სიახლეები

თეთრ ცხენზე ამხედრებული ბიუროკრატია

რა არის სახელმწიფო? ადამიანები და მათ მიერ, მათივე შეთანხმების შედეგად შექმნილი სტრუქტურა, რომლის მოქმედების მიზანსაც უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა უნდა წარმოადგენდეს? ალბათ კი.

თუკი იმ სახელმწიფოს შევხედავთ, რომელშიც დღეს გვიწევს ცხოვრება, შეუიარაღებელი თვალითაც კი ადვილად შევამჩნევთ, რომ მას არანაირი კავშირი არ აქვს შექმნის იდეასთან. მეტიც, იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც საზოგადოებამ ქვეყნის მართვა ანდო, ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს  -  ხელი არ შეგვიშალონ ცხოვრებაში. და თუ ეს ასეა, მაშინ რატომ ვუხდით ამ სისტემას ჩვენი ყოველი 3 ლარიდან 1 ლარს? რატომ ვუხდით ამ ფულს იმის კეთებაში, რის არგაკეთებასაც შემდგომ თავად ვთხოვთ?

აბსტრაქციას რომ გავცდეთ და რეალურად წარმოვიდგინოთ, რა შედეგები მოაქვს კეთილი მიზნებისთვის ადამიანების ქვეყნის მართვის უფლებით აღჭურვას, მივხვდებით, რომ ამგვარი ორგანიზაციის (ხელისუფლების) არქონა იმაზე მეტს ვერაფერს გააფუჭებდა, რასაც შექმნის დღიდან აფუჭებს, სხვადასხვა ხარისხითა და დოზით:

  • გვაქვს ეკონომიკის სამინისტრო და 4%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწევად მიიჩნევა. ბიუროკრატია სოფლის მეურნეობის „განვითარებას“ არქმევს ადამიანების სოფელში „დაბმის“, სიღატაკეში დარჩენის პროექტებს და ამაშიც ფულს ვიხდით.  
  • სპორტზე/ ხელოვნებაზე ზრუნავს, შედეგად -  ფეხბურთელებს მაყურებელი არ ჰყავთ, მსახიობები კი სპექტაკლებზე ფიქრის ნაცვლად დამატებითი ფულის მისაღებად პოლიტიკოსებთან გარიგების ფორმებზე ფიქრობენ.
  • საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში ნორმალურ კანონმდებლობაზე ფიქრის ნაცვლად, 150 ადამიანი სამუშაო დღის გასაყვანად დადის ან საერთოდ არ დადის და მხოლოდ პარლამენტარის არც ისე მცირე ხელფასს იღებს.
  • თავდაცვის სამინისტროც გვაქვს, ოღონდ არავისგან თავის დაცვა შეგვიძლია, მართლა.
  • შსს-ც გვაქვს, რომელიც საბჭოთა კავშირის დასახასიათებლად იდეალური საშუალებაა და სრულიად ლეგიტიმურადაა მისაბმელი საბჭოთა კავშირის ისტორიას სახელმძღვანელოებში.
  • ამავე ისტორიასაა მისაბმელი დღევანდელი განათლების სისტემაც. მშობლები ბავშვებს სკოლაში გაშვებით საბჭოთა აზროვნებისთვის ისე წირავენ, რომ ვერც კი იაზრებენ ამას, უბრალოდ, არ იციან. მათ აზროვნების დეგრადაცია განვითარება ჰგონიათ.
  • ქვეყანაში გვაქვს სასამართლოც, რომელსაც ასევე დაკარგული აქვს შინაარსი. ხშირად, მისთვისაც უცხოა სამართლიანობა და მორალი.

კიდევ ბევრია დასაწერი იმაზე, თუ რის კეთებას ცდილობს და ვერ/არ აკეთებს სახელმწიფო, ბიუროკრატია, მაგრამ აქ სხვა რამაა მნიშვნელოვანი - ეს სურათი იდეალურია იმის წარმოსადგენად, თუ როგორ შეიძლება იქცეს კეთილი მიზნებისთვის შექმნილი ორგანიზაცია ბოროტების სავანედ. არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ იდეოლოგიებზე და იმის შემოთავაზების მცდელობაზე, რომ თავისუფალი ბაზარი უსაფრთხოების სერვისსაც მოგვაწვდის და თავისუფალი ბაზრის ანარქიზმი პრობლემის იდეალური გადაჭრის გზაა.

ეს ყველაფერი ლუსტრაციაა იმის, თუ როგორ „შეუძლია“ ბიუროკრატიას ადამიანებზე ზრუნვა. ვფიქრობ, სწორედ ამის გააზრებაა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი.

დღევანდელ დღემდე, ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მმართველი ძალა ხდებოდა, გზაჯვარედინზე იდგა და ფიქრობდა, რა გზით წაეყვანა ქვეყანა. დღემდე ასე დავდივართ, ვიღაცების ჭკუაზე, მათი გემოვნებით, ფანტაზიით, მორალით და ა.შ. თუმცა, როცა ამ ადამიანებს გზა ეშლებათ, არასოდეს აღიარებენ ამას. ვიდრე ხელისუფლებაში არიან, გამუდმებით გვიმტკიცებენ, რომ მათი გზა სწორია, უბრალოდ, დანიშნულების ადგილამდე კიდევ ბევრი სიარულია საჭირო. ესეც ბიუროკრატიის სინდრომია  - ისინი არასდროს აღიარებენ შეცდომებს, ეს ხომ მათ დაღმასვლას განაპირობებდა. პრემიერ-მინისტრი, ნაცვლად იმისა, რომ ცენტრალური, სახელმწიფოს მიერ მონოპოლიზებულად მოწოდებული განათლების სისტემის კრახზე საუბრობდეს, სამინისტროს ბიუჯეტის გაორმაგებას ითხოვს. ანუ, მას სისტემა სწორ გზაზე ჰგონია, უბრალოდ ფეხის აჩქარებას თვლის საჭიროდ.

ეს ხომ იგივეა, გამოცვლის ნაცვლად ბალანსს ავსებდე დამტვრეულ მობილურში, რომელიც არ რეკავს.

და მაინც, სად მივდივართ? რას ვაპირებთ? რისთვის უნდა ვიბრძოდეთ?

ისევ მესიას ვეძებთ, რომელსაც ეცოდინება რომელი გზაა სწორი გზაჯვარედინზე, რათა მისკენ წაგვიყვანოს? კატეგორიულად - არა. ეს იგივე წრეა. თუნდაც იცოდეს სწორი გზის შესახებ, მისი იმედი ხომ ერთი ადამიანის გონიერებაზე დამოკიდებულებას ნიშნავს. თუკი ერთხელაც ღილაკი აერია? სისტემა, რომელიც დამოკიდებულია კონკრეტული ადამიანის სწორად მუშაობაზე  - ცუდი სისტემაა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პრობლემა მთავრობის ჩარევაა და არა ის, რომ რაღაცას უჭკუოდ აკეთებს. ასეთ შემთხვევაში, მუდმივად ვიქნებით თეთრ ცხენზე ამხედრებული „ჭკვიანი“ ადამიანის მოლოდინში. ჩემი აზრით, სისტემას უნდა მოვუხერხოთ რამე და ისე ავაწყოთ, რომ მას არ სჭირდებოდეს ვინმე მითიური, მცოდნე ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის, როდის რომელ ღილაკს დააჭიროს თითი.

სისტემა უნდა ეფუძნებოდეს ჩარჩოებს, რომლის შიგნითაც „უხილავი ხელი“ და ადამიანების თავისუფალი მოქმედებები თავის საქმეს გააკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ფრაზა „ბაზარი არეგულირებს“ დემონიზებულია, გამოსავალი სწორედ მასშია და დიახ, ბაზარი არეგულირებს.
                                                                                                                                           ბადრი გრიგალაშვილი

კომენტარები