სიახლეები

ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში "გირჩის" მაჟორიტარობის კანდიდატი ბორის ყურუა იქნება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "გირჩის" მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში ჩელე იქნება. 

ჩელეს უკეთ გასაცნობად დავუკავშირდით მას და რამდენიმე კითხვა დავუსვით.

პირველ რიგში, დავინტერესდით, თუ როგორ მივიდა ის ამ გადაწყვეტილებამდე?

"ნაპოლეონმა თქვა, თუ გინდა საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე ისო და ალბათ ყველა აქტივისტისთვის საბოლოო წერტილი იმის თავად კეთებაა, რისი კეთებისკენაც პოლიტიკოსებს მოუწოდებდა. მე არ მეგონა ჩემთვის ეს მომენტი ასე სწრაფად თუ დადგებოდა, თუმცა დრო ის რესურსია, რაც ძალიან ცოტა გვაქვს."

ჩელეს ასევე ვკითხეთ, თუ რატომ არ აქტიურობდა აქამდე?

"2016 წლიდან ვარ ლიბერტარიანული საერთაშორისო ორგანიზაცია "სტუდენტები თავისუფლებისთვის" წევრი, მათთან ერთად ვცდილობდი და ვცდილობ ეკონომიკური თუ პოლიტიკური თავისუფლების მოპოვებას. რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, მასში სულ ვიყავი ჩართული, თუმცა აქამდე სამოქალაქო აქტივისტის რანგში."

როგორ აპირებს ჩელე საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას და რა არის მისი პოლიტიკური მიზანი? 

"რაც შეიძლება მეტ ადამიანთან მინდა მქონდეს კომუნიკაცია და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავარწმუნო თავისუფლების იდეის სისწორეში. კამპანია კი ექსპერიმენტებით იქნება დახუნძლული. კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით ამ მიმართულებით, ყველა გეგმა დამუშავების ეტაპზეა, თუმცა მინდა ღია და გამჭვირვალე იყოს პროცესი. სიახლეები მალე იქნება." 

                                                                                                                                                           - გვითხრა ბორის ყურუამ. 

"გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას ვკითხეთ, თუ რას ფიქრობდა ბორის ყურუაზე?

"ჩელე პირველად რომ გავიცანი, მითხრა, "მეო მშვიდად კი გამოვიყურები, ბუნჩულასავითო, მაგრამ ვირტყმევინები, როცა რამე მაწუხებსო" და ამით მიიქცია ჩემი ყურადღება. მგონია, რომ ადამიანებს, რომლებსაც რაიმე ისე აწუხებთ, რომ ირტყმევინებიან, პოლიტიკაში შანსი აქვთ, თუ რამის გაკეთება მართლა უნდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ამის მერე ბევრი რამე არ მომწონებია და არ ვეთანხმებოდი ჩელეს, ეს ამბავი სულ მახსოვს და მგონია, რომ ასეთ ადამიანს, თუ მართლა უნდა პოლიტიკის კეთება და სერიოზულად შეხედავს საქმეს, უნდა გამოუვიდეს."

                                                                                                                                                              - თქვა იაგო ხვიჩიამ. 

ჩელეს წარმატებას ვუსურვებთ და "გირჩის" მაჟორიტარობის სხვა კანდიდატებსაც უახლოეს მომავალში წარგიდგენთ. 

                                                                                                                                                                       ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები