სიახლეები

სანდრო რაქვიაშვილი: ფულის მასის ზრდა იწვევს ინფლაციას, ხოლო ადამიანები ამას, როგორც ფასების შენარჩუნებას აღიქვამენ

"გირჩი ტივის" ეთერში ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ და "გირჩის" პოლიტიკოსმა - საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ინფლაციაზე ისაუბრეს. 

ცომაიას თქმით, ინფლაციის სხვადასხვა მიზეზები არსებობს. ერთ-ერთი მათგანი ცენტრალური ბანკის მიერ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა. მათ შორის სესხების პროცენტის გაზრდამ მოხმარების შემცირება გამოიწვია. 

როგორც იცით, რაქვიაშვილის მთავარი პოლიტიკური მიზანი ეროვნული ბანკის გაუქმებაა, რადგან ეს ორგანო მას მთავარ ბოროტებად მიაჩნია, რომელიც ახდენს ბანკების სუბსიდირებასა და მოსახლეობის ფარულ დაბეგვრას. მისივე თქმით, მთავარი კითხვა ინფლაციის შემთხვევაში არის, თუ რა იწვევს ფასების ზრდას - რაც, დიდწილად, ეროვნული ბანკის მიერ, ფულის ემისიას (ახალი ფულის მიმოქცევაში გაშვებას) უკავშირდება.

პოლიტიკოსის განცხადებით, ინფლაცია არსებობს ორი სახის: თეორიული და დათვლადი, რომელსაც კონკრეტული ინდექსი გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ ფასები და ხელფასები პროპორციულად მაგალითად 10-ჯერ გაიზრდება, ამას ვერავინ იგრძნობს. მისივე თქმით, ეკონომისტს, რომ ჰკითხოთ რა მოგვიტანა ქარხნის აშენებამ, ის იფიქრებს იმაზე თუ რა დავკარგეთ ამ ქარხანნის აშენებით. "იმისათვის, რომ გააზრებული გადაწყვეტილება მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ რა დავკარგეთ".

კომერციული ბანკი, რომლის უკანაც არავინ დგას თუ წესიერად გასცემს სესხებს - მოგებაშია, ხოლო თუ ყველას მისცემს - გაკოტრდება. მეცხრამეტე საუკუნემდე ბანკები მხოლოდ იმ ფულს გასცემდნენ, რომელიც მათ ჰქონდათ. შემდეგ გაჩნდა ეროვნული ბანკი, რომელმაც კომერციულ ბანკებს უთხრა, რომ როდესაც ფული დასჭირდებოდათ, ის მათ სასურველ თანხას მისცემდა. რაქვიაშვილის თქმით, როდესაც ცენტრალური ბანკი ფულს კომერციულ ბანკებზე გასცემს, ხოლო გაკოტრების წინაშე მყოფი ბანკები ამ ფულს რეზერვებში ინახავენ, ფული ეკონომიკაში არ ჩაედინება.  ეროვნული ბანკის არარსებობის შემთხვევაში ეს ბანკები გაკოტრდებოდნენ, რაც ბუნებრივად ფულის მასის შემცირებას გამოიწვევს, შესაბამისად ფასებიც შემცირდება. 

შინაარსს თუ შევხედავთ, მიხვდებით, რომ, მაგალითად, თუ 1 კგ ვაშლი 2 ლარი ღირდა და გახდა 5 ლარი, მოხდა ინფლაცია. მეორეს მხრივ ბანკებზე ფულის გაცემის შემდეგ ფასი იგივე დარჩა, როდესაც შეიძლებოდა 2 ლარი ყოფილიყო. ამიტომ ეროვნულმა ბანკმა, რომ ფული გასცა, ფასმა არ დაიწია, რომელიც რეალურად უნდა დაწეულიყო. ფულის მასის ზრდა იწვევს ინფლაციას, ხოლო ადამიანები ამას, როგორც ფასების შენარჩუნებას აღიქვამენ. 

                                                                                                                                                                         - განაცხადა სანდრომ. 

გიორგი ლომინაძემ გადაცემაში ასევე სტუმრებს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდნენ მულტისავალუტო რეჟიმზე.

ცომაიას თქმით, ის მულტისავალუტო რეჟიმის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მიიჩნევს, რომ ის აუცილებლად დოლარზე უნდა იყოს მიბმული და საბოლოო ჯამში სრულ დოლარიზაციას გამოიწვევს, რაც კრიზისების დროს პრობლემას შექმნის. 

"გირჩის" წევრის აზრით კი, ადამიანები თავიანთი არსებობის ისტორიაში უამრავ სხვადასხვა  ფულს იყენებდნენ, ცენტრალური ბანკები კი, მე-20-ე  საუკუნემდე საერთოდაც არ არსებობდნენ და ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ოქროს სტანდარტის პერიოდში მეცხრამეტე საუკუნეში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პერიოდი იყო. "მულტისავალუტო რეჟიმი გვაძლევს არჩევანის თავისუფლებას და პოტენციური გამდიდრების შანსს"- ამბობს რაქვიაშვილი.

                                                                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები