სიახლეები

ვახო მეგრელიშვილი: საქართველოს მოქალაქეების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ძალიან გაჭირვებული ერი ვართ და რამენაირად ამ მდგომარეობიდან უნდა ამოვიდეთ

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა და რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვახო მეგრელიშვილმა "ტვ ფორმულას" ეთერში პარტიის წინასაარჩევნო მესიჯებზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ზოგადად მაჟორიტარულ არჩევნებს საქართველოს ისტორიაში კარგი შედეგი არასდროს არ ჰქონია. ხოლო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ბოლო შემთხვევაა, როდესაც ქვეყანას მაჟორიტარული არჩევნების ნარჩენები აქვს და ეს ნარჩენებიც ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა გამოივაჭრა, როდესაც ის ოპოზიციას პროპორციულ არჩევნებს ევაჭრებოდა. მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ეს ყველას ემახსოვრება.

წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე რას პირდება ვახო რუსთავს. მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ "გირჩი" დაპირებების პარტია არ არის, რადგან ამას შინაარსი არ გააჩნია. "რუსთაველებმა მე უნდა ამირჩიონ იმიტომ, რომ მე მათ სპეციფიურად არაფერს ვპირდები".

ჩემი აზრით, ჩვენ არაფერი არ უნდა ვუთხრათ რუსთავის ამომრჩეველს იმისგან დიდად განსხვავებული, რასაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ვეტყოდით. საქართველოს მოქალაქეების მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ჩვენ ძალიან გაჭირვებული ერი ვართ და რამენაირად ამ მდგომარეობიდან უნდა ამოვიდეთ. 

                                                                                                                                                    - განაცხადა მეგრელიშვილმა. 

სწორედ ამისთვის "გირჩმა" კოლეგებთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გაგვერკვია მთავარი რა არის გასაკეთებელი მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება.

ვახოს თქმით, პირველი რაც უნდა გაკეთდეს არის ის,  რომ პარტიებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა დაიწყონ, რასაც "ქართული ოცნება" არ აკეთებს და იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ძალა არჩევნებს მოიგებს, ის იზოლაციისთვისაა განწირული, შესაბამისად საბოლოო ჯამში ის განწირულია დამარცხებისთვის. 

"გირჩის" სურს, რომ ადამიანებმა საკუთარ ცხოვრებაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. რაც გამოიხატება საკუთრების უფლებით, სასამართლოს დამოუკიდებლობით, ნამდვილი მართლმსაჯულების სისტემით, საკუთარი შვილების აღზრდაზე პასუხისმგებლობის აღებით და ამ ქვეყანაში სამართლიანობაზე პასუხისმგებლობის აღებით. მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ სამართლიანობაა ნებისმიერი ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტი. 

პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რუსთავსაც იგივე პრობლემები დაატყდა თავს, რაც ყველა დანარჩენ ქალაქს, ამიტომ რუსთავსაც სხვა ქალაქების მსგავსად მეტი თავისუფლება სჭირდება. წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას არის თუ არა გამოსავალი ჯარიმების გაზრდა, რათა ჰაერის დაბინძურების დონემ იკლოს. ვახომ უპასუხა, მათ ვინც ჰაერის დაბინძურებით ზიანდება, შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ წავიდნენ სასამართლოში და უჩივლონ ამ ქარხნებს, იმის მაგივრად, რომ ამ პრობლემის მოგვარება ხელისუფელბას მივანდოთ, რომელიც მხოლოდ რეგულაციებს დააწესებს.  "სწორედ ამიტომ გვჭირდება სამართლიანი სასამართლო და მოსახლეობის ინტერესი სუფთა ჰაერი ისუნთქოს, ასევე იგივე ადამიანების ინტერესი სადღაც იმუშაოს, ბალანსში იყოს" - მიიჩნევს ვახო. 

რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, "გირჩის" აზრით, 20 ივნისიდან მოყოლებული საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომ ძალაუფლება ხელში ერთპიროვნულად ვეღარავის ჩაეგდო.

ჩვენ ოპოზიციასთან ერთად შევთანხმდით, რომ ქვეყანაში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დასრულდება. მოქალაქეები მოსამართლეებს და პოლიციის უფროსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით თავად აირჩევენ. ასე ჩვენ მივიღებთ სისტემას, რომლის მართვის სადავეებიც ერთი ადამიანის ხელში ვერ იქნება. 

ამიტომ ჩვენ თუ პარლამენტში ღირსეულად ვიქნებით წარმოგდენილები, მეტი შანსი იქნება იმისი, რომ იმ მიზნების მიღწევის შანსი, რაც ჩვენ გვინდა გაიზრდება. 

                                                                                                                                                 - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა. 

სასამართლო სისტემის შესახებ მემორანდუმი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

შეთანხმება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ იხილეთ ამ ბმულზე.

შეთანხმება განათლებისა და ეკონომიკის საკითხებზე იხილეთ  ამ ბმულზე. 

                                                                                                                                                                     ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები