სიახლეები

160 Views
ეკონომიკა

ეროვნული ბანკი: ლამაზად და ჭკვიანურად მოლაპარაკე ყველაზე საშიში მტერი

საქართველოს ეროვნული ბანკი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე და ამავდროულად მავნე ინსტიტუტია, რომლის აქტივობა - ჩვენი ქვეყნის სიღარიბის უმნიშვნელოვანესი წყაროა. მოსახლეობის უმრავლესობა ამის თაობაზე არც კი დაფიქრებულა, და ამის დამტკიცება, ერთი სტატიით ვერ მოხდება, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის კომენტარი მულტისავალუტო სისტემაზე - კარგი საბაბია, რომ საზოგადოებაში ეროვნული ბანკის დესტრუქციულ როლზე დავიწყოთ ფართო დისკუსია. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის მმართველების სრული უკონტროლობის გათვალისწინებით და მათი რწმენით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების თუ იდეის გამართლება შეუძლიათ, თუ რამდენიმე ჭკვიანური ტერმინით თუ უცხო სიტყვით გაამდიდრებენ არგუმენტაციას.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ მულტისავალუტო სისტემა ისეთი სისტემაა, როცა ქვეყანაში ნებადართულია ორი ან მეტი განსხვავებული ვალუტის გამოყენება და მოქალაქეებს თავისუფლება აქვთ არჩევანი გააკეთონ, თუ რომელი ვალუტა გამოიყენონ ამა თუ იმ ტრანზაქციის დროს. თავისი არსით, ეს ადამიანების კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული სისტემაა. მაგალითად, თუ სესხი გაქვთ დოლარში, მულტისავალუტო სისტემის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეუთანხმდეთ დამსაქმებელს და ხელფასიც დოლარში მიიღოთ, ხოლო დამსაქმებელი კი თავის მხრივ პროდუქციას დოლარში გაყიდის.

ამ სისტემის მეორე მნიშვნელოვანი დადებითი მხარე - ვალუტებს შორის კონკურენციაა. თუ მულტისავალუტო სისტემის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ბევრი ლარი დაბეჭდა და ლარი გააუფასურა(რაც ფასების, მათ შორის დოლარის ფასის, ზრდაში გამოვლინდება), მოქალაქეები თავისთვის დოლარს ანევროს აირჩევენ, ხოლო ლარებს მთავრობას დაუბრუნებენ (გადასახადების სახით), რით აიძულებენ ეროვნულ ბანკს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეს ლარის ემისიის საკითხს, ან, თუ ეს არ მოხდება, ლარიდა მის შემდეგ ეროვნული ბანკიც, აღარ იარსებებენ, და ჩვენ უკეთეს ვალუტით გავაგრძელებთ ცხოვრებას.

გარდა ამისა, მულტისავალუტო სისტემას უამრავი სხვა დადებითი მხარეც აქვს, მათ შორის უფრო პროგნოზირებადი გარემო, სადაც არავინ ღელავს, თუ როგორ იცვლება დოლარის კურსი; მეტად დისციპლინური მთავრობა, რომელსაც არ აქვს საშუალება, ირიბად, ემისიის მეშვეობით ბიუჯეტის დეფიციტი დააფინანსოს. მეტიც, რთულად წარმოსადგენია, თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ადამიანებისთვის ვაჭრობაში მეტი თავისუფლების მიცემას. მაგრამ მაშინ, რა საფრთხეებზე საუბრობს ეროვნული ბანკის მმართველი? გავარჩიოთ მისი არგუმენტაცია დეტალურად.

ციტატა 1: “მულტისავალუტო რეჟიმი, მისი ზედაპირული მიმზიდველობის მიღმა, არაერთ პრობლემასთანაა დაკავშირებული. მულტისავალუტო რეჟიმის შემოღება მნიშვნელოვნად გაზრდის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებულებას, რაც, ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის მუდმივი დეფიციტით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.“

სამწუხაროდ, აქ არ არის აღწერილი, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობს რისკი, ანუ, მაგალითად, ვისი დამოკიდებულება გაიზრდება და რა დამოკიდებულებაზეა საერთოდ საუბარი? მაგალითად, დავუშვათ, მე ბიზნესი მაქვს და იძულებული ვარ ლარში გავყიდო პროდუქცია, რომელსაც საზღვარგარეთ დოლარში ვყიდულობ. დავზარალდები თუ არა დოლარში გაყიდვის უფლება რომ მივიღო? რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება გამიჩნდება დოლარზე თუ პირიქით, აღარ მექნება დამოკიდებულება ლარზე და ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე? სავარაუდოდ, სიტყვა „დამოკიდებულება“ ასახავს ეროვნული ბანკის თანამშრომლების შიშს, რომ დაკარგონ ძალაუფლება, რადგან ვის რაში სჭირდება ლარი (და ამასთან ერთად ეროვნული ბანკი), თუ დოლარში ვაჭრობაც შესაძლებელია და ხელფასის თუ მოგებისმიღებაც.

აღსანიშნავია „მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის“ ხსენებაც. მართლაც, დეფიციტის ზრდით ხშირად გვაშინებენ და პირიქით ამაყობენ, როცა დეფიციტი მცირდება. თუმცა ამ შემთხვევაში „დეფიციტი“ არაფერს ცუდს არ ნიშნავს. ეს ტექნიკური ტერმინია, რომელიც მიუთითებს, რომ დოლარების წყაროს გარკვეულ ტიპებს შორის სხვაობა არსებობს. მარტივად რომ ვთქვათ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა კაპიტალისათვის მიმზიდველია და ის, კაპიტალი, ჩვენთან სხვადასხვა ფორმით შემოდის (პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სესხები და ა.შ.). ამიტომ რაც უფრო მიმზიდველი იქნება ჩვენი ეკონომიკა უცხოური ინვესტორებისთვის, მით უფრო მეტი გვექნება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.

გასათვალისწინებელია, რომ ეს დეფიციტი ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა არაა და უამრავ ქვეყანას ახასიათებს. არიან ქვეყნები, რომლებიდანაც კაპიტალის სუფთა გადინება ხდება, მაგალითად, ჩინეთი, რუსეთი, ნიგერია, გერმანია, იაპონია და ა.შ. და ქვეყნები, რომლებიც ამ კაპიტალს იზიდავენ - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ესპანეთი, ჩილე და ა.შ. პირველ ქვეყანათა ჯგუფში, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი ფიქსირდება, ხოლო მეორეში -დეფიციტი - და არც არაფერი ცუდი ამაში არა. პირიქით, ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კარგი და აუცილებელი დამახასიათებელია.

თუმცა მაშინ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ გვაშინებენ ამით „ექსპერტები“ და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები, მაგრამ ეს სულ სხვა და დიდი პრობლემის შედეგია, რომელზეც რომელიმე სხვას ტატიის ფარგლებში ვისაუბრებთ.

გავაგრძელოთ.

ციტატა 2: „...ასევე, მულტისავალუტო რეჟიმის პირობებში ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ვალუტების მერყეობა ერთმანეთის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკაში რისკებს, დასაქმებას და შემოსავლების ზრდას უფრო მერყევს გახდის, რითაც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს.“

საინტერესოა, რომ ეროვნული ბანკის მმართველი, ანუ ის ადამიანი, რომელიც პირადად პასუხისმგებელია ლარის ღირებულებაზე, „ვალუტების მერყეობაში“ რისკებს ხედავს ეკონომიკისთვის. აი, როცა ლარი ხან ზევით ავარდება, ხან დავარდება, მაშინ ეკონომიკაში რისკები არ იზრდება? უბრალოდ წარმოიდგინეთ, 12 ივნისს 1 ევრო 1.12845 დოლარი ღირდა, ხოლო ერთი წლის წინ, 2019 წლის 14 ივნისს, 1.12802. ანუ ერთი წლის მანძილზე ევრო დოლართან შედარებით 0.03%-ით გაძვირდა და თურმე ეს მერყეობა რისკებს აჩენს, ხოლო იგივე პერიოდში ლარის დოლარის მიმართ 11.2%-იანი, განსაკუთრებული პირუეტებით გალამაზებული, გაუფასურება პრობლემას არ წარმოადგენს?

ციტატა 3: „რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის გრძელვადიანობა. ხოლო, როდესაც ინვესტორი გრძელ ვადას უყურებს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური ზრდის რისკები, ვიდრე კურსის მოკლევადიანი რყევების რისკები. ამდენად, თუნდაც მხოლოდ უცხოელი ინვესტორის თვალთახედვითაც რომ შევხედოთ, ეკონომიკური მერყეობის რისკების ზრდა, ბუნებრივია, მიმზიდველი ვერ იქნება.“

კი, ინვესტორს სრულიად არ აღელვებს კურსის მოკლევადიანი მერყეობა. თუ ინვესტორს სასამართლო სისტემის არარსებობამ, კერძო საკუთრების დაუცველობამ და პოლიტიკურმა რისკებმა არ შეაშინა დაეკონომიკის ფაქტორებიღა დარჩა ინვესტიციური გადაწყვეტილების მისაღებად, მას რა თქმა უნდა, უფრო დააინტერესებს ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობა გრძელ და არა მოკლევადიან პერიოდში, ასევე ინფლაციის დაბალი ტემპები, რეგულაციებისადმი ეროვნული ბანკის გონივრული და პროგნოზირებადი დამოკიდებულება, ანუ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ეროვნული ბანკის მენეჯმენტის წყალობით არ გაგვაჩნია, არ გაგვაჩნდა არასდროს და როგორც ჩანს, არც უნდა გვქონდეს იმედი, რომ გვექნება.

ციტატა 4: „დამატებით, მულტისავალუტო რეჟიმის დროს, ასევე, იზრდება ტრანზაქციული ხარჯებიც(წარმოიდგინეთ, რამდენად ხშირი შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც მარტივი ტრანზაქცია დაკავშირებული იქნება ვალუტების გადაცვლასთან, რადგან ტრანზაქციის მონაწილეები სხვადასხვა ვალუტით ოპერირებენ).“

აქ ჩანს, თუ როგორ ზრუნავს ეროვნული ბანკი ჩვენზე. ანუ, ეს არგუმენტი ასე გამოიყურება: „არ მოგცემთ სხვა ვალუტების გამოყენების უფლებას, რადგან თქვენ ისე არაგონივრულად გამოიყენებთ, რომ ხარჯები გაგეზრდებათ. ამიტომ, გამოიყენეთ ლარი, ნამდვილი, ეროვნული, სტაბილური ვალუტა“.

ციტატა 5: „გარდა ამისა, ამ დროს ფული კარგავს მის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას - აღრიცხვის საშუალებას, ვინაიდან საჭირო გახდება ყველა ფასის ყველა ვალუტაში მითითება“.

შთაბეჭდილება მრჩება, რომ კობა გვენეტაძე საქართველოში არ ცხოვრობს, და არ იცის, რომ ყველა ოდნავ მაინც მნიშვნელოვან პროდუქტზე ფასები დოლარშია დაწესებული და რომ არა აზრსმოკლებული რეგულაციები, არავინ მიაწერდა გვერდზე ლარს. არავინ აღიქვამს ლარს, როგორც ფულს, არავინ ცემს მას პატივს. ხოლო ვიყენებთ ლარს იმიტომ, რომ 500 პარაზიტი ეროვნულ ბანკში და რამდენიმე ათასი მთავრობაში, გვაიძულებენ ჩვენ ეს არაფრის მომცემი ქაღალდი გამოვიყენოთ.

ეკონომიკაში არის ასეთი კანონი „გრეშემის კანონი“. მარტივად რომ ვთქვათ, ის ეყრდნობა ადამიანის ბუნებრივ ქცევას, თავისთვის მეტად ღირებული ნივთი დაიტოვოს, და ნაკლებად ღირებული გაცვალოს. იგივე შეიძლება ითქვას ფულზე. თუ ადამიანებს მივცემთ არჩევანს, „უკეთესს“ ფულს ისინი დაიტოვებენ, ხოლო „უარესს“ დახარჯავენ. ეს კანონი გვაძლევს მარტივ მექანიზმს, რომ შევადაროთ, თუ რომელი ფულია მართლა ფული, და რომელი უაზრო ქაღალდი. თქვენც შეგიძლიათ ეს ტესტი ჩაატაროთ. წარმოიდგინეთ, მიდიხართ პურის საყიდლად და უფლება გაქვთ, გამოიყენოთ როგორც ლარი, ისევე დოლარი. თუ პირველიც გაქვთ ჯიბეში, და მეორეც, რომელს გამოიყენებდით? ლარით იყიდდით პურს, თუ დოლარით? მე პირადად, არასდროს მინახავს ადამიანი, ვინც ამ სიტუაციაში ლარს დაიტოვებდა და დოლარს დახარჯავდა, რადგან არასდროს მინახავს ადამიანი, რომელიც ლარს უკეთეს ფულად მიიჩნევდა, ვიდრე დოლარს. ასე რომ, ეროვნული ბანკი თავის დაბალხარისხიან პროდუქტს გვტენის და გვარწმუნებს, რომ ეს ჩვენივე ინტერესებშია.

ციტატა 6: „და ბოლოს, ფულს აქვს ძალზედ ძლიერი ქსელური ეფექტები (network externalities): ეკონომიკური აგენტები იყენებენ იმ ვალუტას, რომელსაც სხვებიც იყენებენ - არცერთი რაციონალური ეკონომიკურ იაგენტი არ დაადგენს მისი პროდუქტის ფასს ან ხელფასს ისეთ ვალუტაში (თუნდაც უცხოურში), რომელსაც ყველა დანარჩენი არ იყენებს. შესაბამისად, თუკი ჩვენ მულტისავალუტო რეჟიმს დავუშვებთ, საბოლოო ჯამში (საკმაოდ მნიშვნელოვანი ტრანზაქციული დანახარჯების შემდეგ), ქვეყანაში ისევ ჩამოყალიბდება სიტუაცია, სადაც ერთი ვალუტა ძირითადია, ხოლო 2-3 - დამხმარე".

ორივე ხელით და ორივე ფეხით ვეთანხმები ეროვნული ბანკის მმართველს, რომ სრულიად არაადეკვატური უნდა იყოს ადამიანი, რომ გამოიყენოს ის ვალუტა, რომელს, მაგალითად, მხოლოდ რამდენიმე მილიონი იყენებს, და უარი თქვას იმ ვალუტაზე, რომელს იყენებს რამდენიმე მილიარდი. დიახ, ბატონო კობა, ჩვენ ყველას გვინდა დოლარის გამოყენება, და ევროს და შეიძლება იუანის, მაგრამ არ გვინდა ეს „ლარი“, გინდეროვნული დაარქვით მას, გინდ ნაციონალური. ამიტომ დაფიქრდით ამ თქვენ ქსელურ ეფექტებზე (network externalities) და მოგვეცით თავისუფლება გამოვიყენოთ ნამდვილი ფული, რომელსაც მთელი სამყარო იყენებს.

ციტატა 7: „ხოლო ძირითად ვალუტად, როგორც წესი, ქვეყანაში ყალიბდება ის, რომელშიც მთავრობა აგროვებს გადასახადებს - ანუ ლარი. ჩვენ, უბრალოდ, დავუბრუნდებით დღევანდელობას, ოღონდ ძვირი და არასაჭირო ექსპერიმენტის ხარჯზე.“

ვშიშობ, რომ თუ მთავრობა მართლა ლარში შეაგროვებს გადასახადებს, ის მალე გაკოტრდება, რადგან მესიამოვნებით დავუბრუნებ ამ ჩვენ ფერად ქაღალდებს მთავრობას და ჩემთვის დოლარებს გამოვიყენებ. მაგრამ თუ და როცა მულტისავალუტო რეჟიმზე გადავალთ, კომპანიები და არა მთავრობა მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რაში გადაიხადონ გადასახადები. თუმცა მთავრობაში თუ ადეკვატური ხალხი იქნება, ისინიც მალე უარს იტყვიან ლარზე და შეეცდებიან გადასახადები ნამდვილ ფულში შეაგროვონ.

ციტატა 8: „ზემოთჩამოთვლილი პრობლემების გამო, მულტისავალუტო რეჟიმები ძალიან იშვიათად გვხდება. იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, მაგალითად, ზიმბაბვე, სადაც ეს რეჟიმი შარშან ივნისში გაუქმებულა.”

ამ ფრაზამდე გონივრული დისკუსია ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, მაგრამ ნუთუ კარგ იდეას, მთავარ არგუმენტად ტყუილი დაჭირდა? ანუ, იმ ზიმბაბვით ხუმრობთ, ბატონო კობა, რომლის „დოლარზე“ ლეგენდები დადის? სადაც იქაური „ეროვნული ბანკის“ აქტიურობის შედეგად ინფლაცია მილიონ პროცენტს გადააჭარბა და სადაც ხალხი მეზობელი ქვეყნების ვალუტებზე გადავიდნენ, რომ ნორმალური ვალუტის არარსებობის შედეგად შიმშილამდე არ მისულიყვნენ? დიახ, ზიმბაბვე გვიჩვენებს მაგალითს, რომ მულტისავალუტო რეჟიმზე გადასვლა, უპასუხისმგებლო ცენტრალური ბანკის მმართველების განერთადერთი თავის დაღწევის გზაა. ხოლო ბევრ ქვეყანას არც სჭირდება მულტისავალუტო სისტემა, რადგან არც კი აქვთ ცენტრალური ბანკი და „ეროვნული ვალუტა“ და ბედნიერად ცხოვრობენ მათ გარეშე. ასე რომ, თუ სხვა ქვეყნების მაგალითის გარჩევაზე მივა საქმე, ესტონეთით დავიწყოთ, ხოლო ზიმბაბვეზე თუ სხვა, განსაკუთრებულად აქტიური ცენტრალური ბანკის მქონე ქვეყნებზე საუბარს, ყოველთვის მოვასწრებთ

კომენტარები