სიახლეები

გიორგი ფუტკარაძე: "გირჩი" ორპოლუსიანი გარემოს შეცვლას შეეცდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არც ისე შორსაა და ამიტომაც გასაკვირი როდია, ქვეყნის პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი პარტიები და გაერთიანებები თვითდამკვიდრებისთვის რომ იბრძვიან. ზოგიერთი მათგანი ცდილობს ახალ, ე.წ. მესამე ძალად წარმოაჩინოს თავი.

სწორედ ასეთი ამბიციით გამოირჩევა "გირჩი", რომელსაც თავისი დასაყრდენი ამომრჩეველი აჭარაშიც ჰყავს. სწორედ გირჩის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ფუტკარაძე გვესაუბრება დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე.

– ჩვენი შეხედულებით, ქვეყანაში არასახარბიელო მდგომარეობაა. ამიტომაც ყოველდღიურად ვაქტიურობთ, რათა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე გვქონდეს რეაქცია; რათა საზოგადოებას ვაჩვენოთ, როგორი მიმართულებით ვითარდება ცხოვრება, სად იზღუდება მათი თავისუფლება, რომელი კანონი რა ზიანს აყენებს ქვეყანას და როგორი სახელმწიფოებრივი მოწყობა იქნებოდა მათთვის უკეთესი. ჩვენი შეხედულება ამ უკანასკნელ საკითხზე მასობრივად გავრცელებული მოსაზრებისგან რადიკალურად განსხვავდება.

– როგორ ვითარდება საქართველო?

– ძალიან ნელა, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო განვითარების მაღალი დონის მქონე ქვეყნების რიგებში გადავიდეს და მატერიალური სიკეთე მოსახლეობის ყველა ფენამ იგრძნოს.

საჭიროა ეკონომიკაში მთავრობის ნაკლები ჩარევა, ნაკლები რეგულაციები, ნაკლები საგადასახადო წნეხი, რომ ადამიანებმა შეძლონ საკუთარი შრომით მოპოვებული რესურსი საკუთარივე შეხედულებისამებრ გამოიყენონ.

ხშირად, სახელმწიფო საბაზრო კანონზომიერებებში ერევა და ხელოვნურად ცდილობს კანონებით შეზღუდოს მათი თავისუფლება იმ ნაწილში, რომელიც არ გულისხმობს არანაირ ძალადობას, სხვისი ქონების მისაკუთრებას და სიცოცხლის ხელყოფას. შესაბამისად, ჩვენი პარტიის საქმიანობის ძირითადი მოტივია, ადამიანებს მიეცეთ თავისუფლება მოქმედებაში, რაც, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს სხვისთვის ზიანის მომტან საქმიანობას.

თუ მე ზიანს არ გაყენებთ და ისე ვცხოვრობ, როგორც მომწონს (მაგრამ შეიძლება თქვენ არ მოგწონდეთ), ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უფლება მოსთხოვოთ სახელმწიფოს ბორკილები დამადოს და რაიმე საკითხში შემზღუდოს. ასეთი მიდგომა უნდა გამოვიყენოთ როგორც ეკონომიკური, ასევე პიროვნული განვითარების კუთხით.

მოკლედ, მთავრობის ნებისმიერი გადაწყვეტილება, კანონი, თუკი ჩვენი გადასახედიდან ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, გასაუქმებელია.

– თქვენი აზრით, ბათუმის მერიის ყოფილი და ამჟამინდელი ჩინოსნების დაკავება საჩვენებელი შოუ იყო თუ რეალური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ?

– ჩვენ ამ საკითხს სიღრმისეულად ვუყურებთ, პიროვნების დაჭერით სისტემური პრობლემა არ გვარდება. უნდა ითქვას, რომ მერია ისეთ საკითხებში ერევა, რაც მისი კომპეტენცია არ არის. გარდა ამისა, წინა მთავრობის დროსაც და დღესაც ფუნქციონირებს ისეთი სამსახურები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს. ამაში იკარგება ფული, ძალიან ბევრი სამთავრობო დაწესებულება აკეთებს ისეთ საქმეებს, რომელიც მისი კომპეტენცია არ არის. იგივე, მაგალითად, პროექტი "იაფი სახლი" რეალურად იაფი არ გამოვა, რადგან ადამიანებს არ აქვთ გადახდის საშუალება. როცა მთავრობა გველაპარაკება "იაფ სახლზე", დასაფიქრებელია, ვისთვის იაფდება ეს სახლი და ვინ იხდის დანარჩენს და რა საბაზრო ფასი ექნება. ამ პროექტში თავიდანვე ისეთი შეცდომები იყო დაშვებული, რომ იქნებოდა კორუფციის წყარო, ამიტომ ვიღაცის დაჭერით პრობლემა არ გვარდება, ბუნებრივია, თუ ამ ადამიანებს ბრალი დაუმტკიცდათ. ეს პროექტი თავიდანვე იყო პოპულისტური, არაეფექტიანი და, შესაბამისად, იყო კორუფციის საფრთხეც.

– გვერდს ვერ ავუვლით შუალედურ არჩევნებს. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ის გარკვეულწილად 2020 წლის არჩევნების გენერალური რეპეტიცია?

– ეს არჩევნები იყო ტესტი საპარლამენტო არჩევნების წინ. საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლებას არ აქვს იმხელა რეიტინგი, 2012 წელს რომ ჰქონდა, შესაბამისად, "ქართული ოცნებისთვის" და ოპოზიციისთვისაც ის იყო ერთგვარი გაფრთხილება. ეს არჩევნები იყო კარგი საშუალება, რომ მხარდამჭერებისა და მთლიანად მოსახლეობისთვის გაგვეცნო ჩვენი ხედვა და მიზნები. "გირჩმა" აჩვენა საზოგადოებას, რომ არ დგას მხოლოდ სამ ლიდერზე. როგორც ცნობილია, მთაწმინდის ოლქში ჩვენი კანდიდატი იყო ჰერმან საბო, რომელიც დიდი ინტელექტით და თავისუფლების სიყვარულით გამოირჩევა. დამწყები პოლიტიკოსისთვის მან კარგი შედეგი აჩვენა.

– მეორე ტურთან მიმართებაში "გირჩმა" რატომ დაიჭირა ნეიტრალური პოზიცია?

"გირჩის" მხარდამჭერები განსხვავდებიან სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებისგან, ჩვენ არავის მოვუწოდებთ, რომ ესა და ეს უნდა გააკეთონ, შესაბამისად, "გირჩის" ყველა მხარდამჭერი თავისუფალია თავის არჩევანში.

რადგანაც ამ ორ ძალას ("ქართული ოცნება", "ევროპული საქართველო") ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული ხედვები აქვს, აქედან გამომდინარე, "გირჩმა" განაცხადა, რომ არც ერთ კანდიდატს მხარს არ უჭერდა, რაც არ ნიშნავდა მხარდამჭერებისთვის იმის მოწოდებას, რომ იგივე გაეკეთებინათ.

– შუალედურმა არჩევნებმა ცხადყო, რომ მოსახლეობა ორივე ძალის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი. ეთანხმებით ექსპერტთა ამ მოსაზრებას?

– "ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა" ერთმანეთს უარყოფითი მხარეებით ავსებენ. მათ ძირითად ნაბიჯებს თუ დავაკვირდებით, საზოგადოების გაყოფაზე არიან ორიენტირებულნი, შესაბამისად, მათი არც ერთი ქმედება ხალხის კეთილდღეობას არ ემსახურება; ერთმანეთთან პაექრობით არიან დაკავებულნი, ცხრა და შვიდწლიანი მმართველობის წამოძახებით, რაც, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვნებს და არჩევნებისადმი ნიჰილიზმს იწვევს. ამომრჩეველს რწმენაც ეკარგება, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა რაღაცას უკეთესობისკენ შეცვლის. ჩვენ პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაცია ვართ და ჩვენი გუნდის ლიდერები ცდილობენ, ამ პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობა არ მიიღონ.

ჩვენი პრინციპია თავისუფლება, სამართლიანობა. პარტიის ნებისმიერ ნაბიჯს ამ კუთხით ვუყურებთ. ერთ მხარესაა "გირჩი", მეორე მხარეს კი ყველა დანარჩენი, რომლებიც აბსოლუტურად სხვა სახის პოლიტიკას ქმნიან. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არსებული რეალობის შეცვლას.

– ექსპერტები ამბობენ, რომ არც ხელისუფლებას და არც "ნაცმოძრაობას" ხელს არ აძლევს მესამე ძალის შექმნა ...

– ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ მესამე ძალა, რადგან, ჩემი გადმოსახედიდან, მესამე ძალა ნიშნავს, რომ უნდა იყო განსხვავებული არა მხოლოდ სახელით, არამედ იდეოლოგიით, მრწამსით და ა.შ. დღეს ვინც უნდა გამოჩნდეს, "გირჩის" გარდა ვერავინ იქნება მესამე ძალა, რადგანაც ერთადერთი საშუალება, შანსი, რომ ქვეყანა გამოვიდეს წლების განმავლობაში შექმნილი კრიზისიდან, არის საზოგადოებისთვის მეტი თავისუფლების მიცემა, მთავრობის ნაკლები ჩარევა ადამიანების პირად ცხოვრებაში და ბიზნეს საქმიანობაში. არავინ უნდა უსაზღვრავდეს მათ, რა მიირთვან, რა ჭამონ, რა მოწიონ, როგორ ივარჯიშონ და ა.შ. ადამიანმა უკეთესად იცის, საკუთარი ცხოვრებისთვის რა სჯობს. 

ხშირად ჰგონიათ, რომ "გირჩი" იბრძვის ნარკომანიის პოპულარიზაციისთვის და ადამიანის გადაგვარებისთვის. სინამდვილეში, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ადამიანებმა თავად აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და იყვნენ პასუხისმგებელნი როგორც წარმატებაზე, ისე წარუმატებლობაზე. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური თავისუფლებაა საჭირო იმისთვის, რომ განვვითარდეთ.

"გირჩი", როგორც მესამე ძალა, მოტივირებულია, რომ 2020 წლის არჩევნებში მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენოს.

– მოსალოდნელია თუ არა, რომ "გირჩი" სხვადასხვა პარტიასთან კოალიციაში ვიხილოთ?

– ამ ეტაპზე ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი: "გირჩი" კოალიციაში არასდროს შევა იმ ძალებთან, რომლებიც ჩვენს იდეოლოგიას რადიკალურად ეწინააღმდეგებიან. ასეთი შეცდომა ერთხელ დავუშვით ­- ეს იყო პაატა ბურჭულაძის პარტიასთან კოალიციაში ყოფნა.

– მომავალი არჩევნები კვლავ ორპოლუსიანი იქნება თუ ჰორიზონტზე სხვა ძალაც გამოჩნდება?

– იმდენად ცოტა დროა დარჩენილი 2020 წლამდე, მეეჭვება, დიდი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ, თუმცა გამორიცხულიც არაფერია. ჩვენ ჩვენი მცირე რესურსებით ვცდილობთ მაქსიმალურად შევცვალოთ ეს ორპოლუსიანი გარემო და შევეცდებით პარლამენტშიც სოლიდურად ვიყოთ წარმოდგენილი.

– მაჟორიტარულ სისტემას ხელისუფლება არ აუქმებს. ეს რამდენად იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი ოპოზიციისთვის?

– მაჟორიტარული სისტემა ყოველთვის იყო სამთავრობო პარტიების "კოზირი", რასაც ყოველთვის იყენებდნენ საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის მოსაპოვებლად, შესაბამისად, მაჟორიტარული სისტემა უსამართლო და გასაუქმებელია.

– სამომავლოდ გამოიყენებს თუ არა მმართველი გუნდი "ანტიმიშას" კამპანიას და გაჭრის ეს მეთოდი 2020 წელს?

– როგორც ვხედავთ, ეს მეთოდი ჯერჯერობით მოქმედებს. თუ დავაკვირდებით, ეს ორი ძალა ("ქართული ოცნება" და "ნაცმოძრაობა") ერთმანეთს ავსებს და საერთოდ, მოსახლეობას ისინი ვერაფერს პირდებიან. ერთი ეუბნება, ხმა მე მომეცით, მიშა რომ არ დაბრუნდესო, მეორე ამბობს, ხმა ჩვენ უნდა მოგვცეთ, რადგან რეალური ოპოზიცია ჩვენ ვართო. მოკლედ, ერთი ძალა აშინებს საზოგადოებას მტრის ხატით, მეორე კი იმით, რომ დემოკრატია საფრთხეშია და გადარჩენა სჭირდება.

– გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. რამდენად აძლევს ხელს ეს მმართველ გუნდს?

– დღეს იმდენად არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემოა, რომ არავინ იცის, რა მოხდება, შეიძლება ეს აზრიც (ანუ ვადამდელი არჩევნების ჩატარება) უტრიალებდეს მთავრობას იმის შიშით, რომ 2020 წლამდე კიდევ ბევრი რამ არ დააშავონ. ფაქტია, "ქართული ოცნების" რეიტინგი კლებულობს, მმართველ გუნდს ამ ერთი წლის განმავლობაში რაც გადაარჩენს, ბიუროკრატიის მაქსიმალური შემცირებაა, ასევე საგადასახადო წნეხისგან ბიზნესის გათავისუფლება. "ოცნებამ" თავის გადასარჩენად ეკონომიკური ზრდის ტემპის მაჩვენებელი მაინც უნდა გაზარდოს, თუმცა მეეჭვება.

– რამდენად მოსალოდნელია, რომ მომავალი ხელისუფლება კოალიციური იყოს?

– ზოგადად, ქვეყნისთვის ცუდი არ არის კოალიციური ხელისუფლება. ასეთ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლება დაბალანსებულია, თუმცა გააჩნია კოალიციას. თუ ერთი და იგივე შეხედულების ხალხი მხოლოდ იმაზე იკამათებს, გზა როგორ დააგონ, ამით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. იმ შემთხვევაში განვვითარდებით, თუ კოალიცია იქნება იდეოლოგიაზე დაფუძნებული და ერთმანეთთან იმაზე იკამათებენ, რა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ­- თავისუფლება თუ შეზღუდვები.

– ცნობილია, რომ "გირჩის" წევრები კარგად ერკვევიან ეკონომიკაშიც. ამჟამად რამდენად რეალურია 400- ლარიანი პენსია?

– მსგავსი დაპირებები პოპულისტურია. თუ შენ ჰპირდები, ვთქვათ, 400 ­ლარიან პენსიას, უნდა დათვალო, საიდან მოგაქვს ეს თანხა. საბიუჯეტო სახსრებიდან თუ აპირებ თანხის გამოთავისუფლებას, ან ბიუროკრატია უნდა შეამცირო ან გადასახადი გაზარდო, სხვანაირად გამორიცხულია. საერთოდ, ასეთ განცხადებებს აკეთებენ იმათთვის, ვინც ეკონომიკურ საკითხებში ვერ ერკვევა და მშვენივრადაც სარგებლობენ მათი დუხჭირი მდგომარეობით, იციან, რომ ამ ადამიანებს უჭირთ და ეს პენსია მათთვის შეიძლება მომგებიანი დაპირება იყოს.

"გირჩი" აქცენტს ყოველთვის ნაკლებ საგადასახადო წნეხზე აკეთებს, რათა მთავრობამ ადამიანებს უფრო მეტი ფინანსური რესურსი დაუტოვოს. ათასი უფუნქციო სამსახურია სამინისტროებში, რამდენიმე სამინისტრო მთლიანად გასაუქმებელია.

– რომელ სამინისტროებს გულისხმობთ?

– მაგალითად, განათლების სამინისტროს.

განათლება უნდა იყოს თავისუფალი, ადამიანებს არ უნდა უსაზღვრავდნენ, შვილებს რა და როგორ ასწავლონ. არც სკოლას უნდა უსაზღვრავდნენ, რა შესთავაზოს მშობელს შვილისთვის. თქვენ, როგორც მშობელმა უნდა გააკეთოთ არჩევანი, რომელ სკოლაში მიიყვანოთ ბავშვი, იქ როგორი სწავლება გსურთ. ბავშვებს ერთი სტანდარტით არ უნდა ვზრდიდეთ. იმდენად სწრაფად ვითარდება სამყარო, რომ ჩვენი დღევანდელი განათლების სისტემა მათ ვერ ამზადებს მომავლისთვის. ასევე, გასაუქმებელია კულტურის სამინისტროც.

– მაშინ ამ დარგებს ვინ უნდა კურირებდეს?

– ეს დარგები უნდა იყოს აბსოლუტურად კომერციული, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის, ანუ მოთხოვნა­მიწოდების პრინციპზე დაფუძნებული. განათლება ისეთივე პროდუქტია, როგორიც, მაგალითად, გაზეთის ბეჭდვა და რეალიზება. განათლება არის ინტელექტუალური პროდუქტი. ეს ისეთი ფართო და მრავალმხრივი თემაა, რომ ერთი საგაზეთო ინტერვიუ არ ეყოფა.

– და ბოლოს, თქვენ რომ იყოთ ხელისუფლებაში, რას მოიმოქმედებთ სხვადასხვა მიმართულებით?

– "გირჩის" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გაუქმდება ყველა კანონი და რეგულაცია, რომელიც ზღუდავს როგორც პიროვნების, ისე ბიზნესის თავისუფლებას; მინიმუმამდე შემცირდება ბიუროკრატია და გაუქმდება ყველა ის სამინისტრო და სახელმწიფო სამსახური, რომელიც ფუჭად ფლანგავს მოქალაქეების ფულს და ეკონომიკისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს; მინიმუმამდე შემცირდება გადასახადები და მოქალაქეებს დარჩებათ მეტი რესურსი განვითარებისთვის; მილიარდობით ღირებულების "სახელმწიფო" ქონება დაუბრუნდება ხალხს და ჩაერთვება ქვეყნის ეკონომიკურ პროცესში; მაქსიმალურად იქნება დაცული ადამიანის სიცოცხლე, პიროვნული თავისუფლება და საკუთრება; გაუქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახური და ქვეყნის თავდაცვა გახდება ბევრად ძლიერი და ეფექტური; გვექნება ობიექტური და მიუკერძოებელი სასამართლო, სადაც ადამიანი სამართალს მაქსიმალურად მოკლე დროში იპოვის. სია შემიძლია უსასრულობამდე გავზარდო, თუმცა უფრო დეტალურად მომავალში ვისაუბროთ.

წყარო: გაზეთი "აჭარა"

კომენტარები