სიახლეები

ჩემი თვალით დანახული გირჩის ისტორია

ნაწილი პირველი - დასაწყისი

ავტორი: იაგო ხვიჩია

მე, 2015 წელს


დაახლოებით მაისის დასაწყისია, თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ვარ და  იურიდიულ პრაქტიკაზე უკვე თითქმის ხელი მაქვს ჩაქნეული, რადგან ამ დროს  მივხვდი, რაც იყო საჭირო ამ ასპარეზზე მნიშვნელოვანი წარმატების მისაღწევად და ზუსტად ვიცოდი, არ ვიყავი მაგის გამკეთებელი.

თავისუფალ უნივერსიტეტში საჯარო სამსახურში მუშაობის შვიდწლიანი სტაჟის მერე მოვედი, 2012 წელს.
2012 - 2018 წლებში აქ ადმინისტრაციული სამართლის სრულ კურსს ვკითხულობდი.

ამ დროს, ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, არის ის რომ საჯარო სამსახურში არ დავბრუნდები.

კახა ბენდუქიძე გარდაცვლილია და წარმოდგენა არ მაქვს როგორი იქნება მომავალი, არც ისეთი ადამიანი მეგულება ვინმე, ვისი იმედიც შეიძლება მქონდეს რომ პასუხს აგებს იმ ღირებულებების დაცვაზე ქვეყანაში, რისიც მე მჯერა.

თან რუტინული ცხოვრება არ მომწონს, რამე უნდა გავაკეთო.

მოკლედ, იმ პროცესში ვარ,  უნდა მოვიფიქრო, როგორ ვაგრძელებ ცხოვრებას ამ ქვეყანაში.

ამ ქვეყნიდან წასვლაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია.

პოლიტიკა სულ მაინტერესებდა, მაგრამ ერთ თვეში თუ აქტიურ საჯარო პოლიტიკაში ამოვყოფდი თავს, ამას სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი.

პალიკო კუბლაშვილი მირეკავს და შეხვედრას მთხოვს.

პალიკო

პალიკოს 2011 წლიდან ვიცნობ, რელიგიური ორგანიზაციების სსიპ-ებად რეგისტრაციის პროცესში გავიცანი.
პალიკო კანონის ინიციატორი და ლობისტი იყო, მე რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირი.

მაშინ ბევრი წინააღმდეგობის და დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია ერთად და კარგი ადამიანური ურთიერთობები შევინარჩუნეთ.

შევხვდი.

მითხრა, რომ არ გრძნობდა თავს კომფორტულად იქ სადაც იყო, ჯაფარასთან და გოგასთან ერთად ფიქრობდა წამოსვლას (გოგი მელაძეც მითხრა, მაგრამ გოგის მაშინ მე არ ვიცნობდი) და მკითხა საჯარო პოლიტიკა ხომ არ მაინტერესებდა.

ისიც მითხრა, რომ საბოლოოდ, სხვები, ჯაფარას გარდა, გაწევას აპირებდნენ და ახალი ხალხისთვის უნდოდა პლატფორმის შექმნა.

უარი არ მითქვამს, ვიფიქრებ-მეთქი და მართლა დავიწყე ფიქრი.

პალიკოზე ბევრ ჭორ-მართალს გაიგებთ. ასეთი კაცია, შეიძლება მოგწონდეთ ან არა, მაგრამ იცოდეთ, ძალადობა არ უყვარს, თავისუფლების მნიშვნელობა სრულყოფილად ესმის და ზოგჯერ ძალიან გულჩვილია.

პალიკო გირჩში კაი ხანია არ არის, ჩვენი მეგობარია, მაგრამ პალიკოს გარეშე გირჩი არ იარსებებდა.
გირჩის გულშემატკივრებმა მინდა ეს იცოდნენ.

მეც მხოლოდ ეს ვიცი მასზე.

გირჩი

წამოსვლა უცნაური და მოულოდნელი გამოუვიდათ, ამბავი თანაპარტიელებმა გაასაჯაროეს და ერთხმად დაუწყეს გინება, ჯერ კიდევ გუშინ, მათ ახლო მეგობრებს.

ეს ამბავი იმდენად უსამართლოდ მომეჩვენა, უფრო სოლიდარული გავხდი მათ მიმართ.

საბოლოოდ პოლიტიკაში წასვლა გადავწყვიტე. მშობლებს დღემდე არ ესმით რად მინდოდა ეს. არ მოსწონთ.
თიკოს არ გაჰკვირვებია, სულ ეს გინდოდაო, მითხრა.

დღეს უფრო მოსწონს რასაც ვაკეთებ.

მაშინ ალბათ, მაინც არ მესმოდა სად შევდგი ფეხი. ამას სინანულით არ ვამბობ, ფაქტს აღვნიშნავ.
უფრო დეტალურად ამ პროცესის აღწერა ჯერ არ გამომდის, მაშინდელ და ახლანდელ განცდებს ვურევ ერთმანეთში.

სახელზე დიდი ხანი ვიმსჯელეთ.

იმ პერიოდში დროებითი ოფისი არსებობდა ვერაზე, როგორც ვიცი მეგობრებმა ათხოვეს დროებით, წამოსულებს.

ამ ოფისის სამზარეულოში ერთი უზარმაზარი გირჩი იდო.

გოგა ხაჩიძემ აიღო და თქვა, რას იტყვით პარტიას გირჩი რომ დავარქვათო.

ყველამ გოგას ხუმრობად ჩათვალა, მაგრამ გოგა არ ნებდებოდა და იძახდა, მითხარით ერთი კონტრარგუმენტი მაინცო.

არ ჩერდებოდა, ერთ დღეში ყველა გაგვიცნობს, იღლიცინებენ, იტყვიან რომ არასერიოზული ხალხი ვართ, მაგრამ გირჩი-ციყვის გარდა სხვა დასაცინ კომბინაციას ვერავინ მოიფიქრებს და ერთ თვეში მაინც ის ხალხი ვიქნებით, რაც ვართო.

თან გირჩი ისეთი რამეა, შეუძლებელია ვინმეში აგრესია გამოიწვიოსო, არც ბანანი არაა, რამე უხერხული დანიშნულება რომ გამოუძებნონო.

კიდევ ერთი არგუმენტი ჰქონდა, მითხარით რა ჰქვია ალასანიას პარტიასო.

ყველას შეგვეშალა დასახელება, იგივე დაგვემართა ბურჯანაძის პარტიაზე.

აი ეგ არავის არ დაემართება გირჩზეო, არ დანებდა გოგა.

ლექსო მაჭავარიანიც იქ იყო და თავიდანვე გოგას უჭერდა მხარს, მერეც არასოდეს გაუკრიტიკებია გირჩი სახელის გამო.

ერთი დღე ვიფიქრეთ, საწინააღმდეგო არგუმენტზე და საბოლოოდ მივხვდით რომ გოგა მართალი იყო.
ასე დაიბადა ,,გირჩი“.

ჟურნალისტები გაკვირვებული გვიყურებდნენ, არ სჯეროდათ, ეგონათ ვეხუმრებოდით.

ნაციონალურმა მოძრაობამ კი დომენი girchi.ge დაირეგისტრირა თავის სახელზე და 15 ათასი ლარი მოითხოვა რომ გადმოეცა. 

მოკლედ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გოგა ამბობდა, ყველამ გაგვიცნო, სწრაფად და არასოდეს არავისში შევშლივართ.

გოგა ასე გავიცანი.

ახალი ოფისი

მალე ახალი ოფისი ავიღეთ მთაწმინდაზე, კარგი ოფისი იყო.

გირჩის პირველი ოფისი. მოძრაობა 2 ივნისის ბანერი #არდაიჭირო


ოფისს პარლამენტიდან წამოსული ოთხეული მართავდა.

ვახო თავისთვის იყო, რაც არ მოსწონდა და არ ესმოდა იმის გაკეთებაზე თავიდანვე უარი განაცხადა. რეგიონული ოფისების გახსნაზე და ამომრჩევლებთან შეხვედრებზე არ დადიოდა.

ოფისების გახსნის განრიგი, 2016 წ.


ოფისში  ბევრი და  სხვადასხვანაირი ხალხი დაიარებოდა.

ბევრ სხვადასხვაგვარ ხალხს სთავაზობდნენ პოლიტიკაში მოსვლას პალიკო და ჯაფარა.

ძალიან რთული იყო გამოგეცნო რა აერთიანებდა ამ ხალხს ერთმანეთთან, ალბათ არც არაფერი გარდა იმისა, რომ ყველას სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვანაირი პოლიტიკა აინტერესებდა.

ხალხი თავისითაც გვსტუმრობდა, ველაპარაკებოდით, ვცდილობდით დაგვეინტერესებინა პოლიტიკით, მაგრამ მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ცოტა მოგვიანებით მივხვდი რა რთულია ადამიანებისთვის საჯარო პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიღება.

თითქოს ძალიან შენიანია, თითქოს თანამებრძოლები ხართ და ამ დროს იკარგება.

ბოლო ნაბიჯს ვერ დგამს. 

ასეთი კომპლექსიც არსებობს, როგორც ჩანს.

მე რაღაცნაირი დაუწერელი შეთანხმება მქონდა ამ ფორმაციის გირჩთან.

ამ ,,შეთანხმების“ მიხედვით, მე უფლება მქონდა გულწრფელად მელაპარაკა ის რასაც ვფიქრობდი და რის ახსნასაც შევძლებდი. 

დაუწერელი შეთანხმების ნაწილი ასევე იყო ის, რომ არავის უნდა ელაპარაკა სისულელე ჩემი სახელით.
ეს შეთანხმება არასდროს დარღვეულა.

პარტიის მართვაში ამ ოფისში თითქმის არ ვმონაწილეობდი, ეს ამბავი მერე მოხდა, რაც ამ ოფისიდან გადავედით - 2016 წლის ბოლოს.

2016 წელი

არჩევნების წელი იყო და ჩვენც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება როგორ გავსულიყავით არჩევნებზე.
ორი სტრატეგია იხილებოდა:

1.    ვყოფილიყავით ფეისბუქ-პარტია, დაახლოებით ისეთი, როგორც 2017 წლიდან ვართ, არ გვქონოდა რეგიონული ოფისები, არ გვეძებნა კოორდინატორები და ა.შ.

2.    გვქონოდა კლასიკური პარტიული ინფრასტრუქტურა, რომელიც ააწყობდა კოორდინატორთა სისტემას და უზრუნველყოფდა არჩევნებზე ხმათა რაღაც გარანტირებულ ოდენობას.

საბოლოოდ მეორე ავირჩიეთ, პირველის  ელემენტებით.

ვემზადებოდით, რეგიონულ ოფისებსაც ვხსნიდით, ყრილობაც ჩავატარეთ ფილარმონიაში, დაახლოებით ისე როგორც სხვები ატარებდნენ, ხალხის ჩამოყვანით და სიტყვით გამოსვლებით, ოღონდ უფრო დახვეწილად.

ყრილობა, 2016 წ.
ყრილობა 2016 წ.

სპიკერობის პარალელურად, მარტვილის ოფისის მიხედვა დამევალა. მიხედვის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა ამეწყო კოორდინატორთა სისტემა იმ ხალხისგან, ვინც არც ნაცები იყვნენ არც ქოცები, რათა ამ ხალხს ტრადიციული მეთოდით არჩევნებზე ხმები მოეტანათ.

ცოტა ხანში მივხვდი რომ ეს საჩემო საქმე არ იყო, არ შემეძლო ქუჩა-ქუჩა სიარული, მომავალ კოორდინატორებთან სამ-სამი ჭიქის აწევა და ქვეყნის ნათელ მომავალზე საუბარი რაც ამ საქმიანობისთვის აუცილებელი წინაპირობა იყო.

ზოგადად, ეს ამბავი არ გამოგვივიდა, შეიძლება იმის გამო, რომ ძვირი სიამოვნებაა და საკმარისი ფული არ გვქონდა ან იმის გამოც, რომ სხვა ხალხი ვიყავით და არ იყო ეს საჩვენო სპორტი.

არჩევნები ახლოვდებოდა და გასაგები იყო, რომ ჩვენ მიერ აწყობილი კოორდინატორთა სისტემა ვერ უზრუნველყოფდა არჩევნებზე ბარიერის გადასალახად საჭირო ხმების მოტანას.

ამიტომ კოალიციაზე ფიქრის საჭიროება დადგა.

მე არც კი ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, სრულიად უცხო პოლიტიკური გემოვნების და მორალის მქონე ხალხთან კოალიციაში.

მაგრამ საკითხი ასე იდგა, გვინდოდა თუ არა 2016 წლის პარლამენტში შესვლა. თუ ვერ შევდიოდით მომავალი გაურკვეველი იყო.

თუ გვინდოდა მაშინ მსხვერპლი უნდა გაგვეღო და კოალიციაში უნდა შევსულიყავით ვინმესთან.
კარგად არ ვიცი რომელი უნდა ჩავთვალო შეცდომად, თავის დროზე, კლასიკური პოლიტიკური გზა რომ ავირჩიეთ, პარტიული ინფრასტრუქტურის აწყობით თუ კოალიციაში შესვლა რომ გადავწყვიტეთ.

უფრო პირველი მგონია შეცდომა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, უფრო სწორი იყოს იმის თქმა, რომ შეცდომას შეცდომა დაემატა.

პირველად ვაშაძესთან და კაციტაძესთან გავწევრთიანდით, მე მარტვილში წავედი, ვიცოდი რომ დამსახურებულად მაგინებდნენ და გავერიდე.

5 აგვისტო, საარჩევნო ბლოკის "ვაშაძე - ჯაფარიძე - ახალი არჩევანის" პრეზენტაცია


უსიამოვნოა იმ ხალხის გინების მოსმენა, ვისაც შენთვის კარგი უნდა.

რომ დავბრუნდი, პალიკომ მითხრა რას იტყვი ბურჭულაძესთან გაერთიანებაზეო, ვუთხარი რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა აწი, ვისთან გავერთიანდებოდით, არანაირი ლოგიკა არ იყო იმაში ბურჭულაძესთან გაერთიანება დამეგმო, მაშინ როცა უკვე ისედაც ვიყავით რაღაც გაუგებარ კოალიციაში.

ასე აღმოვჩნდი ბურჭუსთან, ამაზე მეტი გვაგინეს, თუმცა ახლაც არ მესმის, კაციტაძესთან გაერთიანების გამო რომ არ უგინებია, იმ ხალხმა ამაზე რატომ გვაგინა. რა განსხვავება იყო.

კოალიცია ბურჭულაძესთან
ბურჭულაძესთან გაერთიანება

ბურჭუ

თუ გახსოვთ, ერთი ფრანგული კომედიაა ,,ასტერიქსი  ოლიმპიურ თამაშებზე“ ალენ დელონი თამაშობს ჭარმაგი რომაელი პრინცის როლს.

ბურჭუ ამ პერსონაჟს ჰგავს. 

მისი და ჩემი ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო.

ვიღაცამ ჩამიშვა, რომ ხატით ფრენის გამო ფეისბუქზე დამცინავი სტატუსი მქონდა გამოქვეყნებული და ამის გამო პრეტენზიით მიმართა ჯაფარას და პალიკოს.

კატეგორიულად ითხოვდა სიიდან ჩემ ამოღებას.

არ გაუვიდა, არ დაუთმეს.

ასე აღმოვჩნდი, პარტია ,,სახელმწიფო ხალხისთვის“ პირველ ხუთეულში.

პალიკომ და ჯაფარამ მე და ვახოს დაგვითმეს ადგილები.

ამ დროს ვიგრძენი რომ უზარმაზარი ნდობა გამომიცხადეს და ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. მივხვდი, რომ მეტი უნდა ამეღო ჩემ თავზე და სწრაფად გავზრდილიყავი.

ყველანი სამუშაო პროცესში ჩავერთეთ.

მე დათო ჯანდიერთან ერთად ვმუშაობდი სამართლებრივი პროგრამის დაწერაზე.

მე და დათოს მანამდე ცუდი ურთიერთობა გვქონდა და ამ პროცესში შევრიგდით.

ვახო, გიორგი პაპავასთან და ირაკლი ყიფიანთან ერთად წერდა ეკონომიკურ პროგრამას.

ჯაფარა და პალიკო ბურჭუსთან ურთიერთობდნენ.

ვახოს სახეზე აწერია, რასაც ფიქრობს და საშიში იყო.

მე კი ისედაც არ მოვწონდი ბურჭუს.

ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბურჭუმ ისიც კი თქვა, რომ მოსაწევი აფთიაქში უნდა გაყიდულიყო. მეტიც, მე და ბურჭუ ერთად ვიყავით საარჩევნო კამპანიაში, სამეგრელოში (მე როგორც მეგრელს მერგო), ყველაფერი კარგად იყო. 

მე და ვახო დეპუტატობისთვის ვემზადებოდით.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კოალიცია დაიშალა გირჩის გამო.

ვინ გადაუხადა ან საერთოდ გადაუხადეს თუ არა ბურჭუს ფული კოალიციის დაშლაში არ ვიცი.

მოკლედ ეს ნაწილი არ ვიცით და მარჩიელობასაც აზრი არ აქვს.

ფაქტია, რომ მაშინდელი გადმოსახედიდან ეს ძალიან მტკივნეული დარტყმა იყო.
შეიძლებოდა დავშლილიყავით.

რაც არ ვიცი

როგორც გითხარით, ზუსტად არ ვიცი რა მოხდა ბურჭუსთან, კიდევ რამდენიმე საკითხია რაც არ ვიცი.
არ ვიცი ვინ აფინანსებდა გირჩს 2015-16 წლებში.

დღევანდელი „ევროპული საქართველოს“ წევრები მაშინ ამბობდნენ რომ ბიძინა გვაფინანსებდა, შეიძლება მართალიც კი იყოს, მაგრამ მე არ ვიცი.

მე არასოდეს შევხვედრილვარ ბიძინას. არც მე და არც დღევანდელი გირჩის რომელიმე წევრი, საჯარო შეხვედრების გამოკლებით. 

დაშვება:  ბიძინა მიხდიდა ფულს.

ხშირად ხდება როცა სხვადასხვა გემოვნების ადამიანთა ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. შეიძლება ჩვენ შემთხვევაშიც ეს მომხდარიყო.

თუ ადამიანი იმის თქმაში მიხდიდა ფულს რასაც ვფიქრობდი, მადლობა მაქვს სათქმელი და თუ ეს ასეა მადლობა მას.

ვერ ვიტან უმადურობას, უპასუხისმგებლობას ნიშნავს.

არ ვიცი, რატომ არ გამოუჩნდა გირჩს სტაბილური დამფინანსებელი.

ბევრს უთქვამს, სუსი მუშაობს და მაგიტომ ხდება ეგრეო. არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, საკუთარ თავში ვეძებ პრობლემას, რაც არ უნდა იყოს ჩვენი ბრალია, ისედაც ვიცოდით, რომ  რაღაცები მოცემულობად დაგვხვდა ამ ქვეყანაში.

მაინც უცნაურად ჩანს ბიზნესისგან გირჩისნაირი მოთამაშის მიმართ გულგრილობა, ახალგაზრდების აზრიანი ნაწილი ჩვენ მიმართ ლოიალურია, რანაირად შეიძლება  ეს ნორმალურ გარემოში არ შეემჩნიათ.
ეს მართლა მაინტერესებს და ალბათ ოდესმე გავიგებ სიმართლეს.

არ ვიცი ისიც, რატომ გადავწყვიტე გირჩისთვის მიმეძღვნა ცხოვრება და ასეთი გართობის ფუფუნება მიმეცა ჩემი თავისთვის, ალბათ უფრო შემთხვევითობა იყო, მაგრამ როცა გადავწყვიტე მას მერე სულ ვიცი რომ სწორად მოვიქეცი და სხვების არ მესმის რატომ არ შვებიან ეგეთ რაღაცეებს.

რუტინა ხო ძალიან მოსაწყენია და შეუძლებელია მარტო მე ვფიქრობდე ასე.


როცა მივედი, მიზანი მქონდა მეთქვა ის, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ რასაც ვფიქრობდი, ეგ სხვადასხვა დროს ძალიან განსხვავებული იყო და ძალიან იცვლებოდა ბოლო წლების განმავლობაში.

სხვადასხვა დროს ჩემი როლიც სხვადასხვა იყო გირჩში.

მეც შევიცვალე, ჩემი მეგობრებიც, ჩვენი ურთიერთობებიც. ზოგადად ძალიან გცვლის ეს პროფესია, თუ მას შეხედავ როგორც პროფესიას.

შეიძლება ახლაც ბევრი რამ არ ვიცი აქაურ პოლიტიკაზე, მაგრამ ერთი რამ სულ ვიცოდი, რომ პოლიტიკა იყო პროფესია.

შესაბამისად ვცდილობდი მივდგომოდი, ახლაც ვსწავლობ, ბევრი რამ არ ვიცი.

3 წლის წინ ბევრად მეტი არ ვიცოდი, სხვადასხვანაირ ადამიანებთან ურთიერთობას და პროფესიას შესწავლა უნდა.

პირველი ნაწილის დასასრული.
 

კომენტარები