სიახლეები

341 Views
ბლოგი

როდის ვეღარ შეძლებთ კორპუსში დენის შეყვანას?

ალბათ აქამდე გეგონათ, რომ თქვენი მომავალი სახლის ავკარგიანობა ყველაზე მეტად თქვენ გაინტერესებდათ, თუმცა მუდამ გავიწყდებათ აბსტრაქტული ცნება სახელმწიფო, რომელიც საერთოდ არ არსებობს, მაგრამ მაინც თქვენზე უკეთ იცის რა გინდათ.

თუ გსურთ, რომ თქვენს მიწაზე სახლი ააშენოთ, დაგჭირდებათ უამარავი ბიუროკრატიული პროცედურის გავლა, თუმცა მხოლოდ თქვენი სახლის პროექტითა და თქვენი გემოვნებით კმაყოფილი ბიუროკრატი საკმარისი არ არის, მეტიც, თუ თქვენს სახლს დასრულებულად თვლით, არც ეს არის საკმარისი, სახელმწიფომაც უნდა ჩათვალოს, რისთვისაც მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბიუროკრატები კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ისევ ემთხვევა თუ არა თქვენი გემოვნება მათსას.

მიუხედავად ამისა, ხალხი წლების განმავლობაში აგრძელებდა თავიანთი გემოვნების შენობა-ნაგებობების აშენებას და თავს „მშენებარეს“ სტატუსს აფარებდა, სულ ცოტა ხნის წინ, პარლამენტარების ნაწილი გამოვიდა ინიციატივით, რომ სახლების საკუთარი გემოვნებით აშენება ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში და მათთვის დაუსრულებელად წოდებული შენობა-ნაგებობის ფუნქციონირება დაუშვებელი გახდეს.

პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ნოდარ ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ბექა ლილუაშვილის, მიხეილ დაუშვილისა და ანა ბუჩუკურის ინიციატივით, პარლამენტმა განიხილა ახალი კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც მშენებარე შენობა-ნაგებობებს ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ფუნქციონირების საშუალება აღარ ექნებათ და ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგება დაუშვებელი იქნება. თუმცა, 2020 წლის 18 აგვისტომდე იმდენი შენობა ააშენა ხალხმა საკუთარი გემოვნებით, რომ არჩევნების წინ მათი საკუთარი სახლებიდან გამოყრა ხელისუფლებისთვის პოლიტიკური პრობლემაა.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ რეგულაციების დამრღვევებს ხელისუფლება პოლიტიკური უკმაყოფილების თავიდან ასაცილებლად გულმოწყალედ პატიობს, რაც ბევრჯერ წარმატებით ნაცადი „სამშენებლო ამნისტიაა“, ხოლო ახალი მშენებლობისთვის რეგულირება იმდენად მკაცრდება, რომ გარდა ბაზარზე შენობა-ნაგებობების ფასის ზრდისა, ბაზრიდან საერთოდ გავარდება მცირე სამშენებლო ბიზნესი, უფრო მეტიც, თუ თქვენი ერთადერთი საკუთრება ის მიწის ნაკვეთია, რომელზეც დგას თქვენი დასრულებული, მაგრამ სახელმწიფოსთვის დაუსრულებელი სახლი,  ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე ცხოვრება მოგიწევთ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქსტატის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად გაცემული მშენებლობის ნებართვების რიცხვთან შედარებით, ექსპლუატაციაში მიღების რიცხვი გაცილებით დაბალია. მაგალითად, 2019 წლის მონაცემებით მშენებლობის 9,564 ნებართვა გაიცა, ხოლო ექსპლუატაციაში მიღებულ შენობა-ნაგებობათა რიცხვმა 2019 და 2020 წლებში მხოლოდ 4642-ს მიაღწია.

                                                                                                                                                          ავტორი: მარიამ შენგელია

კომენტარები