სიახლეები

მაკულატურის კულტურა

განათლებასთან და ზოგადად, მასთან დაკავშირებულ რეგულაციებთან გირჩი • Girchi-ს დამოკიდებულებაზე, ინიციატივებსა და მეთოდებზე ვფიქრობდი და ახლა ვიფიქრებ ცოტა უფრო ხმამაღლა, if I may.

flashback:

90-იანებში, ალბათ მე5 - მე-6 კლასში ვიყავი, როცა მამაჩემმა (რომელიც ჩემთვის პროგრესულობის და საღი აზრის სიმბოლოა და შეიძლება თვითონაც გაუკვირდეს ეს ამბავი, იმიტომ, რომ მთელ რიგ საკითხებზე დღესაც განსხვავებული შეხედულებები გვაქვს) გადაწყვიტა, იმდროინდელი გაჭირვების, შიმშილის, უპერსპექტივობის და ა.შ. აღარ გავარგძელებ, (იცით ისედაც) - ამ ფონზე, ყველაფრის მიუხედავად, ჩემთვის და ჩემი ძმისთვის ეყიდა კომპიუტერი (დედას "დაბრო"-თი ცხადია, თორემ მამაჩემი მარტო ამ გადაწყვეტილებას როგორ მიიღებდა :) ) რაც რეალურად ნიშნავდა იმას, რომ ესესხათ, ეშიმშილათ, მოეკლოთ რაღაცეები და მსგავს დათმობებზე წასულიყვნენ...

და წავიდნენ კიდეც. იმიტომ, რომ ესმოდა და იმიტომ, რომ ხედავდა.

დღესაც ცხადად მახსოვს, პირველად ახალი გამოსული windows 95 რომ ჩავრთეთ და ცისფრად გამოანათა - ის შეგრძნება.

მიზანი გასაგებია: გარდა იმისა, რომ მეც და ჩემი ძმაც ღამეებს ვათენებდით თამაშში (მყისიერი ბედნიერება), უცებ გაჩნდა ახალი ინტერესი, ახალი სფეროები, განსხვავებული ხედვები და რაც ყველაზე მთავარია - საშუალება, რომ ჩვენი იმდროინდელი (და ალბათ არც არაფერი შეცვლილა დღემდე) სკოლის "განათლებისთვის" დაგვემატებინა სრულიად ახალი, ჩვენეული ხედვა და ინტერპრეტაცია.

ჩემი აზრით, ეს იყო მათი მხრიდან გარკვეულწილად პროტესტი, იმ დროისთვის არსებული არასათანადო, შეუსაბამო და უპერსპექტივო განათლების სისტემის წინააღმდეგ, რომელიც ცალსახად წარსულში ჩარჩენილი და რეალობისგან ჩამორჩენილი იყო (ცალკეული მასწავლებლის თავდადების და გაქანების მიუხედავად. კი, ასეთებიც იყვნენ, ოღონდ 1-2).

present days:

ასეც მოხდა. მას შემდეგ ჩემი განათლების გზა რადიკალურად ასცდა სკოლის ვექტორს და დღეს სადაც ვარ, დიდწილად ამ ერთი, ცალკე აღებული, მშობლების მიერ გადადგმული ნაბიჯის დამსახურებაცაა.
სრული თავისუფლება მქონდა, დამეხარჯა დრო განვითარებაში ამ მიმართულებით და არა მაგალითად, სკოლაში ისტორიის ან ქიმიის გაკვეთილზე.
ბევრი რაღაც მოხდა ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში, რაც გაგრძელდა იმით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, რაღაც შევძელი, რაღაც ვერ.

გავაკეთე საიტები, რომელთან ყოველდღიურ შეხებაში არის და იყო ალბათ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რაც მინი წარმატებებად ალბათ შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდა დეველოპერის კარიერაში.

ერთ-ერთია მაგალითად adjaranet.com. და კიდევ ბევრი, აღარ გავყვები.

შემდეგ ისე მოხდა, რომ აღმოვჩნდი მეორე მხარეს, სადაც მიწევდა უკვე სხვა ტიპების შეფასება, მათი გამოცდილების, ცოდნის და ა.შ.
და მაშინვე, თავიდანვე, ბუნებრივად გასაგები გახდა (უფრო სწორად, დადასტურდა, რასაც მანამდეც ვფიქრობდი), რომ არანაირ ტრენინგის საბუთს, უნივერსიტეტის დიპლომს, ბადრი ძიას რეკომენდაციას და ა.შ. არ გააჩნდა არავითარი ღირებულება.

მთავარი იყო ცოდნა და აზროვნების უნარი, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ტიპს გააჩნდა.

ის მითი, რომ ტიპს უნდა ჰქონოდა სერთიფიკატების და დიპლომების მსგავსი მაკულატურა, ნადგურდებოდა იქვე, სადაც მქონდა საშუალება და შესაძლებლობა.
და ასეთი ბევრი იყო - წლების განმავლობაში გრძელდებოდა ჩემი ეს გამოცდილება. რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ 100%-იანი სიზუსტით მუშაობდა. არცერთი გამონაკლისი არ ყოფილა, რომ მაგალითად დიპლომი არ ჰქონდა და ცუდი პროფი აღმოჩნდა.
არცერთი!
ალბათ ბევრს შეუძლია ეს დაადასტუროს, ვისთანაც კი ოდესმე მქონია ინტერვიუ.
დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ფიქრობს მსგავსად.
მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ასეთი პოპულარული ეს გაგება. მერე დაეწია ახალი ამბები, რომ თურმე google-მაც დაიკიდა ოფიციალური განათლების საბუთი, apple-მაც IBM-მაც და დღეს უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სტანდარტი და შეზღუდვა ფაქტობრივად აღარ არსებობს.

ჰოდა, რას ვამბობდი

ვახტანგ მეგრელიშვილი იბრძვის ახლა იმისთვის, რომ სახელმწიფო აიძულოს უარი თქვას ამ მაკულატურაზე და ადამიანს მისცეს საშუალება თავისი ცოდნის და აზროვნების შესაბამისად, იმისგან დამოუკიდებლად თუ სად და რა გზით არის ის მოპოვებული, ჰქონდეს თანაბარი და თანასწორი პირობები მომავლისთვის (რაც, ცალსახად სწორია და როგორც ზემოთ ვთქვი, აბსოლუტურად გამართლებულიც).

ოღონდ იბრძვის უკუღმა.
ჯერ ლეგიტიმაციას, რეგულაციის მოხსნას ცდილობს და შემდეგ ასეთი გაგების თუ შეგრძნების გაჩენას.

და მგონი პირიქით, თუ ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ:

  • კერძო კომპანიები არ იქნებიან მაკულატურის შემგროვებლები და ღიად გააკეთებენ აქცენტს კონკრეტულ სქილებზე კანდიდატის შერჩევისას;
  • იქნება კერძო უნივერსიტეტები, რომლებიც არ შეხედავენ ატესტატის არსებობას;
  • იქნება სკოლები, რომლებიც არ გასცემენ ატესტატს;

მაშინ სახელმწიფო უბრალოდ იძულებული იქნება წავიდეს მსგავს დათმობაზე, ან მის პოზიციას აზრი დაეკარგება - რაც პრინციპში იგივეა.
იქნებ არ ღირს დროის კარგვა ამათ ლოდინში და პირდაპირ action დავიძახოთ?! 

ავტორი: Gio Renix

კომენტარები