სიახლეები

დავით ჯანდიერი: ასეთ რამეს ხალხი არ პატიობს

ხელისუფლებამ გადალახა ლეგიტიმურობის ზღვარი და გამოჩენილი სისასტიკის , დაუნდობლობის, საკუთარი მოქალაქეების დასახიჩრების გამო, საზოგადოების ნდობა ერთმნიშვნელოვნად დაკარგა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციებსა და საზოგადოებრივ პროტესტზე ისაუბრა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტმა დავით ჯანდიერმა, გაზეთ "ქრონიკა+"-თან ინტერვიუში.

ჯანდიერის თქმით, ანტიქართული განწყობების მქონე რუსი დეპუტატის პარლამენტში ჯდომაზე, საზოგადოებას სამართლიანი პროტესტი ჰქონდა. რომელთა დასაშლელადაც ხელისუფლებამ არაადეკვატურ ზომებს მიმართა:

დაზიანებები მომიტინგეთა სხეულზე ნათელს ხდის, რომ რეზინის ტყვიები პირდაპირი დამიზნებით ისროლეს. იგივეს ადასტურებენ მომიტინგეები. არ არსებობდა სროლის აუცილებლობა მოქალაქეთა შეკრების პერიფერიულ ადგილებში, ისევე როგორც მათი დევნის, როდესაც ისინი ცდილობდნენ გაქცევას რუსთაველის გამზირიდან. მე პირადად ვიმყოფებოდი იქ და არ არსებობდა ასეთი დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზის გამოყენების საჭიროება

კითხვაზე, თუ რა აზრის არის მომიტინგეების მოთხოვნაზე, გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, დავით ჯანდიერი პასუხობს, რომ მიუხედავად განმარტებებისა, რომელიც შს მინისტრისგან მოვისმინეთ, გიორგი გახარიამ, როგორც პასუხისმგებელმა პირმა საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, მათ შორის იმაზე, რაც იმ ღამეს მოხდა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება კი, გულისხმობს დაკავებული თანამდებობის დატოვებას. 

ჯანდიერი ინტერვიუში საუბრობს, ასევე, სასამართლო სისტემის ხარვეზებსა და 20 ივნისის ღამეს დაკავებულებზე, რომელთაც სასამართლო პროცესზე, მტკიცებულებების გარეშე უშვებდნენ ციხეში:

იმ ღამის არანაკლებ აღმაშფოთებელი ნაწილი უკავშირდება იმას, რაც ხდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამართლიანი სასამართლოს მინიმალური გარანტიების არარსებობა - პროცესები გრძელდებოდა 5 წუთი, უმეტეს შემთხვევებში - ადვოკატების გარეშე, პატიმრობას უსჯიდნენ მტკიცებულებების გარეშე და მხოლოდ პოლიციელთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, რომელიც იდენტური იყო სხვადასხვა საქმეზე. საკნების გადატვირთვისა და არასამთავრობოების პროტესტის შემდეგ, მოსამართლეებმა ერთსულოვნად დაიწყეს, პატიმრობის ნაცვლად ჯარიმის გამოყენება.

დავით ჯანდიერი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ შექმნილი სიტუაციის არაადეკვატურმა შეფასებამ კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი, რადგან ხელისუფლებას არ გაუაზრებია რა ჩაიდინა და თავის მართლების რეჟიმშია გადასული:

ეს, დიდი ალბათობით, განაპირობებს ხელისუფლების ცვლილებას მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, ასეთ რამეს ხალხი არ პატიობს.

ამბობს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, "ქრონიკა+"-ის ჟურნალისტ ლევან ქემოკლიძესთან ინტერვიუში.

წყარო: "ქრონიკა+"

კომენტარები