20 აგვ 2019
1280 Views
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სააკაშვილს რეალურად არ სჯერა იმ იდეების, რომელიც გააჟღერა

მიხეილ სააკაშვილს რეალურად არ სჯერა იმის, რა იდეებიც გუშინ გააჟღერა.

იაგო ხვიჩიამ ისაუბრა ცოტნე კობერიძის ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით", საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ახალი საარჩევნო კამპანიის შესახებ, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ფეისბუქის გვერდით გაავრცელა. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, სააკაშვილი შეხედულებებს ხშირად იცვლის და მის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება:

სააკაშვილი ცოტა ხნის წინ, პროგრესულ გადასახადებს უჭერდა მხარს, ისიც ნათქვამი აქვს, რომ გადასახადებს ვერ დავწევთ და საერთოდ არ შეიძლება გადასახადების შემცირება, ახლა აცხადებს, რომ ერთი გადასახადი უნდა იყოს მარტო, მთავრობა 80 %ით უნდა შემცირდეს და ა.შ. თუ არ ჩავთვლით კახა ბენდუქიძის ეპიზოდს, როცა ის კახასთან თანამშრომლობდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იგრძნობოდა ის ცვლილებები,რაზეც ახლა ლაპარაკობს, დანარჩენში, მთელი მისი მოღვაწეობა პირიქით იყო.

სააკაშვილის გავრცელებულ 9-წუთიან ვიდეოში ის მთავარი გზავნილებია თავმოყრილი, რომელიც პარტიას საპარლამენტო არჩევნების წინ აქვს. ერთ-ერთი მთავარი დაპირება, გადასახადების დიდი ნაწილის გაუქმებაა.

ვიდეოპრეზენტაციაში საქართველოს ექს-პრეზიდენტი ამ ეტაპზე 5-პუნქტიან ცვლილებებს აანონსებს. ერთ-ერთი მთავარი დაპირება ბიუროკრატიის შემცირებაა. პროექტის ავტორები აანონსებენ, რომ საქართველოს ყველაზე მცირე მთავრობა ეყოლება და ამდენ ფულს ჩინოვნიკების შენახვაზე აღარ დახარჯავენ. 

იაგო ხვიჩიას თქმით, სააკაშვილი რამდენად არის ამ იდეების განმახორციელებელი ცალკე თემაა,თუმცა მისი მხრიდან ამაზე საუბარი ცალსახად პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, რადგან ეს ის თემებია, რაზეც წლებია "გირჩი" ლაპარაკობს.

ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, რომ პოლიტიკურ დისკურსში შემოდის, ის თემები, რომლებიც უფრო ახლოსაა ჩვენთან. მთავარ ოპოზიციურ პარტიას ძირითადი სათქმელი შენი ოთხი წლის წინანდელი პროგრამიდან რომ აქვს, ეს არ შეიძლება ცუდი იყოს, გასაგებია, რომ დღეს შეიძლება ეს იდეები ვიღაცებმა მიხეილ სააკაშვილისგან გაიგეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის ვინც საზოგადოებრივ აზრს განსაზღვრავს და ვინც მიიტანს ყველა ადამიანამდე იდეას, იმისთვის გასაგებია, რა არის პირველწყარო ამ იდეებისა.

განაცხადა იაგო ხვიჩიამ "გირჩის აზრში".



კომენტარები