სიახლეები

პროპორციულ სისტემასა და "ბუნებრივ" ბარიერზე

ავტორი: გია ჩქოფოია

ევროპული საქართველო და ხელოვნური ბარიერის მომხრე პარტიებო, რატომ 3 % და არა 2.5%, ან 3.5%?

რომ გაიძახით ჭკვიანი და თვითდაჯერებული სახეებით და არახუნებთ ამ რიცხვებს, რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს? რამე ჭეშმარიტების ფორმულას მიაგენით და გვიმალავთ?

აუცილებელია რაღაცები გვესმოდეს, რომ არ წამოვეგოთ პოლიტიკურ ანკესზე. მოკლედ, ასეთი ამბავია, არსებობს ორი ტიპის ბარიერი: 

▪„ბუნებრივი“ ბარიერი იგივე უბარიერო სისტემა

ეს ბარიერი იცვლება იმის მიხედვით, თუ პირდაპირი პროპორციული წესით განსაზღვრული რამდენი ადგილია პარლამენტში. ვთქვათ, პარლამენტში არის 150 ადილი (საქართველოში). ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივი ბარიერი ანგარიშდება - 1/150 და ვიღებთ 0.67%-ს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე 2 მილიონი ადამიანი დადის, შენთან ერთად აუცილებელია 13,400 ადამიანმა მისცეს ხმა საერთო იდეებს (პარტიას), თუ გინდა რომ, ამ იდეებს ერთი ადამიანი მაინც იცავდეს პარლამენტში. ვთქვათ, თუ 26,800 ხართ ასეთები, მაშინ ორი წარმომადგენელი გეყოლებათ პარლამენტში და ა.შ.
(რატომ ბრჭყალებში „ბუნებრივი“ - იმიტომ რომ, თვითონ რიცხვი 150 არ არის ბუნებრივი. ანუ პარლამენტში ადგილების რაოდენობა „ზეციდან“ არ დგინდება. მასაც ჩვენ ვადგენთ. თუ ვთქვათ, ვიტყვით, რომ, სინგაპურს, რომელსაც 1.5 ჯერ მეტი მოსახლეობა ყავს და 15 ჯერ მეტი ეკონომიკა აქვს, ვიდრე ჩვენ და ამის ფონზე 87 დეპუტატი ყავს , ვითომ, ჩვენ რატომ არ გვეყოფა იგივე რაოდენობა? ასეთ შემთხვევაში „ბუნებრივი“ ბარიერი შეიცვლება - 1/87 = 1.15%. ამ ვითარებაში, ერთი წარმომადგენელი პარლამენტში ეღირება - მიახლოებით 23,000 ხმა.

▪ხელოვნური ბარიერი

ნებისმიერი რიცხვი, რომელიც აღემატება „ბუნებრივ“ ბარიერს, არის ხელოვნური. ანუ ვიღაც პოლიტიკოსების მიერ დაწესებული შეზღუდვა. რათქმაუნდა გვესმის ათასგვარი ტერმინები, რთული სინტაქსი, თუ რატომ არის აუცილებელი ეს ხელოვნური ბარიერი და რომ, მის გარეშე დაგვერხევა. სინამდვილეში საქმე გვაქვს უმეცრებასთან, ან გულუპრყვილობასთან ან ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებთან. რატომ? თუ გულწრფელად ამბობენ იმას, რასაც ამბობენ, მაშინ რატომ არავინ არ აჟღერებს, რომ პარლამენტის ადგილების რაოდენობის შემცირებითაც არის შესაძლებელი ამ ბარიერის აწევა?! ცხადია, ეს გასაგები მიზეზების გამო არ აწყობთ. უფრო აწყობთ ხელოვნურად აწიონ ბარიერი და ამით, ერთი მხრივ, ჩამოიშორონ წვრილი კონკურენტები, მეორე მხრივ, გაზარდონ მათივე გამსხვილების და დომინაციის ალბათობა. შედეგად, ვის აწყობს ასეთი შეზღუდვები? მსხვილ პარტიებს. დაახლოებით საბანკო რეგულაციებივითაა, რომლის შედეგად წვრილი მოთამაშეები კვდებიან, მსხვილები კი, უფრო მსხვილდებიან.

მედია სივრცეში, ხელოვნური ბარიერის აპოლოგეტებიდან, ძირითადად სამი ტიპის არგუმენტი გაისმის:


1⃣ ნეგატიური გამოცდილება:

იმ ქვეყნის გამოცდილებას, სადაც პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ბუნებრივი ბარიერით თითქოს მიზეზ-შედეგობრივად გამოიწვია ქაოსი და ეკონომიკური რეცესია.
 

2⃣ პოზიტიური გამოცდილება:

იმ ქვეყნის გამოცდილებას, სადაც 3% ან 5%-იანმა ხელოვნურმა ბარიერმა მიზეზ-შედეგობრივად განაპირობა საპარლამენტო პროცესების და ეკონომიკური ლანდშაპტის ოპტიმიზაცია და შედეგად, ეკონომიკური ზრდა.


3⃣ თეორიული არგუმენტი:

თითქოს ბევრი სხვადასხვა, მათ შორის რეგრესული, შეხედულებების არსებობა პარლამენტში, ართულებს საღი აზრის ირგვლივ კონსოლიდაციას და კონსენსუსს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საითხებზე. 

სამივე არგუმენტი საეჭვოა. რატომ?

☑ერთი მხრივ, იმიტომ, რომ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას და ასე, ერთმნიშვნელოვნად, ცალკეულ ცვლადებზე კორელაციის განსაზღვრა, შეუძლებელია. თუ ვინმე, მათემატიკურად დაასაბუთებს ასეთი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობას რეალურ მაგალითზე, მაშინ ახალ აღმოჩენასთან გვქონია საქმე. გაგვიზიაროს, მოვუსმენთ.

☑ამას გარდა, ცალკეულ ქვეყანასთან მიმართებაში რომც დამტკიცდეს ასეთი კაუზაცია, ამის განზოგადება რბილად რომ ვთქვათ, დემაგოგიაა. რატომ? ქართულ ანდაზას მოვიშველიებ - „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო“. მათემატიკური სტატისტიკაც ასე მუშაობს. ათასობით (სხვადასხვა საარჩევნო სისტემაში ჩატარებული არჩევნების ერთობლიობა) სიმრავლეში ერთი, ორი ან თუნდაც, ათი მაგალითი, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ, ცალკეული შედეგები განაზოგადო და უაპელაციოდ ამტკიცო - რაკიღა ამ და ამ ქვეყანაში (ებში) ასე მოხდა, ე.ი. ეგ ყოფილა ჭეშმარიტებაო.

☑ რაც შეეხება თეორიულ არგუმენტს, აქაოდა, გაგვიჭირდება კონსენსუსიო. დიახ, უნდა გაგიჭირდეთ და არა ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. ერთი აზრი როცა წყვეტს როგორ განვითარდეს ქვეყანა, ემანდ გვერხევა ხოლმე, როგორც წესი. როგორც ცოცხალ სამყაროში, ასევე იდეათა სამყაროშიც მუშაობს ბუნებრივი გადარჩევის პრინციპი. გადარჩება და განვითარდება ის იდეა, რომელიც უფრო არგუმენტირებული, საღი და ძლიერი იქნება. მხოლოდ თავისუფალი კონკურენციის, მრავალფეროვანი ფილტრის პირობებში უნდა გავიდეს ის აზრი, რომელიც გავა. ასეც რომ არ იყოს, აბა რაში გიხდით ფულს (წელიწადში პარლამენტი გვიჯდება 52 მილიონი ლარი)? პარლამენტი, სწორედ ის ადგილია სადაც ლაპარაკობენ, დაგავიწყდათ?!

უნდა გვესმოდეს, რომ, ისეთი მათემატიკური მოდელირება, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანასთან მიმართებაში დაადგენს თუ როგორი სისტემაა საჭირო, უბრალოდ არ არსებობს. თუ ემპირიულ გამოცდილებას გადავხედავთ, ვნახავთ ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ზომის პარლამენტი ბუნებრივი ბარიერით - % (1/პარლამენტის წევრების რაოდენობასთან) ან ხელოვნური ბარიერით - 1%, 2%, 3%, 4%, 5%, 8% და ა.შ. თითოეულ მათგანს რომ კითხო, რატომ ამდენი და არა მეტი ან ნაკლებიო, ეჭვი მაქვს ისეთივე არგუმენტები იქნება, რასაც ჩვენი ადგილობრივი პოლიტიკოსები გვტენიან. მეტიც, არც პარლამენტის ზომა და „ხელოვნური“ ბარიერის ესა თუ ის ნიშნული არ კორელირებენ არათუ ქვეყნის დემოკრატიის ხარისხთან, არც ეკონომიკასთან.


🤔 საეჭვოა ამ ხელოვნური ბარიერების მორალური მხარეც

საერთო ღირებულებების გამზიარებელ 13,400 ათას მოქალაქეს (0.67%) გამოუცხადო, რაკიღა 3% (60,000 ხმა) არ ხართ აქტიური ელექტორატისო (სტატისტიკურად 2 მილიონამდე დადის არჩევნებზე), არ მოგცემთ თქვენი წარმომადგენლის პარლამენტში ყოფნის შესაძლებლობასო - ეს მიდგომა მართლაც არაფერია, თუ არა უმრავლესობის ტოტალიტარული დიქტატი უმცირესობაზე. ეს ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი დემოკრატიის არსობრივ პრინციპებს. 

ისე, რომ გადავყევით ამ პროცენტებს, ვითომ რატომ არ უნდა ვიფიქროთ, 150 ადგილიანი პარლამენტი გვჭირდება კი საერთოდ? ან იქნებ ეთნიკური და კულტურული მრაფავლეფოვნებიდან გამომდინარე, შეხედულებათა ოპტიმალური შედუღაბებისთვის, არსებული რაოდენობა არ არის საკმარისი?! 

აი მაგ: 

▫მოლდოვას, სადაც მოსახლოების რაოდენობა თითქმის იგივეა და დემოკრატიის ინდექსით საქართველოს უსწრებს (მოლდოვა 79-ე , საქართველო 89-ე) ყავს 101 დეპუტატი - ხელოვნური ბარიერით - 4%

▫პანამას, სადაც მოსახლეობის რაოდენობა თითქმის იგივეა, 3.6 ჯერ აღემატება საქართველოს ეკონომიკას ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო დემოკრატიის ხარისხით 44 ადგილით უსწრებს საქართველოს, ყავს სულ 71 დეპუტატი. „ბუნებრივი“ ბარიერით - 1.41%

▫ისრაელს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 2.3 ჯერ მეტია, ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 9.6-ჯერ მეტი, ხოლო დემოკრატიულობის ინდექსით 59 ადგილით უსწრებს საქართველოს, სულ 120 პარლამენტის წევრი ყავს, ხელოვნური ბარიერით - 3.25%

▫ფინეთს, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 1.5 ჯერ მეტია, 11.5 ჯერ აღემატება ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, ხოლო დემოკრატიის ინდექსით 80 ადგილით უსწრებს საქრთველოს, სულ რაღაც 50-ით მეტი ვიდრე საქართველოს - 200 საპარლამენტო ადგილი აქვს. „ბუნებრივი“ ბარიერი – 1/200 – 0.5%

როგორ შეიძლება განვსაზღვროთ პარლამენტში ადგილების რაოდენობა? მინდა გითხრათ, რომ, აქაც არ არსებობს უნივერსალური ფორმულა. თეორიულად პარლამენტის ზომას შეიძლება განსაზღვრავდეს რამდენიმე ფაქტორი. აქედან, 3 გაზომვადი - ქვეყნის ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა, ადმინისტრაციული ოლქების რაოდენობა და 1 განუზღვრელი - მოსახლეობის ეთნო-კულტურული მრავალფეორვლოვნება. თუმცა, 50-მდე განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებზე ჩემი დაკვირვებით, პარლამენტში ადგილების რაოდენობასთან კორელირებს მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობა.

❗აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, არსებობს ასეთი ინდიკატორი - Population / Seats Index - რომელიც ითვლის, თუ რამდენი ადამიანი მოდის ერთ დეპუტატზე. რაც მეტია ეს რიცხვი, ნიშნავს იმას, რომ, სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში უფრო მცირე პარლამენტი აქვს და პირიქით, რაც უფრო ნაკლებია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მსხვილია ამ ქვეყნის პარლამენტი.
მოცემულ დიაგრამაზე ნახავთ, რომ, ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო წარმოჩენილ ქვეყნებთან მიმართებაში თითქმის ბოლო ადგილზეა. ამავე დიაგრამაზე, პროცენტების სახით (Threshold) გამოსახულია ბარიერების პროცენტული მაჩვენებელი. დიაგრამაზე წარმოდგენილი ყველა ქვეყანა დემოკრატიის ხარისხით (democracy Index) უფრო წინ არის ვიდრე საქართველო. მათ შორის, ეკონომიკაც თითქმის ყველა ამ ქვეყანას უფრო მეტი აქვს ვიდრე საქართველოს.
1%-ზე ნაკლები ნიშნავს, რომ, ამ ქვეყნებში ხელოვნური ბარიერი არ არსებობს და ის, მხოლოდ ბუნებრივი ბარიერით დაანგარიშებული აუცილებელი ნორმაა. 1%-ზე მეტი ნიშნავს, რომ, ამ ქვეყანაში დაწესებულია ხელოვნური ბარიერი. 

ავტორი: გია ჩქოფოია

კომენტარები