კოტე ყუბანეიშვილის ისტორია

ქვეყნის ისტორია, მხოლოდ პოლიტიკოსთა ისტორია არ არის. ის სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის ადამიანთა ისტორიების ერთობლიობაა, ამიტომ "პროცესის" სტუმრები სხვადასხვა სფეროდანაც იქნებიან, რათა საკუთარი ისტორია მოყვნენ.

მინდოდა პირველ ათეულში ერთი გადაცემა კულტურის ისტორიას დათმობოდა.

გადავწყვიტე სტუმარი კოტე ყუბანეიშვილი ყოფილიყო.

კოტე ყუბანეიშვილი პოეტია, რამდენიმე კარგი ლექსის ავტორი, საბჭოთა დროს პატიმარი იყო, შემდგომ ირაკლი ჩარკვიანთან ერთად რეაქტიული კლუბის დამფუძნებელი, ერთი შეხედვით მუდმივი მეამბოხე და ძალიან არასისტემური ადამიანი, ვფიქრობდი, რომ საინტერესო იქნებოდა მისი თვალით ნანახი ჯერ საბჭოთა და მერე პოსტსაბჭოთა ისტორიის მოსმენა.

თუმცა იმედი გამიცრუვდა, სამწუხაროდ გადაცემის ჩაწერა ისე მორჩა, რომ რესპონდენტმა ვერც გაიგო რაში მონაწილეობდა.

ეთერში გასვლამდე გადაცემა რამდენჯერმე ვნახე, გადაცემის დიდი ნაწილი ამოსაღები გახდა, რადგან გასაგები იყო, რომ რესპონდენტს, არც იმ პერიოდის კონტექსტი ესმოდა, რაზეც საუბრობდა და ეპატაჟურობის მისაღწევად, ადამიანებს დაუსაბუთებლად აყენებდა შეურაცხყოფას.

მას შემდეგ, რაც გადაცემამ საბოლოო სახე მიიღო, ასეთი არჩევანის წინაშე დავდექი, საერთოდ არ დამედო, როგორც ფორმატისთვის შეუსაბამო, რადგან ფუნდამენტურად სხვა პროდუქტთან მქონდა საქმე, ვიდრე ველოდი.

საბოლოოდ სკაბრეზული ნაწილი ამოვჭერი (სხვათაშორის, ჩაწერის მერე კოტემ თვითონაც გვითხრა, რომ ზედმეტი მოუვიდა) და დადება გადავწყვიტე, რადგან ჩავთვალე, რომ ესეც საქართველოს ისტორიის ნაწილია და გარკვეული დასკვნების გაკეთება, მაყურებელს აქედანაც შეუძლია.



კომენტარები