სიახლეები

353 Views
სიახლეები

როგორ ჩაიარა ბუპრენორფინის კანონპროექტის განხილვამ

ბუპრენორფინის კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ვახო მეგრელიშვილმა წარადგინა.

ეს წინადადება მონიკა სუბელიანმა ჯანდაცვის კომიტეტში შემოიტანა.

იქედან გამომდინარე, რომ გირჩს ზოგადად ნარკოპოლიტიკის საკითხი აწუხებს, ამ კანონპროექტის წარდგენა გადაწყდა.

ბუპრენორფინი (სუბოტექსი) ოპიატების ჩამნაცვლებელი პრეპარატია, რომელიც ნარკოდამოკიდებულ და მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებში გამოიყენება.

საქართველოს კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალებები შესაბამისი ცხრილით რეგულირდება.

ამ პრეპარატის დასაშვებ ოდენობად მიჩნეულია 0,0012მგ. 15 აბი განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 1,5 - დიდი ოდენობაა და 5-დან 8 წლამდე ისჯება. 1/7 – კი 5 წლამდე.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ნარკოდანაშაულზე 1024 ადამიანი ზის ციხეში, აქედან 224 პირი ბუპრენორფინის გამოა დაკავებული. ლეგალურად კი, ამ პრეპარატს 400 ადამიანი იღებს.

კანონპროექტი ამ ოდენობების 0,05მგ-მდე გაზრდას ითვალისწინებს, რაც, დაახლოებით, ნახევარი აბია.

2021 წლის ზაფხულში, ამერიკის შტატ, ვერმონტში, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც 30 აბამდე ფლობა არ არის დასჯადი. “ეს ოდენობა საქართველოში ძალიან დიდი დოზაა და ნუთუ, ასე განვსხვავდებით ვერმონტელები და ქართველები.”

მეგრელიშვილის თქმით, მნიშნველოვანია, რა პოზიცია აქვს ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს.

ჩვენ ადამიანებს ერთმანეთისთვის უფლებების მინიჭება არ შეგვიძლია. ჩვენ ღმერთისგან ბოძებული გარკვეული უფლებები გვაქვს, როგორიცაა სიცოცხლის, თავისუფლებისა და საკუთრების უფლება.

თქვენ რომ სუნთქვა ამიკრძალოთ, მე თქვენ ვერ დაგემორჩილებით, რა კანონიც არ უნდა მიიღოთ.

- განაცხადა ვახომ.

მისივე თქმით, 224 ადამიანი ამ საშუალებაზე გვიზის ციხეში, რასაც სამედიცინო დანიშნულებისთვის ვიყენებთ.

ამ ადამიანებს ყველაზე საშიში ფორმით გამოყენებისკენ ვუბიძგებთ. წარმოიდგინეთ, ნერწყვით გამოტანილი რაღაც, რაც მერე უნდა გაიკეთონ.

რა შეიცვლება, ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში?

1. 224 მსჯავრდებულიდან:

 1.1 5 ადამიანი იქნება თავისუფალი.

 1.2 31 ადამიანი დიდი ოდენობიდან, მცირეში გადავა.

 1.3 110 ადამიანი განსაკუთრებით დიდიდან - დიდში.

2. ადამიანებს აღარ მოუწევთ მიმართონ ისეთ საშიშ მეთოდს, როგორიცაა პრეპარატის ინექციური გამოყენება.

1970-იან წლებში კაცობრიობამ შემთხვევით ექსპერიმენტი ჩაატარა, ვიეტნამის ომის დროს ჯარისკაცების 95% ჰეროინზე იჯდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მისი მოხმარება ყველამ შეწყვიტა.

ვახომ კიდევ ერთი ექსპერიმენტი მოიყვანა მაგალითად:

ვირთხას ათავსებდნენ გალიაში, უდგამდნენ 1 ჭიქა წყალს და 1 ჭიქას ჰეროინით, ის იმდენს სვამდა ჰეროინს, რომ ფაქტობრივად თავს იკლავდა.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, მსგავსი ექსპერიმენტი სხვა მეცნიერმა ჩაატარა, ოღონდ შეცვალა ის და გალიაში ბევრი ვირთხა ჩასვეს, სხვადასხვა ატრაქციონები დაუდგეს, ვირთხა აღარასდროს მიკარებია ჰეროინიან წყალს, რადგან ის სოციალიზირებული იყო.

ეს ექპერიმენტი გვარწმუნებს, რომ პრობლემა ქიმიაში კი არა, საზოგადოებაშია, რომელიც ასეთ ხალხს რიყავს.

ვახოს თქმით, მთელ მსოფლიოში ახლა სწორი ტენდენციაა, შეიძლება ნელ-ნელა, მაგრამ პროცესი წინ მიდის.

მთავარი რისი გაკეთებაცაა საჭირო, ნარკოდამოკიდებულ ხალხსა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შორის ბარიერი უნდა მოიშალოს.

მჯერა, რომ თუ ვიცი რაღაც მკლავს, მაინც მაქვს უფლება დავლიო ის, ჩემი სიცოცხლე ჩემია და მე მასზე პასუხისმგებელი ადამიანი ვარ, მაგრამ ასევე უნდა მქონდეს საშუალება ჩემი პრობლემა სამედიცინო სფეროში გადავიტანო.

დღეს სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ადამიანებს, რომლებსაც აუტანელი ტკივილი აწუხებთ (სხვადასხვა დაავადებებიდან გამომდინარე), არ აქვთ საშუალება მიიღონ ოპიატური ტკივილგამაყუჩებლები. ამერიკაში ექიმებს შეუძლიათ უპრობლემოდ დაუნიშნონ მძიმე პაციენტებს მსგავსი პრეპარატები.

მე თქვენ არ გთხოვთ, ამ დოზებზე დამთანხმდეთ, მეორე მოსმენაზე გადავწყვიტოთ ეს.

გადაწყვიტეთ, უჭერთ თუ არა მხარს მეექვსედი ტაბლეტის გამო ადამიანებს ციხეში ვუშვებდეთ, როდესაც ლეგალურად ვაძლევთ სხვა ხალხს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ნარკოდამოკიდებულება დაავადებაა და ადამიანებს ამის გამო არ უნდა იჭერდნენ.

მისივე თქმით, ის მხარს დაუჭერს ამ კანონპროექტს. ასევე მან კომიტეტს ფსიქოსოციალური სერვისების ხელმისაწვდომობაზე მუშაობისკენ მოუწოდა.

ვახო მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებს სტიგმის გარეშე უნდა შეეძლოთ დაწესებულებებში მისვლა და საკუთარ პრობლემებზე საუბარი. რაც შეეხება, სერვისის სიძვირეს, მისი თქმით, ეს ბაზრის მონოპოლიის ბრალია.

სხდომას ასევე ესწრებოდა ერთ-ერთი პატიმრის დედა, თამარ კალანდაძე, ვისი შვილიც უკვე 6 წელია ციხეში ზის. მისი თქმით, ამ კანონპროექტის მიღება სასჯელს შეუმსუბუქებს მის ვაჟსაც.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ის არ არის მზად კანონი ერთი კონკრეტული პრეპარატის გამო შეცვალოს, რადგან მიაჩნია, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის მისი ინექციური გზით გამოყენებას. ასევე მხოლოდ ერთი ჯგუფისთვის მინიმალური ქვედა ზღვრის აწევა დაუშვებლად მიაჩნია.

როგორც სანდრომ აღნიშნა, ევროსასამართლო ამბობს, რომ ერთგვაროვნად არ უნდა მივუდგეთ ყველა ნარკოტიკულ საშუალებას. გამოდის, რომ ზემოთთქმული წინააღმდეგობაში მოდის ამ დებულებასთან.

ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებს.

“შსს”-ს წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ უწყება ამ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს, რადგან ბუპრენორფინი მძიმე ნარკოტიკების ჯგუფში შედის. ასევე, მათი აზრით, ამ კანონპროექტის მიღება ნარკორეალიზატორების წახალისებას გამოიწვევს.

“მიმდინარე კანონპროექტით დიდი ოდენობა 626 აბამდე გაიზრდება და როგორ შეიძლება ეს იყოს პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი დოზა”

კანონპროექტის კენჭისყრა მომდევნო სხდომამდე გადაიდო.

იხ. ტკივილის პროექტი.

თუ სურვილი გაქვთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ ჩვენს შიდა ამბებზე, შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში(გირჩის ბაბლი).

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები