164 Views
Girchi News გირჩი

აპრილის პირველი კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები გირჩის დაიჯესტში

29 მარტს კრისტიან დანიელსონმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან.

ჟურნალისტებთან მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

თუ შეიძლება შეგახსენებთ, რომ თუ შეთანხმება შედგება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები. იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში კი მთავარი გამარჯვებული - ქართველი ხალხი.

ამავე დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეურაცხმყოფელია არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული, ბრალდებული და მისჯილი პიროვნება რაიმე ფორმით ამ მოლაპარაკებაში ჩართული იყოს.

იაგომ გადაცემაში მაია მამულაშვილის „დღის ამბები“ პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის მსგავსი ქმედებები სიახლეს არავისთვის წარმოადგენს.

რაც შეეხება მოლაპარაკებების პროცესს, იაგო განაცხადა რომ:

ამ ქვეყანაში ყოფილი და დღევანდელი მმართველი პარტიები შეიარაღებულები არიან ერთადერთი ინსტრუმენტით, მეორე მხარესთან ჩხუბით, მხოლოდ ეს იციან, რაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ბოლო რვა წლის უცვლელი ტაქტიკაა, რამაც კულმინაციას მიაღწია, მივიღეთ ეს კრიზისი რაც დღეს გვაქვს და თუ სიტუაცია არ შეიცვლება, კრიზისიც არსად არ წავა.

 

 

გავრცელდა ჭორები, რომ დანიელსონის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან შესაძლოა გიორგი რურუას შეწყალების საკითხსს უკავშირდებოდეს.

„დღის კურიერთან“ საუბრისას იაგომ აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრების საკითხი ბუნებრივია, რომ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას ხელს უშლის.

მოლაპარაკებების წარმატების იმ შემთხვევაში გვჯერა, თუ მას ისეთი საკითხები არ დაამძიმებს, როგორც ახლაა (პოლიტპატიმრების საკითხი).

 

 

ვახომ გადაცემაში „360 გრადუსი“ მოლაპარაკებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი უნდა დამთავრდეს, რადგან ხუთი თვის განმავლობაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს უბრალოდ აზრი არ აქვს, რადგან ეს არაადეკვატურად გამოიყურება.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ დანიელსონს იმისთვის მაინც გამოვიყენებთ, რათა გავარკვიოთ, რომ ამ გზით არაფერი გამოდის.

ორივე მხარეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკმარისი სტიმულები აჩვენოს, რომ მოლაპარაკება უნდათ და შესაბამისად ამ პროცესის გახსნის გასაღებიც ამ ორი პარტიის შიგნითაა და პროცესი ისე უნდა დამთავრდეს, რომ შემდეგ ცხოვრების გაგრძელების თანაბარი შანსები ყველას ჰქონდეს და არცერთი მხარის პოლიტიკური მომავალი ამ მოლაპარაკებების შემდეგ განადგურებული არ იყოს.

 

 

გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ ვახომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მიმართ ზომიერად პესიმისტურადაა განწყობილი, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში ახალი არაფერი გაუგია. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი სიტუაციიდან ახალი ფურცლიდან დაწყებაა.

ჩემი აზრით, ახლა ეს შესაძლებელია თუ კეთილი ნება არსებობს, მაგრამ თუ ვერ ვთანხმდებით, უმჯობესია ეს ხვალვე ვთქვათ.

 

 

30 მარტს ვახომ მაია მამულაშვილის „დღის ამბები“ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი არა პუნქტებია, არამედ მხარეების დამოკიდებულება ერთმანეთთან, რასაც ის შეხვედრაზე დააკვირდებოდა.

მისივე თქმით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველაფრის მეორე მხარისთვის დაბრალება უნდა დასრულდეს, ასევე შემდეგი დღიდან კარები უნდა გაიხსნას და ყველა საკითხი დეტალურად უნდა გაირჩეს და პროცესის დასრულების შემდეგ, ყველამ დამოუკიდებელი პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

თუ ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ მხარეები უკვე სამუშაოდ მომზადებულები მოვიდნენ და ფაქტობრივად წარმოდგენილი აქვთ, როგორ შეიძლება სიტუაცია პოლიტპატიმრების ნაწილში განიმუხტოს, მაშინ შეიძლება დავიჯეროთ რომ სხვა პუნქტებსაც აქვს რეალური შინაარსი, თუმცა მე ყველა პუნქტს ვერ დავეთანხმებოდი.

                                                                                                                                                                       - განაცხადა ვახომ.

 

 

სამშაბათს კრისიტიან დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა, პროცესის დროში გაწელვის გამო, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მედიატორებთან ერთი საათით გადაიდო.

იაგომ გადაცემაში „რეზიუმე“ თქვა, რომ მისი აზრით შეხვედრაზე ნაწილობრივ ყველა მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილებული უნდა იყოს.

მისივე თქმით, ის მხარე რომელიც ფასილიტატორების მიერ დადებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა პრო-დასავლელი ამომრჩევლისთვის მოუწევს.

 

 

ალექსანდრე რაქვიაშვილმა მოლაპარაკებების პროცესსზე, გადაცემაში დიანა ტრაპაიძის „დღის ამბები“ ისაუბრა. მისი თქმით, დანიელსონის ქცევა ძალიან ლოგიკურია.

დანიელსონი ყველაზე მეტჯერ ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, ცხადია არის ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტები, რომელიც ხელისუფლებამ უნდა დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე მხარეს წასვლას აზრი არ აქვს, ამიტომ ბუნებრივია რომ დანიელსონმა რაღაც ისეთი პირობა მიიღო, რის შემდეგაც დარწმუნდა, რომ ოპოზიციასთან საუბრის გაგრძელებას აზრი აქვს.

სანდროს თქმით, კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან არჩევნებს უნდა ეხებოდეს, რადგან ძალიან უცნაური იქნებოდა ოპოზიცია ნიკა მელიას და გიორგი რურუას ციხეში დარჩენას დათანხმებოდა და თავად ახალ არჩევნებზე წასულიყო.

 

 

სანდრომ გადაცემაში „360 გრადუსი“ თქვა, რომ ვახოს ესაუბრა და მან უთხრა თუ რა შეთავაზა დანიელსონმა მხარეებს, თუმცა პროცესის ხანგრძლივობის გამო ის მიიჩნევს, რომ იქ უკვე რაღაც იცვლებოდა.

ის რაც დანიელსონმა თქვა, რომ ყველა მხარე კომპრომისზე უნდა წავიდეს, ეს ამ დოკუმენტიდან იკითხება. შეთანხმების ტექსტი ძალიან ლოგიკურია, შეიძლება ჩვენ რაღაც არ მოგვწონდეს, მაგრამ გასაგებია მედიატორი როგორ მსჯელობდა.

მისივე თქმით, ბუნებრივია, როგორც ყველა წინა მცდელობაზე, ესეც შეიძლება შეთანხმებით დასრულდეს, თუმცა მოთამაშეების განსხვავებული მოტივებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად ოპტიმისტურად განწყობილი არ არის.

გირჩი ბოლო ორი კვირაა ემზადება იმ გეგმის განსახორციელებლად, რაც უკვე შემუშავებულია იმ შემთხვევისთვის, თუ მოლაპარაკებები ჩაიშალა.

 

 

მოლაპარაკებების მსვლელობის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდას ევროკავშირი აპირებდა.

„რეაქციაში“ იაგომ თქვა, რომ სანდროსთან ერთად შეთანხმდენ, რომ ვახო ადეკვატურობის ფარგლებში იმოქმედებდა და გირჩი ამორალურ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა.

სულ მქონდა განცდა, რომ შეთანხმების მიღწევა იმ ფორმატით, სადაც მხარეები მათთვის სასურველ ვერსიას ამბობენ, ვერ მივაღწევდით, რადგან ეს მხარეები იმდენად დაპირისპირებულები არიან, რომ ფაქტობრივად არ არსებობს საერთო საკითხი, რომელიც ამ ხალხს აერთიანებს, ამიტომ საბოლოო ჯამში რისი იმედიც მაქვს, ეს ერთგვარი სასამართლო განჩინებაა, სადაც დანიელსონი და მისი კოლეგები იტყვიან გზას, მათ როგორ წარმოუდგენიათ ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსავალი, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ვალდებულები ვიქნებით მას დავემორჩილოთ.

 

 

სანდრომ „იმედის ფაქტორში“ ქართული ოცნების წევრთან, ირაკლი ქადაგიშვილთან იდებატა.

ქართული ოცნების უდავო პასუხისმგებლობა ამ კრიზისში იმაში მდგომარეობს, რომ მათი მმართველობის პერიოდში არ დაგვრჩა ისეთი ინტიტუცია, რომელსაც ვენდობით. არც პრეზიდენტის მიმართ გვაქვს განსაკუთრებული ნდობა, თუ პრეზიდენტია, ხელისუფლების ამომრჩევლის გარდა, სხვებიც ხომ ისე თუ ასე უნდა ენდობოდნენ. ნდობა არც „ცესკოს“ გააჩნია და ჩვენი ეჭვი, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა სრულიად ლეგიტიმურია, იგივე ეხება პროკურატურასაც და ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში ხომ უნდა იყოს ვინმე, ვისაც ვენდობით?!

მისივე თქმით, ევროპელი მეგობრების დამხარება, რომ გვჭირდება სამარცხვინოა, რადგან ბელგიაში თუ კოალიცია ვერ დგება, გერმანიის წარმომადგენელი არ ჩადის იქ იმისთვის, რომ მოლაპარაკებებში დაეხმაროს.

სანდრო მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ ქვეყანას ისეთი წესრიგი სჭირდება, სადაც პოლიტიკური კონკურენციისთვის მეტი შანსი იქნება და ნაკლები შანსი, რომ რომელიღაც პარტიას კონცენტრირებული ძალაუფლება ექნება.

 

 

თითქმის 9 საათიანი შეხვედრის შემდეგ, შეთანხმება მაინც ვერ შედგა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, კრისტიან დანიელსონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დოკუმენტის შინაარსი მთლიანობაში ვერცერთმა პარტიამ ვერ გაიაზრა და ევროკავშირი ძალას ვერავის დაატანს.

ევროპული მისწრაფების განხორციელება საჭიროებს კომპრომისს და განსაკუთრებით სახელისუფლებო პარტიისგან, რომელმაც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.

დანიესლონმა დასძინა, რომ პროცესის შემდგომ ბედს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გადაწყვეტს, მას შემდეგ რაც ის ბრიუსელში დაბრუნდება და შექმნილ ვითარებას დეტალურად გააცნობს.

ვახოს პირველი კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ:

ჩემი აზრით, ცოტა მეტი დაძაბულობა, ცოტა მეტი მუშაობა და ეს დოკუმენტი შეიძლებოდა გამხდარიყო ძალიან კარგი რესტარტის საშუალება.

ძალიან უცნაურია, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა, მაგრამ ვფიქრობ უკვე ჩვენი შიდა საქმეა, რომ თითოეულ ამ პუნქტზე რა არის სწორი და რა არა, ხვალიდან ვილაპარაკოთ.

ერთის მხრივ კომპრომისი პოლიტპატიმრები უნდა ყოფილიყო, ხოლო ოპოზიციას თავის მხრივ ვადამდელ არჩევნებზე უარი უნდა ეთქვა და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებმა ეს კომპრომისი ვერ დაინახეს.

ოპოზიციამ თავი იმიტომ შეიკავა, რომ რურუას ქეისი ნათლად წარმოჩენილი არ იყო, თუმცა მედიატორმა სიტყვიერად ახსნა როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა.

ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა.

გირჩისთვის არაფერი არ შეცვლილა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგარიყო.

 

 

31 მარტს იაგომ შეხვედრის შესახებ, გადაცემაში მაია მამულაშვილის „დღის ამბები“ ისაუბრა. მისი თქმით, დანიელსონმა შეხვედრა დაიწყო ასე: თუ გინდათ ევროპელები იყოთ, ახლა ეს ნიშნავს შეთანხმებას და პარლამენტში შესვლას.

მისივე თქმით, დანიელსონმა მთელი პოლიტიკური სპექტრი გააფრთხილა, რომ არჩევნების გაყალბება-არ გაყალბებასთან დაკავშირებით განაჩენი გამოტანილია და ის არ შეიცვლებოდა.

იაგო მიიჩნევს, რომ ერთ ნაწილში 100% ჩამშლელი ოპოზიციააა, რომელიც თავის ამომრჩეველს ატყუებს რომ არჩევნები გაყალბდა, ხოლო მეორე ნაწილში - ხელისუფლება, რომელიც გირჩთან მიმართებაშიც კი არა-პატიოსნად იქცევა, იმიტომ, რომ თვლის - სხვა გზა არ გვაქვს.

არ მინდა, რომ არჩევანი არ მქონდეს ქართულ ოცნებასა და ნაციონალური მოძრაობის გარდა და ვფიქრობ ეს არც საქართველოს მოსახლეობას არ უნდა. შეიძლება ეს ბრძოლა გადარჩენისთვის იყოს და მხარდამჭერებს დახმარება ვთხოვოთ, მაგრამ ამასთან ერთად ეს იქნება ბრძოლა მესამე პოლიტიკური ცენტრის გაჩენისთვის.

 

 

ვახომ „დღის კურიერთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ამბობდა რომ ამ დოკუმენტზე ხელი ყველას უნდა მოეწერა, რადგან ის არ ელოდა, რომ წინა შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტის შემდეგ, მას ასეთს სრულყოფილს ნახავდა.

მისივე თქმით, გასაგები იყო რომ კომპრომისი უნდა გავლებულიყო ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების საკითხზე და შეთანხმება მოხდებოდა თუ არა სწორედ ამ ორი საკითხის გადაწყვეტას ეფუძნებოდა.

ხელისუფლების სურვილი რომ მართლა მოლაპარაკება ყოფილიყო, ადამიანების გამოშვების მიმართულებით მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი, რაც ფაქტობრივად ოპოზიციას თითქმის უარგუმენტოდ დატოვებდა.

ვახო მიიჩნევს, რომ პრობლემის ამ სტილით გადაწყვეტის იმედი აღარ უნდა გვქონდეს, ამიტომ გირჩი დამოუკიდებელ გზას აირჩევს.

 

 

სანდრომ გადაცემაში „პოლიტიკური პოსტი“ განაცხადა, რომ გირჩი მზად იყო შეთანხმებაზე უპირობოდ ხელი მოეწერა, თუმცა ყველა მხარემ რაღაცნაირად გაჭედა და ამ დოკუმენტს უკვე აღარანაირი ფასი არ აქვს.

გიორგი რურუას ქეისზე დაზარალებული არ არის და ის ციხეში ზის, ამიტომ მისი გამოსვლის თარიღი ივნისი იქნებოდა თუ ნოემბერი, ძალიან წვრილმანია. ხელისუფლებას ეს რომ დაეთმო, ოპოზიციის დიდი ნაწილი შეთანხმებაზე წამოვიდოდა.

ამ შემთხვევაში ეს დოკუმენტი იმდენად ლოგიკურად დაჯდა, რომ კონტრარგუმენტი არ მაქვს რომელიმე მხარემ ასეთ დოკუმენტს ხელი როგორ არ მოაწერა, მაგრამ გამოვიდა, რომ ხელისუფლების მხრიდან რურუას ქეისზე გაჭედვის შემდეგ, ეს ოპოზიციისთვის საბაბი იყო, რომ სხვა დანარჩენზეც გაეჭედათ და ამით დამთავრდა.

 

 

გადაცემაში დიანა ტრაპაიძის „დღის ამბები“ ვახომ განაცხადა, რომ შეთანხმება ხელმოსაწერი იყო.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, დანიელსონმა მხარეებს ნამდვილად შესთავაზა.

ქართული ოცნება ამბობდა, რომ იმ შენიშვნების მიუხედავად, რაც მათ აქამდეც ჰქონდათ გაჟღერებული ეს ჩვენს გადაწყვეტილებას ხელს არ შეუშლისო და შეთანხმებას ხელს მოვაწერთო.

მიუხედავად იმისა რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ფორმალური გაგებით ისინი სხვებთან შედარებით უფრო კონსტრუქციულები იყვნენ, მათ არ ეტყობოდათ, რომ შეთანხმება სურდათ.

 

 

31 მარტს 16:20 საათზე გირჩის ახალი სათათბიროს ფორმირება დასრულდა, რომელიც პარტიის ტოპ ხუთი პოლიტიკოსისგან, ტოპ ხუთი GED-ერისგან და ტოპ ექვსი შემომწირველისგან შედგება.

წარმოგიდგენთ ახალი სათათბიროს წევრების სიას:

ტოპ ხუთი პოლიტიკოსი:

1. როლანდი ნაჭყებია

2. ალექსანდრე რაქვიაშვილი

3. უჩა ბარბაქაძე

4. ბორის სოლომონია

5. ოთო ზაკალაშვილი

ტოპ ხუთი GED-ერი:

1. ზურა ბუხნიკაშვილი

2. ლუკა ცისკარიშვილი

3. აბესალომ დაბახიშვილი

4. ნოდარ ჩინჩალაძე

5. დავით ფანჯაკიძე

ტოპ ექვსი შემომწირველი:

1. გიორგი ახობაძე

2. დათო დარბაიძე

3. ტატო ჯახია

4. მიშო ხვედელიძე

5. მაქს ჩანია

6. გიორგი ჭაუჭიძე

რადიო „ჯორჯიან თაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იაგომ გირჩის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გირჩმა იმედი დაკარგა, რომ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის რაიმე ტიპის მოლაპარაკება შედგება, ასევე იმედი იწურება, რომ ამ პარლამენტისგან შეიძლება რამე გამოვიდეს, ამიტომ გირჩი ამ თამაშში აღარ იქნება.

ახალი თვითკმაყოფადი სისტემის აშენება გადავწყვიტეთ, რომელიც შემდეგ არჩევნებზე, როცა არ უნდა იყოს ეს, რაღაცნაირად წარმატების საშუალება მოგვცეს. ამავდროულად ისეთი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, რომელიც ქუჩაში დარჩენილი ოპოზიციისგან გაგვმიჯნავს, რომელსაც ამ წუთას იდეა არ გააჩნია.

ქართულ ოცნებას არ დავეხმარებით რომ ერთპარტიული პარლამენტის დაღი მოეხსნას, ისე რომ არაფერი რეალური არ დათმოს.

ჩვენ პარლამენტში ღირსეულად გვინდა შესვლა, რადგან მანდატები ღირსეულად მოვიპოვეთ, გარკვეულმა ადამიანებმა პარლამენტი ააყროლეს და იქ შესვლა სირცხვილი გახდა.

 

 

როდესაც მხარეები ფასილიტატორების თანდასწრებით თანხმდებოდნენ, როგორ შეიძლება პარტიების წარმომადგენლები კვლავ გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ პროცესს არ ენდობიან, თუ მათ შეთანხმება მართლა უნდათ. ფასილიტატორები ხომ სწორედ იმიტომ იღებდნენ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, რომ ნდობა არარსებობს მხარეებს შორის და ფასილიტატორების მხრიდან შეხვედრაზე ყველა სიტუაციიდან გამოსავალი შემოთავაზებული იყო.

                                                                                                                                - განაცხადა ვახომ გადაცემაში „რეზიუმე“

 

 

„ტვ კავკასიის“ ეთერში ვახომ მოლაპარაკებების პროცესზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის ევროპული გზა პარლამენტში შესვლა და იქ მუშაობის გაგრძელება უნდა ყოფილიყო.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვას, რატომ უნდა შეხებოდათ ამნისტია იმ პირებს, ვინც მაკო გომურს თვალი ამოთხარა, ვახომ ასე უპასუხა:

მნიშვნელოვანია რა არის მოლაპარაკებების მიზანი, შეთანხება და ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში გაგრძელება, თუ ძველი საქმეები კვლევის გაგრძელება იმ მდგომარეობაში, როდესაც სასამართლო არ გვაქვს და საბოლოო და ყველასთვის მისაღებ დასკვნამდე 20 ივნისის საქმეზე ვერ მივალთ.

მისივე თქმით, ყველა მხარეს უნდა დაენახა ის მთავარი რამ, რასაც შეთანხმება მოგვცემდა და ეს მშვიდობა იყო, რაზეც უარი ვთქვით.

 

 

ოთხშაბათს საღამოს, საქართველოში პრო-პუტინისტი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი მეგობრებთან ერთად, საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა.

პოზნერის საქართველოში ვიზიტს საპროტესტი აქცია მოჰყვა, რომლის მონაწილეებიც ჟურნალისტის სასტუმროსთან მივიდნენ და რესტორანს დენის მიწოდება გაუთიშეს.

დაძაბული სიტუაციის გამო, სამართალდამცველებმა პოზნერი და მისი გარემოცვა სხვა სასტუმროში გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეები ამ ადამიანების დაჯარიმებას მოითხოვდენენ, კომენდანტის დარღვევის გამო.

ვახომ მიმდინარე პროცესები „საჯარო პოლიტიკის“ ეთერში ასე შეაფასა:

ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ერთმანეთს ფაქტობრივად რუსეთის წარმომადგენლობაში და მათი მხარდამჭერების მფარველობაში ადანაშაულებს და ეს ამ სიტუაციის გაგრძელებაა.

 

 

პოზნერის და მისი გარემოცვის სასტუმრო „Rooms”-ში გადაყვანიშ შემდეგ, აქციის მონაწილეებმაც პროტესტი ამ სასტუმროსთან გააგრძელეს, რომელსაც კვერცხები დაუშინეს.

ჟურნალისტმა და მისმა გარემოცვამ საქართველო დილით დატოვა.

1 აპრილს ვახომ გადაცემაში ანა ახალაიას „დღის ამბები“ პოზნერის ვიზიტის შესახებ ისევ ისაუბრა.

მისი თქმით, პოზნერი უკვე მესამედ ჩამოდის საქართველოში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად, ეს ადამიანი ჟურნალისტებს ტრენინგებსაც უტარებდა და მანამდე ეს არავის გაუპროტესტებია.

რაც შეეხება ხელისუფლების ორმაგ დამოკიდებულებას, ვახო მიიჩნევს, რომ როდესაც ისინი სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა რეჟიმში აყენებენ, ეს სრულიად მიუღებელია, თუმცა მთავრობას ეს დღეს არ დაუწყია.

როდესაც ჩვენ ლოქდაუნს ვაპროტესტებდით შარშან გაზაფხულზე, ის ადამიანები რომლებიც გუშინ იქ იყვნენ მისულები საქართველოს მთავრობას მადლობას უხდიდნენ და უფრო მკაცრ შეზღუდვებს ითხოვდნენ.

რომელი საკითხი უფრო მნიშვნელოვანია - ის რომ ერთი ადამიანის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ აგვაღშფოთებს და ვითხოვთ, რომ ეს ადამიანები საზღვარზე არ შემოუშვან, და მეორე თემა ჩვენი ხელისუფლების ზოგადი დამოკიდებულება წესების მიმართ, როდესაც ეს ყველა ადამიანზე ერთნაირად არ ვრცელდება.

პირველ პრობლემას ნაკლებ მნიშვნელოვნად მივიჩნევ, თუ ჩვენ საქართველოს მიმართ არა სიყვარულით დამოკიდებული ადამიანები ქვეყანაში არ შემოვუშვათ, მაშინ საზღვარზე სიცრუის დეტექტორი უნდა დავაყენოთ.

არ მგონია ზოგადად ჩვენს წარმოდგენებზე უნდა იყოს დამოკიდებული ვინ შემოვუშვათ და ვინ არა.

გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა დასძინა, რომ კვერცხების სროლა წარმატებული ბიზნეს ობიექტის კედლებზე ამაზრზენი საყურებელია და ის არ თვლის, რომ ეს ქართველი ხალხია, რომელიც ასე იქცევა.

მისივე თქმით, დანიელსონთან შეხვედრის დროს, სწორედ ხალხი რომელიც აქციაზე იდგა, მოლაპარაკებები დროს შენობასთან ქვემოთ და ყვიროდა არ შეთანხმდეთო.

მე რომ ჟურნალისტი ვყოფილიყავი, მას ეთერში მოვიწვევდი და უამრავ კითხვას დავუსვამდი და კვერცხს არ ვესროდი.

 

 

იგივე თემაზე იაგომ „360 გრადუსში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ბევრი ცუდი ადამიანი ჩამოდის ისევე, როგორც ბევრი ცუდი ადამიანი ცხოვრობს, ზოგი მათგანი პოზნერის განცხადებებს ეთანხმება კიდევაც.

მისივე თქმით, ემოციები ჩაივლის და დავინახავთ, რომ ყველა ასპექტში სამარცხვინო იყო ეს ქმედება.

ეს ჩვენი სისუსტე და კომპლექსია იმის გამო, რომ ოკუპანტები საზღვართან გვჩაგრავენ და იქ სითამამე არ გვყოფნის და ვერაფერს ვერ ვშვებით, აქ სადაც სითამამე გვყოფნის და საფრთხე არ გვემუქრება, მამაცები ვართ და აქ სამშობლოს ვიცავთ. სინამდვილეში არ ვართ მართლები და არც სამშობლოს დაცვა არ არის ეს, რაც უნდა ვაღიაროთ.

იაგო თვლის, რომ ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს, ამ ვიზიტის გამოყენება და ხელისუფლებისთვის გავრილოვის მოწყობა უნდოდა.

რატომ არ ვართ საქართველოს მოქალაქეები თანაბარ უფლებიანები რუსეთის მოქალაქეებთან, ეს სწორი პროტესტია, მაგრამ ამაზე პრეტენზია რუსეთთან  ვერ გვექნება და აქციაზე კომენდანტის საათისგან ყველას გათავისუფლება კი არა, პოზნერის და მისი გარემოცვის დაჯარიმება იყო.

 

 

პარასკევს საღამოს იაგომ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.

როგორც ხელისუფლება ისე ოპოზიცია ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და როდესაც შენ დასავლელი პოლიტიკოსი ხარ რისი იმედი უნდა გქონდეს. თუ ხელისუფლება შეიცვალა და ოპოზიცია მოვიდა, შენ დარწმუნებული იქნები რომ ის შენიანია მაშინ, როდესაც ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ხელისუფლების მსგავსად, შენს რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.

ეს პროცესი ამ ქვეყნის მიმართ ფრუსტრაციას იწვევს, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობაზე ძალიან უარყოფითად აისახება და ჩვენ არ ვიქნებით ის ქვეყანა, რომელსაც ევროინტეგრაცია უნდა და დასავლური ღირებულებებისთვის იბრძვის, არამედ ერთი ჩამორჩენილი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა ვიქნებით, რომელსაც ჯერ ვერ გაურკვევია აზიაა თუ ევროპა.

 

 

კიდევ ერთი დაძაბული კვირისა და ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ, გირჩს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებებს იგივე ფორმატში აზრი აღარ აქვს, რადგან მხარეებს მოლაპარაკება სინამდვილეში არ სურთ.

ამიტომ მას შემდეგ, რაც გირჩის სათათბიროს თავკაცის არჩევა მოხდება და მის შემადგენლობასთან ერთად მოხდება, პარტიის სამომავლო პოზიციისა და გეგმების გავლა, ვაპირებთ ჩვენი ხედვა ჯერ ხელისუფლებას გავაცნოთ, შემდეგ კი საზოგადოებას.

                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები