სიახლეები

მოსალოდნელია ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება - ზურაბ ჯაფარიძე

"გირჩის" ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ პალიტრანიუსის" ეთერში ეკონომიკაზე და ლარის კურსზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ ეკონომიკა პრაქტიკულად გააჩერა და ბუნებრივია, რომ უცხოური ვალუტის შემოდინებაც საგრძნობლად შემცირდა. ტურიზმის სფეროს გაჩერებამაც ამ პროცესს ხელი შეუწყო, რადგან ვალუტის ნაკადის მნიშვნელოვანი წილი სწორედ მასზედ მოდის. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ ფულის შემოდინების ერთადერთი წყარო დღეს ეგრეთ წოდებული ტრანსფერებია, ანუ უცხოეთში მცხოვრები ქართველების გზავნილები, თუმცა ეს ნაკადიც, პანდემიის გამო, ბევრად დაბალია. ეკონომიკა ადამიანებს შორის ურთიერთობაა, რაც დღევანდელ რეალობაში არ არსებობს. რადგან საზღვრები ჩაკეტილია, შესაბამისად, შექმნისა და გაცვლის კონტაქტებიც შეზღუდულია. 

ამ ეტაპზე ქვეყანას -17%-იანი ვარდნა აქვს და პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ეკონომიკური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებაა მოსალოდნელი. ამ კრიზისული მდგომარეობის ფონზე ეროვნული ბანკი ცდილობს, ლარის კურსის დაჭერას, რადგან წინ არჩევნებია და ლარის გაუფასურება ძალიან ნეგატიურ გავლენას იქონიებს . 

"გირჩის" ლიდერი ამბობს, რომ მსგავსი პროცენტული ვარდნა ქვეყანას 2008 წელსაც კი, არ ყოფილა, ომის და მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, ქვეყანას საშუალოდ 6%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. რაც პირდაპირპროპორციული იყო უცხოური ინვესტიციების შემოდინებასთან. 

პოზიტიური პროგნოზის გაკეთების არანაირი მოცემულობა არ არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება ოქტომბერში შეიცვლება, რისი დიდი იმედიც მე მაქვს, საჭირო იქნება რადიკალური რეფორმების გატარება, რათა ქვეყანა ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდეს. 

                                                                                                   - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში. 

                                                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები