სიახლეები

235 Views
Girchi News

კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები გირჩის დაიჯესტში

14 მარტს დანიელსონმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. რის შემდეგაც თითქოს გაჩნდა განცდა, რომ ორივე მხარე შეთანხმებისთვის მზად იყო. ასევე როგორც გაირკვა მოლაპარაკებების მაგიდაზე ისეთი წინადადება იდო, რომელიც გირჩს ძალიან მოსწონდა.

ხელისუფლების მხრიდან გაჟღერდა არაერთი პროვოკაციული განცხადება, რომელიც საზოგადოებისთვის გაურკვეველი აღმოჩნდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა:

საკითხები საკმაოდ კომპლექსურია, ამიტომ ყველა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები და კომპრომისზე წავიდეს, ეს დროს მოითხოვს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ხვალ მეტი წინსვლის შესაძლებლობა გვექნება.

15 მარტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შესახვედრად მარტო გაფრინდა.

შარლ მიშელთან გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ, ღარიბაშვილმა განაცხადა:

ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. ასევე მზად ვართ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, რომელიც ყველასთვის მეტ-ნაკლებად კომპრომისული უნდა იყოს.

იაგომ გადაცემაში „პოლიტნიუსი“ აღნიშნა:

ჩვენი პოლიტიკური სპექტრი იმდენად სეპეციფიურია, რომ არ არის მარტივი ეს ხალხი რამეზე შეათანხმო, ამიტომ კრისტიან დანიელსონი აქ ჩვენს გამო დარჩა, ის მეგობრულად იქცევა და არ სურს დაგვტოვოს ამ გაუგებრობაში, რაც ერთმანეთს მოვუწყვეთ.

 

ვახომ მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გადაცემაში „რეზიუმე“ ასე შეაფასა:

ამ ადამიანების წარმოდგენით ჩვენ ძალიან უცნაური ხალხი ვართ, რომლებიც ძალიან უცნაურად იქცევიან, მაგრამ იმიტომ რომ ისტორიულად დასავლური ინტერესები გვაქვს, ეგ არის ჩვენი ერთადერთი იმედი და მხოლოდ მათი მედიაცია თუ გადაგვარჩენს, რადგან ჩვენ ერთმანეთთან საუბარი დაგვავიწყდა.

 

ამავე საღამოს „დღის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვახომ დასძინა:

ის გარემოება, რომ ბატონი დანიელსონი დარჩა საქართველოში და არ მიგვატოვა ერთმანეთის პირისპირ, იმედის მომცემია და ნიშნავს რომ ის მეტ ინფორმაციას ფლობს და იმედი აქვს იმ მისიის წარმატების რის გამოც ჩამოვიდა.

2003 წლის კრიზისის დროს ჩვენს შესარიგებლად ივანოვი ჩამოვიდა და რაც შეიცვალა არის ის, რომ დღეს მოსკოვიდან კი არა ბრიუსელიდან ჩამოდიან, რაც ნამდვილად პროგრესია.

 

იაგომ მოლაპარაკებების პროცესზე გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ:

თუ არაფერს არ ვითვალისწინებთ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია და მაინც იგივე აზრზე ვრჩებით, ჩვენი პარტნიორებისთვის ხომ გასაგები ხდება, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც კი არის პროდასავლელი ამომრჩეველი, მაგრამ ხელისუფლება და ოპოზიცია, რომელიც ამ ამომრჩეველს წარმოადგენს რეალურად მათ ატყუებს და დასავლეთისთვის მისაღებად არ იქცევიან და საკუთარ ძალაუფლებაში მოსვლის ვნებას ანაცვლებენ ყველაფერს.

ჩვენ ამ გამარჯვებული-დამარცხებულის რკალიდან უნდა გამოვიდეთ, თორემ ცეცხლის კერები მანამდე არ ჩაქრება და სულ გაღვივებული იქნება.

ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი უნდა დაფიქრდეს, რომ მათმა ლიდერებმა ქვეყნის პროდასავლური მომავალი ეჭვქვეშ დააყენეს.

 მისივე თქმით, ხელისუფლება და ოპოზიცია დავობს იმაზე, თუ ვინ უფრო არაევროპელია, რადგან ევროპულს ჩვენს ქცევას ვერ დავარქმევთ. მისივე თქმით, გირჩის მიზანია იმის გარკვევა, თუ რომელმა მხარემ გაწირა ამ ქვეყნის მომავალი.

 

საღამოს ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. მან ასევე ოპოზიციურ პარტიებს ნაციონალური მოძრაობის განშტოებები უწოდა, რომლებსაც კრიმინალური წარსული აქვთ.

ვახო კობახიძის ამ განცხადებას „საჯარო პოლიტიკის“ ეთერში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადებები გირჩის დანაშაულებრივ წარსულზე დესტრუქციულია და შეუძლებელია მსგავსი რიტორიკა მოლაპარაკებებს ხელს უწყობდეს მაშინ, როდესაც მთლიანად ამ მოლაპარაკებების მთავარი პრობლემა ქვეყანაში პოლარიზაციაა და ჩვენი ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ აუცილებელია ამ პოლარიზაციის დასრულება.

 

 

იაგომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გადაცემაში „პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად“ ასე შეაფასა:

კეთილი უნდა ვინებოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ, გამოვიდეთ ზღაპრებიდან სადაც ამდენი ხნის განმავლობაში ვიყავით.

ეს პროცესი თუ იმის საფუძველი გახდა, რომ ამ ხალხს ჩვენს ქვეყანაზე გული უცრუვდა ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ მტყუანი არის ის, ვინც უკან არ დაიხია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ მოძველებულ პოლიტიკურ კლასს, რომელსაც იმდენი შეგნება არ გააჩნია, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები პარტიული ინტერესების გამო ფეხქვეშ არ გათელოს და ქვეყნის მომავალი საფრთხეში არ ჩააგდოს.

ხალხი წინ წასულია და დასავლეთისკენ სწრაფვა სურს, პოლიტიკური კლასი მათ ვერ დაეწია, რადგან ერთპიროვნულ მმართველობაზე უარი ვერ თქვეს.

 

16 მარტს ხვიჩიამ გადაცემაში დიანა ტრაპაიძის „დღის ამბები“ მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ მოლაპარაკებები ჩავარდება და ჩვენი ევროპელი პარტნიორები ქვეყნიდან წარმატების მიღწევის გარეშე წავლენ, საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი მნიშვნელოვნად შემცირდება და ეს იქნება ყველაზე უარესი, რის გაკეთებასაც მოქმედი პოლიტიკოსები ქვეყნისთვის შეძლებენ.

 

 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:

ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები საქართველოში. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეუთო-მ მიიჩნია ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

შალვა რამიშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში, ხვიჩიამ ძალიან დწვრილებით ისაუბრა იმის შესახებ, თუ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის მტრობა შეწყდეს.

მხოლოდ ის, რომ მტრობის ატმოსფერო დამთავრებული იყოს, სრულად საკმარისი იქნებოდა კონფლიქტის აღმოსაფხვრელად, ყველაფერი დანარჩენი იმისთვის გვჭირდება, რომ დავამტკიცოთ ეს მართლა გადავწყვიტეთ.

                                                                                                                                                                         - განაცხადა იაგომ.

 

„ღამის კურიერის“ ეთერში ვახომ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ყველა პარტია პარლამენტში უნდა შევიდეს და აღასრულოს ის პუნქტები, რაზეც შეთანხმება იქნება მიღწეული და ვინც ამას არ გააკეთებს, საკუთარ თავზე მოუწევს ამ პასუხისმგებლობის აღება.

17 მარტს ფასილიტატორებთან მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებოდნენ.

დანიელსონთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ვახომ ანა ახალაიას „დღის ამბებში“ ისაუბრა:

ჩვენმა მეგობრებმა ამდენი შრომა ჩადეს იმაში, რომ ესეთი შეხვედრა, სადაც ერთად დასხდებოდნენ მხარეები შესაძლებელი გამხდარიყო და ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ.

ჩვენი კრიზისი პიკშია და ახლა არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა და ის მხარეები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს შეთანხმება არ შემდგარიყო ალბათ მიმართავენ სასოწარკვეთილი ადამიანებისთვის დამახასიათებელ მსგავს პროვოკაციულ ღონისძიებებს, როგორიცაა სროლა და აქცია ციხესთან. თითქოს მხარეები ისევ გამარჯვებისკენ მიილტვიან და ამ შეთანხმების შედეგად გამარჯვებული და დამარცხებული მხარეები არ უნდა იყვნენ.

 

იაგომ ამ შეხვედრის შესახებ, „დღის კურიერის“ ეთერში ისაუბრა:

30 წლის მანძილზე თუ რამე კარგი გავაკეთეთ ეს არის ის, რომ ეს პარტნიორი არის არა რუსეთი, არამედ ჩვენი მეგობარი დასავლეთი, რომელსაც მხოლოდ ჩვენი შერიგების ინტერესი აქვს და არა რამის წართმევის ან დაქვემდებარებაში მოქცევის. ეს ქვეყანა ცივილური უნდა იყოს, ეგეთი მომრიგებელი მოსამართლე გვყავს და მგონია, რომ ეს ყველა მხარემ უნდა გამოვიყენოთ.

 

გადაცემაში „რეზიუმე“ ხვიჩიამ თქვა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მედიატორებისთვისაც გასაგები გახდება, რომ ამ ხალხს არაფერზე შეთანხმება არ უნდა, ამიტომ ალბათ დანიელსონი თავად დადებს საკუთარ პოზიციას.

მისივე თქმით, ევროპელები ჩვენზე ხელს არ ჩაიქნევენ არა პოლიტიკოსების, არამედ მოსახლეობის გამო, რომელიც პროდასავლელია, სწორედ ამაშია ჩვენი სიძლიერე და სამწუხაროდ პოლიტიკოსები ამ ეტაპზე დასავლეთს პატივს არ სცემენ.

 

ხაგრძლივი მოლაპარაკებები 20:00 საათზე ისევ უშედეგოდ დასრულდა.

18 მარტს კრისტიან დანიელსონთან კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ვახო სტუმრად ანა ახალაიას „დღის ამბებში“ იყო, სადაც შეხვედრის მოლოდინებზე ისაუბრა:

მოლაპარაკებებში ვერც ერთმა მხარემ რომ ვერ გაიმარჯვოს, ეს შეიძლება იყოს, როგორც შეთანხმების, ასევე კრიზისის საფუძველი.

 

დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ იაგომ აღნიშნა, რომ სურვილი აქვს ეს მასკარადი მალე დამთავრდეს, რადგან იმ ადამიანების რცხვენია, რომლებიც ბოლო ხუთი თვეა ტელევიზორს უყურებენ და  ხედავენ, რომ ერთი საკითხი პარლამენტში შესვლა-არ შესვლის ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ვერ გადაუწყვეტია.

 

 

მოლაპარაკებების პროცესი დროში იმდენად გაიწელა, ყველას გაგვიჩნდა განცდა, რომ შესაძლოა შეთანხმება შემდგარიყო, თუმცა ამაოდ.

10 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, არანაირი პროგრესი არ მომხდარა.

შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამ პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას დააკისრეს.

ქართულმა ოცნებამ თავის მხრივ, ყველაფერი ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს დააბრალა.

კრისტიან დანიესლონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ზოგიერთ მონაკვეთში პროგრესი მიღწეული იყო, რაც მისასალმებელია, რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო.

ვახოს პირველი კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ ასეთი იყო:

ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება, რაც ჩემთვის მთავარი პრობლემაა, ასევე არ მესმის ამ მოლაპარაკებების სტილი.

მოლაპარაკებებზე იყო ისეთი პუნქტები, რომლებიც მე მომწონდა და მიმაჩნდა, რომ ეს შეიძლებოდა გამხდარიყო კონსესუსის საგანი თუ საჯაროდ იქნებოდა განხილული და ასევე საჯარო წნეხი იქნებოდა იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც ზოგიერთ პუნქტს აგდებულად ეკიდებოდნენ.

სინამდვილეში მხარეები ერთმანეთს იმდენად ვერ იტანენ, რომ ამ ხალხს ერთმანეთთან საუბარი არ შეუძლია.

ახლა უნდა წავიდეთ და ძალიან ბევრი ვიფიქროთ, როგორ შეიძლება ამ უნიკალური კრიზისიდან გამოვიდეთ, იმიტომ რომ მრჩევლები კი ძალიან ეცადნენ დახმარებას, მაგრამ ახლა ჩვენი მოსაფიქრებელია.

 

19 მარტს გირჩის ყოველდღიურ გადაცემაში „დაუჯერებელი ამბები“ ვახომ და იაგომ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ისაუბრეს.

როგორც გაირკვა 10 საათიანი მოლაპარაკებების დროს მხარეები ერთ მაგიდასთან არ მჯდარან და ფასილიტატორები პარტიების წარმომადგენლებს ინდივიდუალურად ხვდებოდნენ.

გირჩის ლიდერების აზრით, შესაძლოა ასეთი ფორმატი მედიატორებმა ქართული პოლიტიკური სპექტრის მეტი სოციალიზაციისთვის მოიფიქრეს, რათა პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბარი მედიატორების გარეშე დაეწყოთ.

ვახო აღნიშნა, რომ:

გარემოს ათვისების მცდელობები იყო,  სხვადასხვა რაღაცეებზე საუბარი ვცადეთ, მაგრამ როგორც კი იმ საქმეს ვადგებოდით რის გამოც იქ ვიყავით, იქ უკვე საუბრის პრობლემა ჩნდებოდა. ზოგად საჭირბოროტო საკითხებზე საუბარი ერჩივნათ.

იაგო მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდი მხარეები არიან ადამიანები, ვისაც შეთანხმება არ უნდა, რადგან რომელიმე მხარეს შეთანხმება რომ სდომოდა, ის აუცილებლად შედგებოდა.

 

 

გადაცემაში „NEWSROOM” ვახო მ განაცხადა, რომ გირჩისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ შეთანხმება შემდგარიყო და მოლაპარაკებების პროცესის დროს, როდესაც ხდებოდა პუნქტების უარესობისკენ ცვლილება, ის მზად იყო საერთო შეთანხმებისთვის დათმობაზე წასულიყო.

რაც შეეხება მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარს, მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ეს შაბათ-კვირა ამ პროცესებზე მსჯელობას უნდა დაეთმოს.

საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი ალბათ ნაკლებად უნდა გვქონდეს და თუ რამე პერსპექტივა გვაქვს, ალბათ თავად უნდა მოვიფიქროთ ის ფორმები, როგორ შეიძლება ერთმანეთს ველაპარაკოთ. როდემდე შეიძლება პატარა ბავშვებივით ვიღაცამ ხელი ჩაგვკიდოს და ერთმანეთს შეგვარიგოს ხოლმე, მემგონი უნდა გავიზარდოთ და გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს.

 

დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვახომ განაცხადა, რომ მედიატორების განცხადება იქნება გადამწყვეტი, რადგან ის განცხადებები, რომლებიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან კეთდება, თუნდაც დიპლომატიური ენით შესაფასებელია და უნდა გავიგოთ ის ნაწილი, რომელსაც არცერთი მეორე მხარე არ ესწრებოდა.

 

 

საღამოს სხვადასხვა პოლიტიკოსებმა საჯაროობა მოჰფინეს იმ საკითხებს, რაზეც ხანგრძლივი მოლაპარაკებების დროს საუბარი მიდიოდა.

აღმოჩნდა, რომ შარლ მიშელის თავდაპირველი 5 პუნქტიანი დოკუმენტიდან ყველა საკითხი სხვადასხვა ფორმით განიხილებოდა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მოლაპარაკების მაგიდაზე ამ საკითხების გაუარესებული ვერსია იდებოდა.

ვახომ„დღის კურიერის“ ეთერში ერთ-ერთ ასეთ საკითხზე, ვადამდელ არჩევნებზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

ქართული ოცნება თანახმა იყო, იმ კონსტიტუციური პრინციპით, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით მოხდა და 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა, 2022 წლისთვის იგივე გაეკეთებინა. ანუ 2022 წელს დაენიშნა რიგგარეშე არჩევნები იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდებოდა, რომ ქართული ოცნების ლეგიტიმაცია შემოდგომაზე პრობლემა ექნებოდა.

 

გადაცემაში „360 გრადუსი“ იაგომ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებულ გირჩისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე უბარიერო პროპორციულ არჩევნებზე ისაუბრა:

პირველ დოკუმენტში ჩვენ რაც გვინდოდა, უბარიერო პროპორციული არჩევნები, მოლაპარაკებების მაგიდაზე იდო, ხოლო მეორე დღეს მნიშვნელოვნად გაუარესებულ დოკუმენტში ეს პუნქტი იდო მხოლოდ ერთჯერადად, 2024 წლისთვის, ანუ მხოლოდ შემდეგ არჩევნებზე.

მისივე თქმით, მხარეებმა თავიანთ მიზანს, მოლაპარაკებების ჩაშლას მიაღწიეს.

 

 

ამის შემდეგ გირჩმა განაცხადა, რომ ისინი აპირებენ ქართულ ოცნებასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყონ, რათა გაიგონ მოლაპარაკებები რომ სხვა განწყობებით ყოფილიყო, მართლა რის დასათმობად იყო მზად ქართული ოცნება.

ამ განცხადების შემდეგ ყველა მედიასაშუალებების მთავარი თემა გახდა, რაზე სურს გირჩს ქართულ ოცნებასთან საუბარი და ხომ არ აპირებენ ისინი პარლამენტში შესვლას.

ეს კვირა პოლიტიკურად საკმაოდ დაძაბული გამოდგა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმედია ქართული პოლიტიკური სპექტრი მართლა მიხვდება, რომ შეთანხმების გარდა სხვა გზა არ არსებობს, რადგან საზოგადოების არჩევანი პროევროპულია და ამ კრიზისს ქვეყანა სულ სხვა მხარეს მიჰყავს.

                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები