სიახლეები

292 Views
პოლიტიკა

რუსუდან გოცირიძე: ყველაზე "უკეთესი ერი" არ არსებობს

არ ვფიქრობ, რომ არსებობს "ყველაზე უკეთესი" ერი. ყველა ერს, ყველა კულტურას, ყველა ქვეყანას თავისი ფერი აქვს შეაქვს ამ სამყაროს მრავალფეროვნებაში. ჩვენი ქვეყნისთვის მრავალფეროვნება და თანასწორობა არ არის უცხო ხილი. უბრალოდ მეიდნის უბნის არქიტექტურის დონეზე არ უნდა დავტოვოთ არც ტოლერანტობა და არც მრავალფეროვნება.

გაზეთ ქრონიკა+-თან ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა და სამოქალაქო  აქტივისტმა, რუსუდან გოცირიძემ, რელიგიისა და პოლიტიკის კავშირზე ისაუბრა.

გოცირიძის თქმით, საქართველოში სიძულვილი პრობლემად იქცა, რელიგიის დანიშნულება სიყვარულის ქადაგება უნდა იყოს და არა სიძულვილის გაღვივება ადამიანებში.

დიდი ხანია, სიყვარულის სიმცირეზე აღარ ვწუწუნებ, სიყვარულს ვინ ჩივის, ერთმანეთის ატანაც კი არ შეგვიძლია, ოდნავ განსხვავებულისადმი ვიღვრებით სიძულვილად და ლანძღვა-გინებად. ვფიქრობ აგრესია, სიძულვილი და მიუღებლობა, განათლების ნაკლებობას მოაქვს. 

- პოლიტიკა და რელიგია - ეს ორი სამყარო რა გავლენას ახდენს დღეს საზოგადოებაზე?

- რელიგია პოლიტიკური ცნებაა, იმდენად პოლიტიკური, რომ აუცილებელი არცაა რელიგია რწმენასთან იყოს კავშირში.  რა თქმა უნდა , დიდი გავლენა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაზე, რელიგიურმა ლიდერებმა კარგად უნდა გაიაზრონ თავიანთი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა სიტყვაზე, ყველა ნათქვამზე. იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ რასაც ამბიონიდან  ვამბობთ, სცდება ჩვენი ტაძრის კედლებს და გლობალური მნიშვნელობა აქვს.თუ ძალადობას, სიძულვილს, მიუღებლობას ვქადაგებთ, ეს ითესება მთელ საზოგადოებაში და არსებულ მძიმე მდგომარეობაში ყველა რელიგიურ მოღვაწეს თავისი წვლილი მიუძღვის.

- სალომე ზურაბიშვილი მწვავედ გააკრიტიკეთ, როდესაც მან წმინდა ნინოს გზაზე გაიარა - რატომ არ მოგეწონათ მისი ეს გზა?

- როცა სახელმწიფოს მეთაური ხარ, უკვე აღარ შეგიძლია ერთი რიგითი მორწმუნესავით მოიქცე, თანაც საჯაროდ.  საქმე მხოლოდ ამ ერთ მსვლელობაშ რომ იყოს, მართლა დაიჯერებდა ადამიანი, რომ ეს ე.წ. რელიგიური ტურიზმის მხარდაჭერისთვის გაკეთდა.  ჩვენი ქვეყანა არ არის მართლმადიდებელი სახელმწიფო, საბედნიეროდ, სახელმწიფო რელიგია არ გვაქვს და ჩვენ სეკულარულ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, წესით, იმ გარემოში, სადაც ამდენი უთანასწორობა და დისკრიმინაციაა, ყველაზე ძლიერი და ყველაზე გავლენიანი რელიგიის სიმბოლოებით საკუთარ ხალხთან საუბარი არა მგონია, მიზანშეწონილი იყოს, საქართველოს ერთიანობის სიმბოლოს - პრეზიდენტის მხრიდან.

- თქვენ ყოველთვის მამაცად საუბრობთ ლგბტქ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე, დღეს რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი და როგორ ფიქრობთ, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო უზრუნველყოს პრაიდის კვირეულისა და მარშის მშვიდობიანი ჩატარება?

- გამოწვევების წინაშე დგომა, ცოტა გადაპრანჭულ ფრაზად მეჩვენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ფაქტობრივად, ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ფასად გადიან სახლიდან, სახელმწიფო თუ სახელმწიფოა, უნდა უზრუნველყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება.

დღეს როდესაც ქვეყნის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი რელიგიური ორგანიზაციის ლიდერმა, ფაქტობრივად ხელები დაიბანა და ნადირობის სეზონი გახსნილად გამოაცხადა, როცა სახელმწიფოს საჯაროდ მოსთხოვა, პრაიდის ჩატარება არ დაუშვათო..

როცა დავინახავთ, რომ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ ეშინიათ თქვან "მეფე შიშველია" უნდა გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გავლენა, ძალა და გამბედობა იმისა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან, დაანახონ ადამიანებს, რომ შეუძლებელია ქართველობაზე, პატრიოტიზმსა და ტრადიციების ერთგულებაზე საუბრობდე და რუსული სცენარის განხორციელებას უწყობდე ხელს,

შეუძლებელია ბიბლიის მუხლებს ციტირებდე იმისთვის, რომ ვიღაც დაჩაგრო , ვიღაც გარიყო, ვიღაც მოკლა.
მინდა ისეთი საქართველო გვქონდეს, სადაც ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან გაქცევაზე არ იოცნებებენ.

წყარო : "ქრონიკა+" (18.06.2019)

 

კომენტარები