სიახლეები

იაგო ხვიჩია: ჩვენ გვაინტერესებს ვინ არიან ის ადამიანები, რომლის გამოც ვერ ხერხდება საერთო ოპოზიციური შეთანხმება

"გირჩის" მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ გამართულ პრესკონფერენციას გამოეხმაურა, სადაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 22 რეგიონალურ ოლქში საკუთარი კანდიდატების დაყენებას აპირებდა.  

ხვიჩიას თქმით, "გირჩმა" - თავიდანვე უარი თქვა მაჟორიტარების მოლაპარაკებებში ჩართვაზე, რადგან არ სურდა, რომ ხელი შეეშალა საერთო კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევის პროცესისთვის. მისივე თქმით, პარტიაში სჯერათ, რომ ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ ერთიანი ოპოზიციური ძალებით და  საერთო ბრძოლის ფორმატითაა შესაძლებელი.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ მას სურს გაიგოს მიზეზი, თუ რატომ და ვის გამო ვერ შედგა ოპოზიციური ერთობა, რადგან ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია. მან ასევე აღნიშნა, რომ  "ნაციონალურ მოძრაობას" მადლობა ეკუთვნის, გარკვეული ოლქების დათმოვბის გამო. თუმცა "თბილისში გვინდა, რომ მოვუგოთ ბიძინას და ჩემს მშობლიურ მარტვილში არ გვინდა მოვუგოთ -   როგორ შეიძლება ლოგიკა იყოს იმაში, რომ თბილისში რაღაცა სწორია და ეს არასწორი შეიძლება იყოს სხვა რეგიონებში" - ამბობს ხვიჩია. 

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობას", როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას, რომ კიდევ ერთხელ მოხდეს კონსოლიდაცია.  "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველანაირად ხელი უნდა შეუწყოს ამ პროცესს და არა პირიქით - მისი შემაფერხებელი იყოს, ამიტომ ის უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

                                                                                                                                                                 - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდება, ჩვენ მივიღებთ წინა არჩევნების მსგავს რეალობას, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" წინააღმდეგაა წარმოდგენილი, რაც ხელისუფლებას აწყობს, რადგან წინა წლების გამოცდილებით ვიცით, ვინც იმარჯვებს.

ხვიჩიას თქმით, თუ ეს სიმართლეა და სამომავლოდაც არაფერი შეიცვლება, ეს ფაქტი "გირჩის" სტრატეგიის გადახედვას გამოიწვევს. ასევე "გირჩში" იმსჯელებენ გარკვეულ ოლქებში მაჟორიტარების დაყენებაზეც. 

ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაჟორიტარებს არ დავაყენებდით, თუმცა ვინაიდან და რადგანაც ჩაშლილია ეს პროცესი, ჩვენ გვიწევს დაყენება, ახალ პოლიტიკურ რეალობაზე მორგება და მოგვიწევს თანამშრომლობა პოლიტიკურ ინდივიდებთან. შესაძლოა იმ ოლქებში, სადაც ოპოზიცია წარადგენს ისეთ კანდიდატს, რომელიც "გირჩის" ხედვებს იზიარებს, მხარი დავუჭიროთ.

                                                                                                                                                                    - ამბობს პოლიტიკოსი. 

                                                                                                                                                                        ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები