სიახლეები

ოპოზიცია ამ წუთებში მართლმსაჯულების შესახებ, შეთანხმებას ხელს აწერს

ამ წუთებში კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ოპოზიციური პარტიები: „ევროპული საქართველო", „ნაციონალური მოძრაობა“,  „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“ და „გირჩი“ სამართლის ნაწილის შესახებ შეთანხმებას ხელს აწერენ. 

შეთანხმება NDI-ს ორგანიზებით ბორჯომში გამართული მოლაპარაკებებისას შეჯერებული საკითხების სამართლის ნაწილია და გულისხმობს - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემდეგ, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდომის გაზრდის მიზნით რიგი ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის და შემოერთების მსურველი პარტიებისთვის და პოლიტიკოსებისთვის ფორმატი ღიაა.

შეთანხმების ძირითადი მიმართულებები:

                    შინაგან საქმეთა სამინისტრო

1.            პოლიციის დეცენტრალიზაცია და შსს მინისტრისთვის საპოლიციო ფუნქციების ჩამოცილება;

2.            თვითმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს;

3.            ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

 

                        პროკურატურა

1.            ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულისთვის უფლების მიცემა, აირჩიოს, მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას;

2.            პროკურატურისთვის გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქციის ჩამოცილება და მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილების დატოვება;

3.            ანტიკორუფციული პროკურატურის შექმნა.

 

                                სუს-ი

1.            სუს-ის დაშლა და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის გაუქმება;

2.            დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა.

ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა თუნდაც, იმიტომ რომ ის გვიჩვენებს რას ფიქრობენ გულრწფელად ქართველი პოლიტიკოსები (ჩემი ჩათვლით) მართლმსაჯულების სისტემაზე მაშინ, როდესაც ისინი არიან ოპოზიციაში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ბევრ ადამიანს შეიძლება ეჭვი ეპარებოდეს ხელმომწერი სუბიექტების გულრწფელობაში, ეს შეთანხმება ერთგვარი მორალური პირობაა, რომ ჩვენ ასე მოვიქცევით. 

ადამიანებს ყოველთვის ექნებათ სალაპარაკო, თუ ვინმე ამ შეთანხმების ერთგული არ დარჩება. ხოლო შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, ჩვენ ვიტყვით, რომ ოპოზიციაში მნიშვნელოვანი შედეგისთვის მიგვიღწევია, თუმცა ეს მარტივი ამოცანა არ იქნება.

                                                                                                                                                              - გვითხრა იაგო ხვიჩიამ. 

შეგახსენებთ, რომ ეს შეთანხმება არის ოპოზიციის მიერ საერთო ხედვის დოკუმენტზე ხელმოწერის მეორე რაუნდი. პირველი გაიმართა მარტში და ეხებოდა სასამართლოს რეფორმის პრინციპებზე შეთანხმებას. ვრცლად მემორანდუმს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. 

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე 

კომენტარები