სიახლეები

ორგანოებით ვაჭრობის შესახებ


ტრანსპლანტოლოგიის დარგი მეცნიერების მიღწევებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან შესაძლებელი გახდა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა სხვისი ორგანოების მეშვეობით. ტრანსპლანტაციის პროცესში მონაწილეობს სამი მხარე, პირველი არის პაციენტი (ვისაც ესაჭიროება ორგანო), მეორე არის დონორი ( ვინც თავის ორგანოს აძლევს პაციენტს) და მესამე არის ექიმი, რომელიც აკეთებს ოპერაციას.

თანამედროვე ქირურგიული ინოვაციის წყალობით გასულ წელს (2019 წელს) ორგანოები წარმატებულად გადაენერგა 39 ათასზე მეტ პაციენტს. მიუხედავად ექიმების ასეთი მნიშვნელოვანი წარმატებისა და მიღწევებისა, არის ხელის შემშლელი ფაქტორებიც, რომლებიც ამცირებენ დონორთა რიცხვს. ამ ფაქტორებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის როლი. უმეტეს ქვეყანაში აკრძალულია ორგანოებით ვაჭრობა, რაც დონორების რიცხვს მკვეთრად ამცირებს, შესაბამისად ორგანოების მომლოდინე პაციენტებსაც ნაკლები შანსი რჩებათ მიიღონ სასურველი ტრანსპლანტები.

ამის საილუსტრაციოდ შემოგთავაზებთ სტატისტიკას, რომელიც გაამყარებს ჩემს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მსოფლიოში გაცილებით დიდია მოთხოვნა ორგანოებზე ვიდრე მიწოდება, რაც თავის მხრივ სხვა შედეგებსაც იწვევს, რომელსაც ქვემოთ განვიხილავ. 

აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს მომლოდინეთა სია რამდენჯერმე აღემატება ტრანსპლანტების სიას. დონორების უდიდეს ნაწილს შეადგენენ გარდაცვლილი ადამიანები, რომელებიც, ან სიცოცხლეშივე მზად იყვნენ, მათი გარდაცვალების შემდეგ თავიანთი ორგანოები სხვისთვის გადაენერგათ, ან ოჯახის წევრები, რომლებიც არიან თანახმა გარდაცვლილი გახდეს დონორი. გარდაცვლილი ადამიანის დონორად გამოყენებას ახლავს ცალკეული პრობლემებიც, მაგალითად: ხშირად მათი ორგანოები გამოუსადეგარია ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ესეც ცალკეულ გავლენას ახდენს დონორთა რაოდენობაზე. რაც შეეხება ცოცხალ დონორებს, ისინი ძირითადად არიან უახლოესი ნათესავები ან ოჯახის წევრები.

მინდა ორგანობით ვაჭრობის რამდენიმე ასპექტს გავუსვა ხაზი.

ეკონომიკური ფაქტორი - ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვით კიდევ უფრო შეუძლებელს ვხდით პაციენტთათვის ორგანოების გადანერგვას, ვინაიდან გაზრდილი მოთხოვნა და შემცირებული მიწოდება იწვევს ფასების კატასტროფულ ზრდას, შესაბამისად ორგანოს მიღება წარმოუდგენლად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგალითად, თირკმლის ტრანსპლანტის საშუალო ღირებულება არის დაახლოებით 34 ათასი დოლარი. ეს თანხა საკმაოდ სოლიდურია და ნაკლებად ხელმისაწვდომი.

სამართლებრივი ფაქტორი - ამ ყველაფრის სამართლებრივ ჭრილში განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობითაც, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე პრიმა მუხლით. ზოგადად, სისხლის სამართალში დანაშაულად ითვლება ისეთი ქმედება, რომელსაც ჰყავს დაზარალებული და დამნაშავე, ანუ პირი, რომლის ქმედებამაც გამოიწვია ზიანი, ან მას გააჩნდა განზრახვა, რომლითაც  დაზარალებულს რაიმე სახის დაზიანება მიადგებოდა. ორგანოებით ვაჭრობის შემთხვევაში სახეზე არ გვყავს დაზარალებული, არავინ არის ამ მუხლის დაცვის ობიექტი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანოებით ვაჭრობაში მონაწილეობს სამი მხარე, ესენია ორგანოს მომლოდინე, დონორი და ქირურგი, გარიგების დადებით ამ სამიდან არცერთ მხარეს არ ადგება რეალური ზიანი, პირიქით, პაციენტი იღებს სასურველ ორგანოს და მისი სიცოცხლე ნარჩუნდება, დონორი მიიღებს იმ თანხას, რაც თანხადაც უღირს ორგანოს გაყიდვა ( შესაბამისად ეს მისთვისაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება მატერიალური თვალსაზრისით) და ქირურგი თავის მხრივ მიიღებს თავისი მომსახურების გასამრჯელოს. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო ერთ-ერთი ქეისი ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით:

2007 წელს ვაჰიდ ხუდადათოვის ქალიშვილი თირკმლის უკმარისობით დაავადდა. გოგონას დედისა და მამის ორგანო არ გამოაგდა და მშობლებმა ტელევიზიის მეშვეობით, სთხოვეს ადამიანებს დახმარება როგორც დონორის, ისე საჭირო თანხის მოძიებაში. მათ თხოვნას გამოეხმაურა ვინმე ელმან აგაევი, რომელიც მზად იყო დონორი გამხდარიყო 6 ათასი დოლარის სანაცვლოდ.

ხუდადათოვებმა დონორისა და ოპერაციისთვის 14 ათას დოლარს მოუყარეს თავი და ირანში გაემგზავრნენ რეკომენდებულ ექიმ მოჰსენი ტაჰირისთან. მიუხედავად იმისა, რომ დონორის ორგანო პაციენტს გამოადგა, ირანში ოპერაციის გაკეთებაზე უარი უთხრეს, ვინაიდან კანონმდებლობა უცხოელებისთვის ტრანსპლანტაციებს კრძალავს. სწორედ ტაჰირიმ აღუთქვა ხუდადათოვებს, რომ დაეხმარებოდა ოპერაციის სხვა ქვეყანაში 10 ათას დოლარად გაკეთებაში და ურჩია მათ, შესაფერისი კლინიკა საქართველოში მოეძებნათ.

ხუდადათოვებმა რჩევა გაითვალისწინეს და თბილისში კლინიკა „ლანცეტს“ მიაკითხეს, რომლის დირექტორმაც კლინიკის რესურსები 8 ათას დოლარად დაუთმო მათ. შედეგად, 2015 წლის თებერვალში ირანელმა ქირურგ-ტრანსპანტოლოგმა წარმატებით გადაუნერგა თირკმელი პაციენტს.

ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ, ექიმი მოჰსენი ტაჰირი დაუკავშირდა ვაჰიდ ხუდადათოვს, ვინმე იაშარის საკონტაქტო მონაცემები მიაწოდა და სთხოვა, მოეძებნა იგი და საქართველოში წაეყვანა. ამაში ექიმი 120 დოლარის გადახდას დაპირდა ტაქსის მძღოლს.

ასე იქცა ვაჰიდ ხუდადათოვი მალე შუამავლად პაციენტებს, დონორსა და ექიმს შორის და ეს ყველაფერი მანამ გრძელდებოდა, სანამ კლინიკა „ლანცეტს“ ლიცენზია არ ჩამოართვეს და საქმე არ აღძრეს მის წინააღმდეგ.

როგორც ზემოთ აღნიშნული საქმიდან ჩანს, რეალურად უდანაშაულო ქმედებებისთვის არის საქმე აღძრული. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ 27 “დაზარალებულიდან” არცერთი გამოთქვამს პრეტენზიას ვაჰიდ ხუდადათოევის წინააღმდეგ. ასევე ამ პირებიდან არცერთი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე პროტესტის ნიშნად, რაც, ჩემი აზრით, სრულიად ადეკვატური საქციელია.

ისეთი მუხლი, როგორცაა 135-ე პრიმა, ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ ერევა კანონმდებლობა ისეთ საქმეებში, სადაც არ უნდა ერეოდეს. ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება იყოს არაკანონიერი ორი ზრდასრული ადამიანის შეთანხმება, თუნდაც ორგანოს გაყიდვაზე, როდესაც ორივე მხარე თანახმაა და რეალურად დაზარალებული არ არსებობს.

ხშირად ისმის აღნიშნული აკრძალვის გასამართლებლად, რომ თუკი ორგანოებით ვაჭრობა არ იქნება აკრძალული, დაიწყება მასობრივი ტრეფიკინგი ანუ ადამიანების მკვლელობა ორგანოების ვაჭრობის მიზნით, რაც ჩემი აზრიღ,  სრულია აბსურდია. აღნიშნული ქმედება, რომლის პრევენციასაც 135-ე პრიმა მუხლი ასრულებს, ისედაც დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის დ) ქვეპუნქით, რომლის თანახმადაც დანაშაულად ითვლება განზრახ მკვლელობა მსხერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ან სხვაგვარად გამოყენების მიზნით. თან აღნიშნული მუხლი დამამძიმებელ გარემოებას მოიცავს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ არსებობს ორგანოებით ვაჭრობის რაიმე უარყოფითი მხარე. უბრალოდ ხალხს ვიჭერთ, რომლებსაც რეალურად არაფერი დაუშავებიათ, მათ მხოლოდ სიცოცხლე გადაარჩინეს.

წყარო:

1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

2. https://www.organdonor.gov/statistics-stories/statistics.html#waiting-list

3. https://medigence.com/blog/kidney-transplant-cost-guide/

4. https://sputnik-georgia.com/caucasus/20190514/245229719/klinika-lanceti-organoebiT-vaWroba.html

                                                                                                                                                ავტორი: ლუკა გორგაძე

კომენტარები