სიახლეები

945 Views
განათლება

როგორ შევაცვლევინოთ აზრი ადამიანებს

როგორ შევაცვლევინოთ აზრი ადამიანებს 

ცუდი განათლების, ცრურწმენების, არასაკმარის ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაციისა თუ სხვა მიზეზების გამო, ადამიანებს ხშირად სამყაროსა და მასში მიმდინარე პროცესებზე არასწორი წარმოდგენა აქვთ ხოლმე და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამ წარმოდგენებს ისე ეჭიდებიან, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილს. 

ძალიან რთულია ადამიანს ასეთი ჩაბეტონებული წარმოდგენა შეუცვალო. მითუმეტეს რთულია ამის გაკეთება მყისიერად - თითქმის არავინ იცვლის საკუთარ აზრს შენი თანდასწრებით. მხოლოდ იშვიათად, გამონაკლის ადამიანებს აქვთ იმდენი თვითკრიტიკა, რომ საკუთარ საღ აზრს მაინც დაუჯერონ, როდესაც ვინმე აჩვენებს, რომ ამა თუ იმ მოვლენაზე აქამდე არასწორი შეხედულება ჰქონიათ. 

როდესაც ადამიანს რაიმე მნიშვნელოვან მოვლენაზე საკუთარი მცდარი წარმოდგენა აქვს ჩამოყალიბებული, მისი ქცევა დიდწილად სწორედ ამ წარმოდგენაზეა დამოკიდებულია. ის თითქოს მისი ფსიქოტიპის ნაწილადაა გადაქცეული. როდესაც შენ ცდილობ კამათისას ადამიანს ამ შეხედულების მცდარობა დაანახო, იგი შენს მცდელობას ისე აღიქვამს, თითქოს ეუბნები - „როგორც აქამდე იცხოვრე და/ან იაზოვნე, არასწორი იყო. შენ სხვებზე (ჩემზეც) ნაკლებად ჭკვიანი/გამჭრიახი/განათლებული ხარ. შენ საკუთარ თავთან უნდა აღიარო, რომ სხვებზე ნაკლები ხარ და ჩემ აზრზე გადმოხვიდე“-ო.    „“ 

ასეთი ფორმულირების აღიარებას კი ადამიანების უმეტესობის ქვეცნობიერი არ დაუშვებს, რადგან ეს მათში კოგნიტურ დისონანსს გამოიწვევდა. სწორედ ამიტომ ჯიუტად ვეწინააღმდეგებით ხოლმე აზრის მყისიერ ცვლილებას მაშინაც კი, როდესაც გულის სიღრმეში ვხვდებით, რომ ჩვენთვის ახლად გამოვლენილი ფაქტებისა თუ მოსაზრებების გამო, მოწინააღმდეგე შეიძლება მართალი იყოს.

თან, რაც უფრო მჭიდროდ უკავშირდება ეს მცდარი წარმოდგენა ადამიანის ცხოვრების წესს, მით უფრო ნაკლები მიმღებლობა აქვს ამ წარმოდგენის სიმცდარეზე. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაც უფრო ხშირად ეფუძნებოდა ადამიანის არჩევანი სხვადასხვა სიტუაციებში ამ მცდარ წარმოდგენას, მით უფრო ძლიერად ჩაებღაუჭება იგი ამ წარმოდგენას, რადგან სიმცდარის აღიარების შემთხვევაში, მისი ცხოვრების დიდი ნაწილის სიმცდარის აღიარებაც უწევს, ეს კი ცნობიერებისთვის ძალიან რთულია, რადგან ფუნქციონირებადი ცნობიერების ერთერთი მთავარი საფუძველი სხვებთან მიმართებაში საკუთარი თავის უპირატესობის განცდაა - თუ ყველაფერში არა, ერთ რაიმე სფეროში მაინც. ჰოდა როდესაც ამ სპეციალიზაციის სფეროს ურტყამ, ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდები. 

ამ მექანიზმს შეგიძლიათ მარტივად დააკვირდეთ. მაგალითად, როდესაც ეტატისტს ლიბერტარიანულ თვისუფლების პრინციპზე ესაუბრები, შეგიძლია დაითანხმო, რომ თავისუფლება საზოგადოების ფუნქციონირების თითქმის ყველა სფეროს შეეხოს, მაგრამ ძალიან გაგიჭირდება დაითანხმო, რომ ეს თავისუფლება მისი მოღვაწეობის სფეროსაც შეეხოს. „ნუ, ყველგან შეიძლება, მარა ჩემი სფერო ისეთია… დამიჯერე, ვიცი რასაც ვამბობ. აქ მკაცრი რეგულაციებია საჭირო, რადგან etc. etc. etc.“ 

ამის მიუხედავად, საბედნიეროდ, ადამიანები აზრს მაინც იცვლიან. ნელა, დროის განმავლობაში, მაგრამ იცვლიან. აზრის შესაცვლელად კი საჭიროა, რომ ამ აზრამდე „თავისით“ მივიდნენ. ჩვენი მიზანი კი ყველა კამათში უნდა იყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომ ეს „თავისით მისასვლელი“ გზა არ გადავკეტოთ. ამისთვის საჭიროა რამდენიმე რამის გათვალისწინება:

1. იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ შენი აზრები სამომავლოდ გასააზრებლად/გასაზიარებლად მიიღოს

საჭიროა შენ მიმართ ცოტა პატივისცემის გრძნობა მაინც ჰქონდეს. ამისთვის კი აუცილებელია  შენც მის მიმართ კეთილგანწყობილად და პატივისცემით იყო გამსჭვალული და ეს მისთვის შესამჩნევი იყოს. უნდა ნახოს, რომ უსმენ და ცდილობ მისი ნათქვამი გაიაზრო. ეს შენც დაგეხმარება რამდენიმე მხრივ:
1.1. მოწინააღმდეგის მოსმენა მუდმივი ტესტია შენი შეხედულებებისთვის. საერთოდ არაა გამორიცხული, რომ მართალი ის აღმოჩნდეს. უფრო დიდი ალბათობაა, რომ მართალი შენ ხარ, მაგრამ თვითკრიტიკა და საკუთარი შეხედულებების მუდმივი გადამოწმება ხომ სწორედ ისაა, რის გამოც შენ მოახერხე და ამა თუ იმ მოვლენაზე უფრო სწორ შეხედულებამდე მიხვედი. so, keep on doing it.
1.2. როდესაც უცხო ქვეყანაში მანქანით A ქალაქიდან B ქალაქში მიდიხარ, ერთი არასწორი მოსახვევიც საკმარისია, რომ ჩ ქალაქში აღმოჩნდე. შენი მოწინააღმდეგეც ასეა - ცხოვრების რაღაც მომენტში, რაღაც გარემოებების გამო ერთ რაიმე მოვლენაზე არასწორი ან არასაკმარისი ინფორმაცია მიიღო, არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბდა და ამის გამო ბევრი მისი მომავალში ჩამოყალიბებული შეხედულება დამახიჯებული, მცდარი გამოვიდა.
თუ მის არგუმენტებს მოისმენ და ჩაეკითხები, ბევრად მეტია იმის შანსი, რომ მისი მცდარი შეხედულების Source Code-ში იპოვო პრობლემა, საფუძველშივე აღმოაჩინო ის, რამაც კამათის თემაზე წარმოდგენის მისეული დეფექტი გამოიწვია და სცადო ამ პირველადი შეცდომის აღმოფხვრა. ზუსტად ისევე, როგორც ავადმყოფის განსაკურნებლად ექიმი დაავადების სიმპტომებს კი არა, კონკრეტულად დაავადებას უნდა ებრძოლოს. სიმპტომებსაც შეიძლება მყისიერი რეაგირება სჭირდებოდეს პაციენტის გადასარჩენად, მაგრამ საბოლოო განკურნებისთვის მაინც სიმპტომების წყაროს მოძებნა და მასთან გამკლავება მოგიწევთ. 
1.3. მოსმენით და ჩაკითხვით შეძლებთ იმის გარკვევას, ერთსა და იმავე რამეს გულისხმობთ თუ არა კამათსას გამოყენებულ ტერმინებში. ხშირად, კამათის დროს შეუთანხმებლობის ერთერთი მიზეზი ისაა, რომ მხარეები ერთსა და იმავე ტერმინებს ამბობენ, მაგრამ სხვადასხვა რამეს მოიაზრებენ. საჭიროა, ეს მექანიკური პრობლემა რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრათ, თორემ კამათი სრულიად უსაგნო დარჩება, რამდენი დრო და ენერგიაც უნდა შეალიოთ მას. 

2. აჩვენეთ, რომ მისიანი ხართ

შეიძლება მის მოსაზრებებს არ ეთანხმებით, მაგრამ თქვით რამდენიმე „მისი“ არგუმენტი - რის გამოც შეიძლებოდა მასავით გეფიქრათ. ამით აჩვენებთ, რომ ხვდებით, რატომ ფიქრობს იგი რაიმე მოვლენაზე ასე. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს კონტრპროდუქტიულია და მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს, მაგრამ მეორე მხრივ, ამით ზრდით შანსს, რომ მან აზრი შეიცვალოს და დაგეთანხმოთ. ამ გზით თქვენ მას აჩვენებთ, რომ მისი აზროვნების პატერნს აღიარებთ და სულაც არ გგონიათ სულელური, რადგან ნებისმიერ კამათში ორივე მხარეს ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ სულელად არ გამოიყურებოდეს. თუ თქვენი მიზანი მოწინააღმდეგის (და მისი სახით ყველა მისი თანამოაზრის, რომელიც გისმენთ) აზრის ცვლილებაა, იცოდეთ, რამდენჯერაც მას სულელად გამოიყვანთ, იმდენჯერ სცილდებით მიზანს. მიეცით მას საშუალება სახე შეინარჩუნოს და თუ იმდენ აიკიდოსაც მოახერხებთ, რომ მან თქვენს აზრზე გადმოსვლა საკუთარ თავს სიჭკვიანეში ჩაუთვალოს, ტაშსაც დაიმსახურებთ. 

3. „ნეირო-ლინგვისტიკურ პროგრამირებაში“ ცნობილია ასეთი პრინციპი - თუ გინდა მოსაუბრე შენ მიმართ კეთილად განაწყო, ისეთი რამეები უნდა გააკეთო, რითაც იგი თავისიანად მიგიჩნევსო. ასეთ „რამეებად“ ჩამოთვლილია ხოლმე იმავე პოზაში ჯდომა, იმავე სუნთქვის რიტმის ქონა, იგივე ჟესტებით და იმავე ტემპში საუბარი - მოკლედ, მოსაუბრის დუბლირება - რაპორტის დამყარება, „მიერთება“. 
ამას არ გირჩევთ - ნლპ-ს ფსევდომეცნიერების სუნი ასდის. მაგრამ ერთი ანალოგური მეთოდი შეგიძლიათ საუბრისას გამოიყენოთ - თქვენი არგუმენტების თქმისას ეცადეთ მოწინააღმდეგის ადგილას წარმოიდგინოთ თავი და წინასწარ თქვენვე გააჟღეროთ კითხვები, რაც მის თავში თქვენი მოსმენისას ტრიალებს, შემდეგ კი მათზე პასუხი სცადოთ. 
„ეს ესე, მარა ამაზე ალბათ იფიქრებ, რომ „მერე ეს ასე რატომ გამოდისო“, რატომ და ამიტომ“. 
ამით კიდევ ერთხელ აჩვენებ, რომ მისი აზრთა წყობა შენთვის ნაცნობია და სულ არ მიიჩნევ მას სულელად. 

4. ანალოგიები, ამბები. 


როდესაც ადამიანებს ახალი კონცეფციების აღქმა უწევთ, მათ ორი ბარიერი ხვდებათ: პირველი, რომ ეს კონცეფცია ახალია და განსხვავდება მათ მიერ აქამდე ნაფიქრისგან, მათი წარმოდგენისგან სამყაროზე და მეორე, რომ ეს კონცეფცია, როგორც წესი რთული კონსტრუქციაა, იმდენად რთული, რომ აქამდე მასთან თავად ვერ მივიდნენ. 
ეს კონცეფცია მათთვის უფრო მარტივად მოსანელებელი რომ გავხადოთ, საჭიროა ბარიერები მაქსიმალურად მოვხსნათ. ყველაზე ადვილი მოსახსნელი მეორე ბარიერია - სირთულის ბარიერი. ამისთვის კი მარტივი, ყოველდღიური ანალოგიები გამოგადგებათ. 
ოდესღაც ცნობილმა ფიზიკოსმა, ერვინ შროდინგერმა დანარჩენ სამყაროს კვანტური სუპერპოზიციის ცნება ყუთში დამწყვდეული კატით აუხსნა. შენც სცადე მოსაუბრეს შენი კონცეფციის აღქმა მისთვის ხელშესახები, ყოველდღიური მაგალითებით გაუმარტივო და პრინციპების დონეზე დაანახო. 

დასკვნა

მოკლედ რომ შევაჯამოთ, თუ თქვენი მიზანი მოწინააღმდეგის სამყაროზე შეხედულების შეცვლაა, მასთან კამათისას აუცილებლად შეინარჩუნეთ სიმშვიდე, კეთილგანწყობილება და პატივისცემა (თუნდაც მხოლოდ კამათის განმავლობაში); ეცადეთ აჩვენოთ, რომ მტერი არ ხართ, ამისთვის კი ყურადღებით მოუსმინეთ მას, ეცადეთ მისი მცდარი აზრების უკან ჩაბუდებული Source შეცდომები დაინახოთ. ასევე, არასოდეს დაგავიწყდეთ თვითკრიტიკა - ძალიან ცოტა შანსია, მაგრამ შეიძლება თქვენი შეხედულებაა არასწორი, ან არასაკმარისად სწორი. კამათის დასაწყისში და განმავლობაშიც მუდმივად შეთანხმდით ხოლმე ტერმინების მნიშვნელობაზე. ეცადეთ მისი კითხვებიც დასვათ და პასუხებად თქვენი სწორი კონცეფციები მარტივი ანალოგიების ფორმით გადმოეცით და, რაც ყველაზე მთავარია, არასოდეს სცადოთ მოწინააღმდეგის სულელად წარმოჩენა, თუნდაც ამის გაკეთების სურვილი ძალიან ძლიერი იყოს და საბაბიც არ გაკლდეთ. მოწინააღმდეგე მხოლოდ მაშინ შეძლებს თქვენი შეხედულებების გაზიარებას და აზრის შეცვლას, თუ მას სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემთ. აჩვენეთ, რომ მის შეხედულებებსა და მის პიროვნებას, მის გონებრივ შესაძლებლობებს შორის ტოლობის ნიშანი არაა დასმული და მას, თქვენსავით ბევრად გამჭრიახად აზროვნება შეუძლია. 
ასევე, გახსოვდეთ, რომ გული არ გაიტეხოთ, თუ მოწინააღმდეგე თქვენთან კამათში, თქვენი თანდასწრებით არ შეიცვლის აზრს. თუ სწორად მოიქცევით, მისთვის ნაჩვენებ შეცდომას იგი აუცილებლად გამოასწორებს ცალკე, თავისთვის ფიქრისას და რაღაც დროის შემდეგ თანამოაზრესაც შეიძენთ. 

                                                                                                                                                                                                               ჰერმან საბო

კომენტარები