სიახლეები

კვოტების სარჩელის არსებითი განხილვა ამ წუთებში დაიწყო

საკონსტიტუციო სასამართლოში ამ წუთებში დაიწყო "გირჩის" სარჩელის არსებითი განხილვა პარტიული სიის გენდერული კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ. 

დავუკავშირდით ერთ-ერთ მოსარჩელეს, ანა ჩიქოვანს და ვკითხეთ, როგორ წარმოუდგენია მოვლენების განვითარება.

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რთული სათქმელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, თუმცა მგონია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს პრაქტიკულად არგუმენტები არ აქვს, გარდა იმისა, რომ კვოტები მნიშვნელოვანია ქალთა თანამონაწილეობის გასაზრდელად პარლამენტში. ის, რომ დისკრიმინაციული ნორმაა ცალსახაა და ამაზე კამათიც არ მოგვიწევს ალბათ.

გარდა იმისა, რომ ამომრჩევლის თავისუფლებისა და არჩევანის თანასწორობის უფლებას ზღუდავს, ასევე პრობლემურია თავად პოლიტიკური პარტიების თავისუფლების, საქმიანობის, პროგრამების თავისუფლებისა და თანაბარი შესაძლებლობების მიმართულებით

                                                                               - გვითხრა "გირჩს" წევრმა და ერთ-ერთმა მოსარჩელემ ანა ჩიქოვანმა.

"გირჩის" პარტიულ სიას კონკრეტული მხარდამჭერების და ამომრჩევლების მხარდაჭერა უკვე აქვს თუმცა, პარტიას მაინც არ მიეცემა საშუალება დარეგისტრირდეს არჩევნებზე, თუ კვოტების რეგულაციას არ დაემორჩილება. პარტიებისთვის ასეთი შეზღუდვის დაწესება ხელს უშლის, როგორც მათ პასიურ საარჩევნო უფლებას, ასევე ამომრჩევლების ნების თავისუფლად გამოხატვას. 

გვიყურეთ 12:00-დან "გირჩი ტივიზე", ამ თემაზე ჩვენ სტუმრებთან: ჰერმან საბოსთან, თეკლა დალაქიშვილთან, თამარ ჩერგოლეიშვილთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად ვისაუბრებთ.

შეგახსენებთ, რომ „გირჩმა“ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც პარტიებს ვალდებულება ეკისრებათ პარტიული სია ისე ჰქონდეთ შედგენილი, რომ ყოველი მეოთხე ადამიანი განსხვავებული სქესის იყოს, ამ წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ივლისსს დაარეგისტრირა.  მოსარჩელეები ჰერმან საბო, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ანა ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ არიან. 

                                                                                                                                                         ავტორი: პოლინა აბზიანიძე  

კომენტარები