სიახლეები

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეხვედრა ფასილიტატორებთან დასრულდა

"გირჩის" ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეხვედრა ამერიკის ელჩ, კელი დეგნანთან და ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსმა განაცხადა, ამ შეხვედრის მიზანი ფასილიტატორების მხრიდან არის მცდელობა ინდივიდუალურად იპოვნონ დაახლოების წერტილები ოპოზიციის პოზიციასა და ხელისუფლების პოზიციებს შორის, რათა მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას წინ.

ჯაფარიძის თქმით, ოპოზიციის პოზიცია არ შეცვლილა და არც რაიმე ახალი პოზიცია შეხვედრაზე არ გაჟღერებულა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს ხელისუფლებამ საკუთარი პოზიციების წითელი ხაზი გაავლო, ხოლო ოპოზიციამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გამოსავალი შესთავაზა მმართველ გუნდს, რომელიც არ არღვევს ამ წითელ ხაზს.

მე მაქვს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ხელისუფლება საკუთარ პოზიციას დაფიქსირებს. ახლა ვართ ამ რეჟიმში და ოპოზიცია საკუთარ პოზიციას არ ცვლის, არის ერთიანი და ამ მოცემულობით პარლამენტში შესვლას არავინ აპირებს.

                                                                                                                                                    - განაცხადა ჯაფარიძემ.

პოლიტიკოსი ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრის სალომე სამადაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბოიკოტი ზოგადად არ არის კარგი ისევე, როგორც ის კრიზისი რაშიც დღეს ქვეყანა იმყოფება, თუმცა შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება. 

                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები