სიახლეები

17 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე “გირჩის” 2 კანონპროექტი განიხილება

17 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე “გირჩის” 2 კანონპროექტი განიხილება. 

ორშაბათს, 17 ოქტომბერს ადამიანთან უფლებათა დაცვის კომიტეტზე გირჩის მიერ ინიცირებული 2 კანონპროექტი გავა. ერთ-ერთი მათგანი უკვე კარგად ნაცნობი “ბირჟა მაფიის” საქმის გაგრძელებაა. 

2020 წლის 25 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოღებულ უკანონო ნივთს, მხოლოდ მაშინ აქვს მტკიცებულებითი ძალა თუ ის გამყარებულია ნეიტრალური მტკიცებულებით. მხოლოდ პოლიციელების ჩვენება თუ მათ ჰქონდათ საშუალება მოეპოვებინათ სხვა მტკიცებულება, მაგრამ არ მოიპოვეს არ არის საკმარისი პირისთვის ბრალის დასამტკიცებლად. 

აღნიშნული გადაწყვეტილება არ გავრცელდა იმ პირებზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე იყვნენ ბრალდებულები ან მსჯავრდებულები პოლიციელების ჩვენების საფუძველზე.

საკონსტიტუციო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, მსგავს ქეისებზე მსჯავრდებული პირები თავიანთი საქმის გადახედვას ითხოვენ, რაზეც სასამართლო უარს ეუბნება.

იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ციხეში სასჯელს იხდიან პატიმრები, რომელთა წინააღმდეგ მხოლოდ პოლიციელების ჩვენება არსებობს და პრაქტიკაში სასამართლო უარს ეუბნება მსჯავრდებულებს გადაისინჯოს მათ საქმეში არსებული მტკიცებულება რამდენად აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ გამოაცხადებინათ აუცილებელ სტანდარტს, საჭიროა კანონში შევიტანოთ ცვლილება, რომლის მიხედვით, მოსამართლე ვალდებული იქნება თავიდან იმსჯელოს მტკიცებულებების სტანდარტზე თითოეულ საქმეზე. 

ეს კანონპროექტი ერთ ერთი პატიმრის - ლაშა ჩიქობავას დასახმარებლად შეიქმნა, რომელმაც ციხიდან მოგვმართა.
2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით, მას საპატიმრო სასჯელი, მხოლოდ ე.წ. კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით და პოლიციელთა ჩვენებით დადასტურებული ოქმით მიესაჯა. ჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჩატარდა, თუმცა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მაშინ გამოიტანა, როცა  ძალაში იყო შესული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

იხილეთ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ბმულზე

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს - „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, - ის ითვალისწინებს ადამიანებისთვის იმ უფლების დაბრუნებას, რომელიც მათ ერთხელ უკვე გააჩნდათ. კერძოდ, იმ პირებს ვისაც წარსულში ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება აღუდგებათ ან გაუგრძელდებათ ეს უფლება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ. ასევე, ვითოხვთ კანონის მე-9 პუნქტის ჩამონათვალში დაემატოს ცესკოს და უსკოს წევრები, შესაბამისად მათაც ექნებათ იარაღის ტარების უფლება. 

პირველი და ყველაზე უსაფრთხო ნაბიჯი თავდაცვის უფლების ლეგალიზების გზაზე არის, იარაღის ტარების უფლების დაბრუნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ერთხელ უკვე ჰქონდა, მაგრამ დაკარგეს იმის გამო, რომ წამოვიდნენ სხვადასხვა თანამდებობიდან. ასეთები არიან, ძირითადად ყოფილი პოლიციელები, ყოფილი დაცვის სამსახურების თანამშრომლები, ყოფილი ჯარისკაცები და ვეტერანები, ყოფილი მოსამართლეები, პროკურორები და ა.შ. ყველა ამ ადამიანს უნდა დავუბრუნოთ თავდაცვის უფლება. მათ ერთხელ უკვე ჰქონდათ ეს უფლება და თუ არაფერი ამ მიმართულებით არ დაუშავებიათ, რატომ არ უნდა ვანდოთ იარაღი? სამსახურიდან წამოსვლა იარაღთან მოპყრობას ხომ არ ავიწყებს ადამიანს? უფრო მეტიც, უფლება რომ ჰქონდეთ, კარგ შემთხვევაში ასეთი ხალხი, დანარჩენი საზოგადოებისთვის იარაღის გამოყენების ერთგვარი მასწავლებელიც კი შეიძლება იყოს. 

რა ხდება დღეს? 

,,იარაღის შესახებ’’ კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად,  იარაღის ტარების პირებს, რომლებსაც იარაღის ტარებას, ანუ იარაღის გამოყენების უფლებას ვანდობთ სამსახურებრივი მდგომარეობის დროს, ხოლო მას შემდეგ, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, მხოლოდ ამომწურავად განსაზღვრულ პირთა წრეს რჩება თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ტარების უფლება. კანონპროექტის მიზანია, რომ, ერთი მხრივ, გავაფართოოთ იმ პირთა წრე, ვისაც ვანდობთ იარაღს და, მეორე მხრივ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ლოგიკური გაგრძელება ჰქონდეს იარაღის ტარების უფლებას.  

დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა დაგვანახა, რომ იარაღის ტარების უფლება პრივილეგიად კი არა, თავდაცვის ერთადერთ საშუალებად შეიძლება გადაიქცეს მაშინ, როცა ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნების და სახელმწიფო სუვერენიტეტის გადარჩენის საკითხი წყდება. რა გვიშლის ხელს ვიყოთ პრაგმატულები და ეს საკითხი იქამდე გადავწყვიტოთ, ვიდრე ad hoc ამის გაკეთება მოგვიწევს. ამ კანონპროექტით გვსურს ერთი ნაბიჯი გადავდგათ იმ მიზნისკენ, რომელიც ადამიანების პოლიტიკური თავისუფლების ერთგვარ გარანტიას წარმოადგენს.

იხილეთ კანონპროექტის განმარტებითი ბარათი ბმულზე

საკომიტეტო განხილვები 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება. 

 

კომენტარები