სიახლეები

254 Views
სიახლეები

როგორ დარეგულირდება კრიპტო ბაზარი ახალი კანონპროექტის მიხედვით

დღეს გამართულ იურიდიულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ახალი კანონპროექტი განიხილეს, რომელიც კრიპტო ბაზრის რეგულაციებს ეხება.

კანონპროექტი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ წარადგინა. როგორც ირკვევა, პირველ ეტაპზე შუამავლებს (ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს) ეროვნულ ბანკში დარეგისტრირება და ლიცენზიების აღება მოუწევთ. როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, მსგავსი ლიცენზიის გაცემის საფასური 10 000 ლარი იქნება.

ეროვნულ ბანკს შუამავლების ინფორმაციაზე წვდომა ექნება, რათა არ მოხდეს ფულის გათეთრება ან ტერორიზმის დაფინანსების წახალისება, განმარტავს ლეჟავა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა სხდომაზე განაცხადა, მისთვის ბევრი საკითხი გაუგებარია. კერძოდ, შეეხება თუ არა ეს კანონპროექტი ორ ფიზიკურ პირს შორის კრიპტოს ყიდვა-გაყიდვას და მოექცევა თუ არა ეს ქმედება რეგულაციების ქვეშ.

პაპუნა ლეჟავას განმარტებით, ეს კანონპროექტი მხოლოდ შუამავლებს ეხება და პირადი ტრანზაქციები და გაყიდვები არ მოექცევა ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიზანია მონეტარული პოლიტიკის წარმოებას ხელი არ შეეშალოს, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. სწორედ ამიტომ, ვინაიდან თითქმის ყველა ქვეყანაში გადახდის საშუალებად ეროვნული ვალუტა ითვლება, იგივე წესი გავრცელდება ვირტუალურ აქტივებზეც და ერთადერთი გადახდის საშუალება საქართველოში ლარი იქნება.

ეროვნული ბანკის უფლებამოსილება შოკში მაგდებს, რაღაც უცნაური ტრადიცია გვაქვს, რომ ეროვნულ ბანკს ყველაფრის უფლება უნდა მივცეთ. საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით თქვენ ნამდვილად ამას გააკეთებთ. თუ დავუშვებთ, რომ ეროვნულ ბანკში არაკეთილსინდისიერი ადამიანები მუშაობენ, ამ კანონპროექტით ხომ მათ კონკურენტების ჩამოშორებისა და დაბლოკვის შესაძლებლობა ექნებათ?!

 - განაცხადა სანდრომ

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვის უფლება ეროვნულ ბანკს არ ექნება. მისივე თქმით, თუ ეროვნული ბანკის ნებისმიერი თანამშრომელი ამ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებს, დანაშაულად ჩაითვლება.

ჰერმან საბო დაინტერესდა, შეეხებოდა თუ არა ეს კანონპროექტი NFT-ის, რომელიც კრიპტო ბაზრის დიდ ნაწილს შეადგენს.

ძალიან ბევრი მხატვარი მეგობარი მყავს, ვინც ასეთ ვირტუალურ აქტივს ქმნის და ყიდის, უნდა მოხვდნენ თუ არა ისინი რეგულირების სფეროში?

როგორც გავიგეთ, NFT-ის ეს რეგულაცია არ შეეხება, რადგან ამ მიმართულებით ჯერ საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს.

ჰერმანს მიაჩნია, რომ ზოგადად კრიპტო სამყარო შუამავლების გაქრობისთვისაა შექმნილი და ჩვეულებრივ ბირჟებზე ვაჭრობის გარდა, არსებობს B2B ტრანზაქციები (რომელიც ხორციელდება ორ კომპანიას შორის).

თუ პირს, მაგალითად, სურს თბილისში რაღაცის გადაცვლა, ეს ინფორმაცია სისტემაში ინახება და თუ არსებობს მეორე პირი, ვისაც იგივე ტრანზაქცია სურს, ხდება გაცვლა.

მისივე თქმით, ამ კანონპროექტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ინსტიტუციური ბირჟების გაქრობა საქართველოში და ამ ყველაფრის გადატანა B2B ტრანზაქციების სფეროში , რომლის რეგულირების საშუალებაც ეროვნულ ბანკს ტექნიკურად ვერ ექნება.

ეს კანონპროექტი ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანების დაჩქარების პროცესისთვის შეიქმნა.

კანონპროექტმა დაჩქარებული წესით დღეს პირველი საკომიტეტო მოსმენა გაიარა, ხვალ შემდეგი მოსმენაა დაგეგმილი, რის შემდეგაც, სესიაზე გავა.

იხილეთ კანონპროექტი.

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები