სიახლეები

რა არის საჭირო იმისათვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ?

"მთავარ არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" ეთერში გასული სიუჟეტი "გირჩის" ხედვას სიღარიბეზე და მისი დაძლევის გზებს ეხებოდა. 

დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ბოლშევიკების მოსვლამდე ქვეყანაში ყველა არსებულ აქტივს თავისი პატრონი ჰყავდა. ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, ადამიანებს საკუთრება ჩამოართვეს და მრავალი წლისა და ხელისუფლების ცვლილებების შემდეგაც, არსებითად არაფერი შეცვლილა. პარტიაში მიაჩნიათ, რომ პირველ რიგში ხელისუფლების ბალანსზე არსებული ქონება უპატრონოა და ის მოქალაქეებს უნდა დაუბრუნდეს. 

მას შემდეგ რაც მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი აქტივების რიცხვი გაიზრდება, ადამიანებს საშუალება ექნებათ ეს საკუთრება თავიანთი სურვილისამებრ განკარგონ. შესაბამისად, თუ კონკრეტული პირი საკუთარ მიწაზე გადაწყვეტს ფერმის გაშენებას, მისი შემოსავალი გაიზრდება. 

ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობა დღეს სხვადასხვა მომღერლებს აფინანსებს, რაც რეალურად ჩვენი ჯიბიდან ხდება, რადგან ეს გადასახადების მეშვეობით ჩვენგან წართმეული ფულია.

ასევე ხელისუფლება 70-ზე მეტ ფეხბურთის გუნდს აფინანსებს, ვითომ ფეხბურთი ჩვენი სპორტია. სინამდვილეში კი, ქართველი ფეხბურთელები ჩვეულებრივი საჯარო მოხელეები არიან, რომლებიც სხვა სამინისტრო თანამშრომლებისგან იმით განსხვავდებიან, რომ უბრალოდ შორტებით დარბიან.

                                                                                                                                                                   - მიიჩნევს ჯაფარიძე. 

მისივე თქმით, იგივე ხდება ყურძნის სუბსიდირების და საპატრიარქოს შემთხვევაშიც, რითაც ხელისუფლება მხარდაჭერას ყიდულობს, რომელიც საარჩევნოდ ან ხმებში, ან საჯარო მხარდაჭერაში გარდაიქმნება. 

მთელი ეს უაზრო ხარჯები, რომელიც ხელისუფლებას ისედაც გაჭირვებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან მიაქვს, როგორც მინიმუმ უნდა შემცირდეს. "გირჩის" ინიციატივით მთავრობის ზომის შემცირება 35%-დან 20%-მდე უნდა შემცირდეს. ამ მოსაზრებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც იზიარებენ, რასაც 28 სექტემბერს გაფორმებული შეთანხმებაც მოწმობს. ვრცლად რას ეხება ეს შეთანხმება შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ასევე "გირჩს" მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე მავნებლური ორგანო, რომელიც  მოსახლეობის ფარულ დაბეგვრას და ბანკების სუბსიდირებას ახდენს.  

რაც შეეხება მულტისავალუტო რეჟიმს "გირჩს" ამ საკითხთან დაკავშირებით, უკვე დიდი ხანია საკმაოდ მკაფიო და ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. პოლიტიკოსის და საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, ხელფასებისა და პენსიების დოლარში, ან რომელიმე სხვა ვალუტაში, რომ გაიცემოდეს, ლარის კურსზე ნერვიულობა აღარავის მოუწევდა.

მისივე თქმით, თუ ლარი დოლართან, ევროსთან, ან რომელიმე სხვა ვალუტასთან კონკურენციაში იქნება, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ეროვნული ბანკის მახინჯი პოლიტიკისგან თავის დაღწევა. ეროვნულ ბანკს კი, თავის მხრივ საშუალება ექნება გონივრულად მოიქცეს და სწორი მონეტარული პოლიტიკა აწარმოოს. ამ შემთხვევაში ლარს ექნება შესაძლებლობა მეორე შვეიცარიული ფრანკი გახდეს.  

ხელისუფლებას აწყობს ყოველწლიურად ინფლაციის გამოცხადება, რაც ფასების ზრდას გამოიწვევს. რაც უფრო მაღალ ფასს ვიხდით პროდუქტებში, მით უფრო მაღალია "დღგ"-ს წილიც, ანუ უფრო მეტი გადასახადების გადახდა გვიწევს.

                                                                                                                                 - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა. 

                                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები