სიახლეები

აფხაზეთის დაბრუნება

1992-1993 წლის ომი - ჩვენი თანამედროვე ისტორიის, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული ნაწილია. თუმცა მიუხედავად უზარმაზარი გავლენისა, რომელიც მან ჩვენზე იქონია, საზოგადოებაში დღემდე ჩამოყალიბებული არ ვართ, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. არც ათასობით ლტოლვილის მდგოამრეობა არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში, არც ჩვენი თანამოქალაქეები გალში, რომლებიც ყოველდღიურად შეზღუდულნი არიან ადამიანის ბაზისურ უფლებებში.

ამავდროულად უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიამ ბევრი კითხვა გააჩინა, თუ როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა სიტუაციაში, როცა რუსეთი ამ ომში მარცხდება. მითუმეტეს რომ პოლიტიკოსთა ნაწილი, რომელსაც არა აფხაზეთი აღელვებს, არამედ მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებელი, ემოციებზე თამაშობს და პირდაპირ თუ ირიბად ტერიტორიების იარაღის გამოყენებით ან მისი მუქარით დაბრუნებას ითხოვს. თუმცა აფხაზეთი მხოლოდ მიწა არაა. ეს ასევე ადამიანები არიან, ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ოკუპაციის ქვეშ იმყოფებიან. ბევრი მათგანი ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა აფხაზეთის დაბრუნება მათ შორის ამ ხალხის დაბრუნებასაც ნიშნავს.

პრობლემის მშვიდობიანად მოსაგვარებლად კი სამი აუცილებელი ნაბიჯია გადასადგმელი.

1. ჩვენი შეცდომების აღიარება. 1990-იან წლებში არათუ აფხაზების, არამედ ერთმანეთის მიმართაც უამრავი დანაშაული ჩავიდინეთ, მაგრამ ბევრი მათგანი აღიარებული გვაქვს და ნაპატიები კიდეც. აფხაზეთშიც შეცდომები იყო. მაგალითად, ლათაში ჩვენი სამხედროების მიერ ჩამოგდებული შვეულმფრენი, როცა რამდენიმე ათეული აფხაზი ქალი და ბავშვი იყო მოკლული, აღიარებასაც ითხოვს და სათანადო გამოძიებას. შეიძლება დამნაშავეები არ არიან უკვე ცოცხალი, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო ვერ შევძლოთ სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ეს გამოძიება ჩასატარებელია, რომ ჩვენ სინდისის წინ მართლები ვიყოთ, მითუმეტეს, რომ აფხაზეთში ეს ტრაგედია კარგად ახსოვთ და ჩვენი ასეთი გადაწყვეტილება ურთიერთგაგებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

უდიდესი შეცდომა იყო ემბარგო, რომელიც აფხაზებს 1996 წელს გამოვუცხადეთ, სხვათა შორის, რუსებთან შეთანხმებით, რითაც ჩვენივე მოქალაქეები შიმშილისთვის გავწირეთ და ამით კიდევ უფრო დავშორდით ერთმანეთს.

შეცდომა იყო 1998 წლის გალზე იერიში, რომლის შედეგად იმ მომენტისთვის დე-ფაქტო ქართული გალი, რომელიც დანარჩენი აფხაზეთის რეინტეგრაციის მშვენიერ საშუალებას გვაძლევდა, საბოლოოდ დავკარგეთ.

ეს და სხვა ნაკლებად მსხვილი შეცდომები საჯარო დისკუსიის საკითხი უნდა გახდეს, რათა სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ და ახალი ურთიერთობა წარსული შეცდომების წნეხის გარეშე დავიწყოთ.

2. აფხაზეთის დაბრუნების მეორე ეტაპი - ლტოლვილის სტატუსის გაუქმებაა. თავდაპირველად ადამიანურად გასაგები, ახლა ეს სტატუსი პრობლემის მოგვარებას უშლის ხელს. ჩვენი მთავრობის მთავარი არგუმენტია, რომ ლტოლვილები - გარკვეული პოლიტიკური აქტივია, რომლითაც საერთაშორისო პოლიტიკაში შეიძლება ჩვენი დიპლომატიური პოზიცია გავამყაროთ. ამგვარი მიდგომა თავის თავში ამორალურია, რადგან ადამიანებს როგორც ინსტრუმენტს ის აღიქვამს. გარდა ამისა ის ახლანდელი ლტოლვილების სტიგმატიზაციას იწვევს და ნორმალური ცხოვრების გაგრძელებაში უშლის ხელს. ლტოლვილის სტატუსი, რადგან მას გარკვეული პრივილეგიები მოჰყვება, ასევე კორუფციის წყაროა. აქედან გამომდინარე, ადამიანური ტრაგედიების ეს სიმბოლო უნდა წარსულს ჩავაბაროთ. ამის ნაცვლად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ყველა ლტოლვის აფხაზეთში დაკარგული საკუთრება უნდა დავუკანონოთ, იქნება ეს სახლი, მიწა თუ ბინა. რანაირად დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ეს, მაგრამ დღეს ამ საკუთრების არათუ განკარგვა არ არის ნებადართული, ელემენტარულად სათანადო აღრიცხვაც კი არ გვაქვს ჯერ კიდევ გაკეთებული. ეს, ჩვენი თანამოქალაქეების საკუთრება კი არის ზუსტად ის, რაც ამ ადამიანებს აფხაზეთში დაბრუნების უფლებას აძლევს, რადგან თუ არაფერს ფლობ, სად და როგორ ბრუნდები? მეორე მხრივ, თუ ვინმე ამ საკუთრებას გაყიდის, უკვე ახალ მფლობელს ექნება დაბრუნების უფლება მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობდა ის და რამდენი წლის იყო 1993 წლის სექტემბერს. ამით, ერთი მხრივ, ლტოლვილობის ისტორიის დასრულება მოხდება, მეორე მხრივ ახლანდელი ლტოლვილები შესაძლებლობას მიიღებენ დაკარგული ქონება იურიდიულად მაინც დაიბრუნონ.

შეიძლება ვინმეს ეშინოდეს, რომ „აფხაზები ან რუსები ყველა ამ სახლს იყიდის“, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როცა ქართველი არ მოიძებნება, ვისაც აფხაზეთში დაბრუნება სურს. მე კი ამის არ მჯერა. მეტიც, როცა სოხუმში ბაბუაჩემის სახლზე საკუთრების უფლებას გავიფორმებ, მე მას არავის მივყიდი, რადგან სოხუმში მსურს სიბერე გავატარო, იმ სახლში, რომელთანაც ჩემი ბავშვობის ყველაზე ნათელი მომენტებია დაკავშირებული. დარწმუნებული ვარ აფხაზეთის მიმართ ჩემნაირი ემოციები ბევრ სხვა ადამიანსაც ექნება.

3. აფხაზეთის დაბრუნების მესამე ეტაპი კი იმის გულწრფელ აღიარებას გულისხმობს, რომ აფხაზები - ჩვენი თანამოქალაქეები არიან. შეიძლება მათთან ახლა გარკვეული უთანხმოება გვაქვს, შეიძლება წარსულში ერთმანეთს ვკლავდით, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ მართლა გვსურს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, პირველ რიგში იმ ადამიანების დაბრუნებაა საჭირო, ვინც იქ ცხოვრობს. ეს კი, მათ შორის, იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებთან იგივენაირად უნდა იყოს შესაძლებელი ვაჭრობა, როგორც ჩვენ ერთმანეთში ვვაჭრობთ. ვაჭრობა არის ომის ის ერთადერთი ალტერნატივა, რომელიც ადამინების დაახლოვებას უწყობს ხელს და გარანტიას აჩენს, რომ იარაღის გამოყენების საჭიროება აღარ იარსებებს. ამიტომ იყო ერგნეთის ბაზრობის დახურვა სააკაშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. ვაჭრობა რომ გაქრა, გაქრნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მეორე მხარესთან თანამშრომლობაში იყვნენ დაინტერესებულები, ამან კი კონფლიქტის გამწვავება გარდაუვალი გახადა.

ახლა კი წარმოიდგინეთ ვაჭრობის მხოლოდ ერთი შესაძლო მაგალითი - სიგარეტი. 2019 წლის აქციზების დრაკონულმა ზრდამ დასავლეთ საქართველოში უზარმაზარი არალეგალური ბაზარი და კორუფცია გააჩინა: აფხაზეთიდან იაფიანი სიგარეტის შემოდინებასა და მის შემდეგომ რეალიზაციას პოლიცია „კრიშავს“, ხოლო პერიოდულად, კრიმინალთან ბრძოლის იმიტაციის მიზნით, ადამიანებს იჭერენ მხოლოდ იმიტომ, რომ იაფ სიგარეტს ყიდნენ. (სიგარეტის გამო გვიზის ადამიანები ციხეში! ამ წესრიგს ვთავაზობთ აფხაზებს?)

თუმცა წარმოიდგინეთ, თუ ჩვენ აფხაზების სიგარეტები როგორც ქართველების სიგარეტი ისე ვაღიაროთ (იმისდა მიუხედავად, თუ ვინ და როგორ აწარმოა ის). ერთ დღეს აფხაზებისთვის გაიხსნება მრავალმილიონიანი საქართველოს ბაზარი, სადაც ისინი ამ სიგარეტების ექსპორტს განახორციელებენ. ჩვენი მოსახლეობაც იხეირებს, რადგან იაფ სიგარეტზე გაუჩნდება წვდომა, მაგრამ მთავარია, რომ აფხაზების მხარეს გაჩნდება საჭიროება აშენდეს გზები და ლოჯისტიკური ცენტრები, გაიზარდოს წარმოება, დალაგდეს ჩვენთვის ადმინისტრაციული და მათთვის ჯერ კიდევ სახელმწიფო საზღვრის კვეთის საკითხი. ახლანდელი ენგურის ხიდის ნაცვლად, ახალი ავტოსტრადის აშენების აუცილებლობაც გაჩნდება. ვაჭრობა რომ განვითარება, მხოლოდ სიგარეტის გამო აფხაზებს შორის ათასობით ადამიანი გამდიდრდება ჩვენთან თანამშრომლობით და თქვენი აზრით, რა მიმართულებით შეეცვლებათ მათ ჩვენდამი დამოკიდებულება?

ახლა წარმოიდგინეთ, რომ იგივე ხდება სხვა პროდუქტების შემთხვევაშიც, მანდარინიდან დაწყებული, კომპიუტერებით დასრულებული. აფხაზებს ჩამოაქვთ პროდუქცია ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, ჩვენ სოხუმში და გაგრაში. რაღაც ეტაპზე ერთმანეთთან თანაცხოვრებას ვისწავლით, ხოლო დროთა განმავლობაში ჩვენ შვილებს საერთოდ აღარ დარჩებათ სიძულვილის და ბრაზის საფუძველი. თუ ვაჭრობა ყოვლისმომცველი გახდება და აფხაზებთან ერთად ჩვენ მდიდარ ქვეყნად ვიქცევით, ჩვენი წარსული ტერიტორიული პრობლემები სასაცილოდ მოგვეჩვენება. როცა ადამიანები შეძლებენ თავისუფლად გადაადგილდნენ თბილისიდან სოხუმამდე, შეზღუდვების გარეშე იცხოვრონ სოხუმში, ბათუმში, გაგრასა თუ თბილისში, სრულიად უმნიშვნელო იქნება, თუ რა იურიდიულ ფორმას მივცემთ ამ უკვე დასრულებულ კონფლიქტს და სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენი შვილიშვილებისთვის1992 წელს დაწყებული ეს ტრაგიკული ისტორია შორეული წარსულის უცნაურ მოვლად დარჩეს მეხსიერებაში.

სტატიის ავტორი - სანდრო რაქვიაშვილი

Facebook პოსტის ლინკი

კომენტარები