სიახლეები

ვარლამის გზა

„სოციალიზმის იდეა ადამიანის სულის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ქმნილებაა... ისეთი მიმზიდველი, ისეთი ძვირფასი, რომ მან სწორად მოიპოვა უდიდესი აღფრთოვანება. თუ გვინდა მსოფლიო ამ ბარბაროსობისგან გადავარჩინოთ, ჩვენ სოციალიზმი ხელაღებით როდი უნდა მოვისროლოთ, არამედ უნდა გავაბათილოთ. სოციალიზმი მხოლოდ კაპიტალიზმის ალტერნატივა არ არის, იგი ყველა იმ სისტემის ალტერნატივაა, რომელშიც ადამიანს, როგორც ჰუმანურ არსებას, შეუძლია იარსებოს“.

ლუდვიგ ფონ მიზესი

თურმე 1 670 000 კაცს განცხადება ჰქონია დაწერილი, სოციალურად დაუცველის სტატუსი მომანიჭეთო. არადა რაც მეტი იქნება დახმარება, მით უფრო მოიმატებს სოციალურად დაუცველთა რიცხვი... გაჭირვების აღმოსაფხვრელად ეტატიზმი და პატერნალიზმი კი არა, თავისუფლებაა საჭირო!

ეკონომიკის ზრდა, სამუშაო ადგილები, სიდუხჭირის აღმოფხვრა, მატერიალური დოვლათის შექმნა თავისუფალ ბაზარს უკავშირდება, ანუ სახელმწიფოს გასვლას ეკონომიკიდან და არა გადასახადების ზრდას, სუბსიდიებს, რეგულაციებს, აქციზებსა და ისეთ მავნებლურ პროექტებს, როგორიცაა, მაგალითად „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „ხვნა-თესვის“ პროგრამა, „ფეხბურთის განვითარების ფონდი“, სიგარეტის მოწევის აკრძალვა კაფეებსა და რესტორნებში და ა.შ.

ნაკლები ბიუროკრატია, მცირე ბიუჯეტი, შეზღუდული სახელმწიფო და მეტი ფული ხალხში (ანუ ნაკლები და მცირე გადასახადები), მეტი უფლებები ხალხს (ანუ ნაკლები კანონები და ნაკლები აკრძალვები) - აი, რა გვჭირდება.

მხოლოდ ეკონომიკური და პიროვნული თავისუფლების სინთეზი ქმნის პირობებს განვითარებული ეკონომიკისთვის, მხოლოდ ასე შეიქმნა ის დოვლათი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნებში ვხედავთ. ისტორიამ არ იცის სხვა, საპირისპირო შემთხვევა.

რონალდ რეიგანი ამბობდა: „ინგლისურ ენაში ყველაზე შემაძრწუნებელი სიტყვები ასეთია: მე მთავრობიდან ვარ და ნება მომეცით დაგეხმაროთ“.

დიახ, ჩვენი პოზიციაც ასეთია, არა „მიშველე და დამეხმარე, სახელმწიფოვ!“, არამედ საპირისპირო - „დამეხსენი სახელმწიფოვ!“.

ცნობილი სოციალისტი ლუი ბლანი ამბობდა: კაცობრიობა მამოძრავებელ ენერგიას ძალაუფლებისგან იღებსო! სამწუხაროა, რომ ჩვენი ცნობიერება დღემდე ამ შხამითაა მოწამლული. ამიტომაცაა, რომ ჩვენი ხალხი ყველა პრობლემის მოგვარებას კანონში ხედავს. მოარული აზრია - „კანონი უნდა გამკაცრდეს!“ და პარლამენტიც „მუხლჩაუხრელად“ მუშაობს და კვირაში იმდენ კანონს იღებს, რამდენიც რომის იმპერიას 1000 წლის განმავლობაშიც არ მიუღია! არავინ დაგიდევთ მარტივ ჭეშმარიტებას - „რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი“.

კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა თავისუფლებაა და არა სახელმწიფო და ძალაუფლება!

ორი წელი მომიწია საჯარო სამსახურში მუშაობამ და მაშინ ერთმა მოხუცმა ქალბატონმა ასეთი რამ მითხრა: ნენა, ხომ აგირჩიეთ, ახლა არ უნდა გვეპატრონოთო?! სამწუხაროდ, ახალგაზრდებიც ასე ფიქრობენ. აბა სხვანაირად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი სოციალურად დაუცველის სტატუსს ითხოვს?! სოციალიზმმა ჩააბეტონა ჩვენში წარმოდგენა, რომ „სახელმწიფოს ვეკუთვნით ისე, როგორც ცხვრები მწყემსს“.

მეოთხედ საუკუნეზე მეტია დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ თუ „კომუნიზმის მშენებლობის ხარაჩოებიდან“ არ ჩამოვედით, თავისუფლებას ვერა და ვერ ვეღირსებით და დამოუკიდებლობასაც დავკარგავთ. სოციალიზმი, რომლის მშენებლობაც ჩვენდა სამარცხვინოდ, ხელახლა წამოვიწყეთ, არ მუშაობს! როგორც ჩანს, საბჭოთა გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი.

აი, ეკონომიკური სტაგნაციის მიზეზი - სოციალიზმი!

გახვალ ქუჩაში, შემხვედრი ნაცნობი გულწრფელად გკითხავს: „გვეშველება რამე?!“, ჰოდა მეც ღიად და გულწრფელად გიპასუხებთ: სოციალიზმის მაშენებელ ერს არაფერი ეშველება! სოციალიზმისკენ მიმავალი გზა „ვარლამის“ გზაა, იგი ტაძართან არ მიდის!

ავტორი: ვახტანგ ზენაიშვილი

კომენტარები