ათი!) წლით ჩავსვათ ციხეში, რომ ის ქურდს უფრო მეტ პატივს სცემს ვიდრე მოსამართლეს, რომ ის და მისი მეზობელი ქურდთან მივლენ კონფლიქტის გადასაჭრელად და არა პროკურორთან, რადგან მათ თვალში ქურდს პროკურორზე უკეთესი რეპუტაცია აქვს, ან უბრალოდ „იგივე ხალხია“, მაგრამ საქმის გადასაჭრელად არ მოუწევთ წლები ელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ადამიანს შეხედულებების გამო ვსჯით და ვსჯით უფრო მკაცრად, ვიდრე ქურდს, თაღლითს, მკვლელს ან თუნდაც კორუმპირებულ მოსამართლეს. ეს ვერ იქნება ნორმალური და ვერ იქნება სწორი.

ამიტომ, ქურდული სამყარო არ არის მთავარი პრობლემა. პრობლემაა სამართლიანი სასამართლოს არარსებობა, ანუ ისეთი სასამართლოსი, რომელიც ადამიანების კონფლიქტების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული, იმის ნაცვლად რომ ამ ადამიანებისგან მთავრობას იცავდეს. პრობლემაა - პროკურორი, რომელიც არა მსხვერპლის ინტერესთა დამცველია, არამედ „სახელმწიფო“, ანუ მმართველი ჯგუფის ინტერესების (მაშინაც კი, როცა ეს მსხვერპლის ინტერესებს ეწინააღმდეგება). პრობლემაა კანონმდებლობა, რომელიც ბევრ შემთხვევაში საბჭოთა კანონმდებლობაზე მეტად არაადამიანურია და ხშირად ქურდული სამყაროს წესრიგზე ამორალური. ასე რომ, თუ ქურდული სამყარო არ მოგვწონს, მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმა გვაქვს ჩასატარებელი იმის ნაცვლად რომ პრობლემა ასეთი ამორალური გზით მივჩქმალოთ და იმ ილუზიაში გავაგრძელოთ ცხოვრება, რომ თუ არავინ ამბობს „ქურდი ვარ“, ესე იგი არც ქურდები გვყოლია.

ავტორი: ალექსანდრე რაქვიაშვილი 

კომენტარები