სიახლეები

კანონით დასჯადი ამორალურობა?!

სექსუალური შევიწროების ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, შსს-მ პირველი ადამიანი დააჯარიმა. უწყება ამბობს, რომ დაზარალებულმა პოლიციას 2019 წლის 3 ივნისს მიმართა და უცნობი პირის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადა. მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.მ-მ დაზარალებულს შესთავაზა სექსუალური ხასიათის ურთიერთობა, რაც ამ უკანასკნელისთვის იყო დამამცირებელი და ღირსების შემლახავი. 

ამ თემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, მათ შორის, "ბიბლიური თავისუფლების" მთავარი მღვდელმსახურის ლევან ჯგერენაიასა და მოგვიანებით იაგო ხვიჩიას კომენტარებზე, რომლებიც აფიქსირებდნენ აზრს, რომ აღნიშნული ქმედება, შეიძლება შევაფასოთ როგორც ამორალური, უზრდელური და ა.შ. მაგრამ არა დანაშაული.

"რაც არ არის ძალადობა, დასჯადი ვერ იქნება", - წერდა ჯგერენაია. სოციალურ ქსელში განხილვების შემდეგ, ამ თემაზე იაგო ხვიჩიამ და ვახო მეგრელიშვილმა გირჩის ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებაშიც ისაუბრეს. გირჩის ლიდერების განცხადებით, უარყოფითი გამოხმაურებების მიუხედავად, ეს აჟიოტაჟი მაინც დადებითად შეიძლება შეფასდეს, რადგან ადამიანებმა ამ თემაზე მსჯელობა დაიწყეს და საბოლოოდ მაინც მივლენ საღ აზრამდე, რადგან ლოგიკური და კრიტიკული მსჯელობის შემთხვევაში, შეუძლებელია ამ ფაქტს დანაშაულად აღიქვამდნენ და ცდილობდნენ ამორალურობა კანონით დასჯადი გახადონ. 

თუ კრიტიკულ აზროვნებას ჩავრთავთ, მივხვდებით, რომ რაღაცები შეიძლება მოგვწონს, რაღაცები არ მოგვწონს, მაგრამ იმის გამო, რომ რაღაცები არ მოგვწონს, სხვა ადამიანებისთვის პოლიციის გაგზავნა, მათი ციხეში დაჭერა ან ფულის წართმევა უსამართლო ამბავია.

ვახო მეგრელიშვილი: "მგონია, რომ ეს განხილვა და საკითხისადმი ასეთი ინტერესი ნებისმიერ შემთხვევაში კარგი მოვლენა იყო. ჩემი პრობლემა ის არის, რომ ხშირად ვერ წარმომიდგენია, ვერ ვხვდები ხოლმე, რაღაც პოზიცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სწორი ან ძალიან ნათელი მგონია ამის დანახვა, როგორ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ამ აზრთა სხვადასხვაობაში უფრო ის არის გასაკვირი, რამხელა ემოციას დებენ ამ აზრების გამოხატვაში და ეს ემოცია როგორ უშლით ხელს, ცივი ლოგიკით გაიაზრონ, საერთოდ რაზეა ლაპარაკი."

ძალადობა არის ერთადერთი, რის დასჯასაც გირჩი უჭერს მხარს. როგორც ვახო მეგრელიშვილმა აღნიშნა,  ძალადობა შეიძლება ვუწოდოთ ფიზიკურ ძალადობას, ანუ ადამიანზე ფიზიკურად ზეგავლენის მოხდენას, მისი ნების შეცვლას, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს წინასწარი შიში, რომ შენზე იძალადებენ, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც გითხრეს. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. ხოლო თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ რაღაც კონკრეტული ქცევა აშინებს და ამის გამო ყველას დაემუქრება, რომ უჩივლებს, ეს ქმედება ლოგიკისა და სამართლიანობისგან სრულიად აცდენილი შეიძლება იყოს. 

ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ეს დაუფიქრებლობა და გაუაზრებლობა, საბოლოდ თავისუფლებების შეზღუდვამდე მიგვიყვანს, მათ შორის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამდე და თუ ჩვენ კრიტიკულ აზროვნებას ვაფასებთ, ეს პირველ რიგში საკითხის კარგად გააზრებაში, ანალოგიური შედარებითი მაგალითების დანახვაშია, ყველგან ერთსა და იმავეს ვფიქრობთ თუ არა და ა.შ..

საქმე ისაა, რომ ადამიანები, ვინც ამ ტიპის "დამნაშავის" დასჯას ითხოვენ, არ მიიჩნევენ, რომ მათი მოთხოვნა უსამართლოა, ხოლო ამ კუთხით თუ შეხედავენ, დაინახავენ, რომ ეს მართლაც უსამართლოა და მნიშვნელოვანია ამ ტიპის მსჯელობა დაიწყოს, ადამიანებმა დაინახონ, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიც, რომლებიც მყარ ლოგიკას ემყარება და რომლის დანგრევა არავის შეუძლია, რაც უნდა ბევრნი იყვნენ ისინი. 

იაგო ხვიჩიას აზრით, ამ ქეისში არ არსებობს მყარი სამართლებრივი არგუმენტები, გარდა მორალისტურისა და ადამიანებს, ვინც ახლა გირჩს აკრიტიკებენ, ადრე თუ გვიან მსგავსი პოზიციის დაფიქსირების თავად შერცხვებათ. 

რა არის დაცვის ღირსი სიკეთე, რასაც იძულების წესით უნდა ვიცავდეთ? თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე ვსაუბრობთ, რა შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ძალადობა?

"სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლში ვკითხულობთ -  სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევა, მაგრამ ეს ჯარიმით კი არ ისჯება, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. მისი თქმით, ამ მუხლის გარდა, საკითხავია, რა შეიძლება მივიჩნიოთ ფსიქოლოგიური ძალადობის რაიმე ფორმად, რაღაც ისეთის ჩვენება, რაც ადამიანებს დისკომფორტს უქმნით, შეუძლებელია კრიმინალიზებული გავხადოთ, მაშინ როცა მუქარაც კი არ გვაქვს სახეზე. 

ყველა ერთმანეთს ემსგავსება და დაემსგავსება, ვინც თავისუფლებას გამოუცხადებს ბრძოლას, ფაშისტიც და ლიბერალიც.

იაგომ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი გვაგინებს, ან ვინ გამოთქვამს კრიტიკულ აზრს ჩვენ შესახებ. ეს არის შანსი იმის ასახსნელად, სად არის სიმართლე და ის ცალსახად გირჩის მხარესაა, რასაც მალე გააცნობიერებენ ადამიანები.

 

კომენტარები