სიახლეები

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ადამიანებს უნდა გავაგებინოთ, რომ "გირჩი" ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ღირებულებების გარშემოა გაერთიანებული

"გირჩის" საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, "თავისუფალი ბაზრის" ეთერში თავის ახალ საქმიანობაზე ისაუბრა.

რაქვიაშვილის თქმით, "გირჩის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა მისთვის ახალი გამოწვევაა, რაშიც გამოცდილება არ ჰქონია. მისივე თქმით, პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია და მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიკრიბოს"გირჩის" გარშემო და ეს ძალები წინასაარჩევნო კამპანიისთვის მიმართოს.

მან "გირჩის" მიერ პარტიული სიის ფორმირების მოდელზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე გამჭირვალე ფორმატია და ისეთ დემკრატიულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, პრაიმერის დროს, მანიპულაციის ადგილი მაინც რჩება.

"გირჩის" პრინციპი სანდოობის და გამჭირვალობის ბევრად მაღალი სტანდარტია. ის ტრანსპარანტულობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ხსნის იმას, თუ რატომაა ესა თუ ის ადამიანი პარტიულ სიაში, ამა თუ იმ ადგილას.

                                                                                    -განაცხადა "გირჩის" საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ის უნიკალურობა, რომელიც "გირჩის" პორტალს აქვს სრულიად განსხვავებული პროდუქტის შექმნის  შესაძლებლობას იძლევა. რაქვიაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც "გირჩის" პორტალზე პოლიტიკოსობა აქვს მონიშნული, პარტიულ სიაში მოხვედრის შესაძლებლობა აქვს. მთავარია ამ ადამიანებს კონკრეტული ხედვები და მიზნები გააჩნდეთ. თანამოაზრეებს შორის პოპულარობის მოპოვების და მხარდაჭერის შემთხვევაში კი, ისინი პარლამენტშიც მოხვდებიან. "ჩვენ მხოლოდ ზოგადი წესების ფორმირებას ვახდენთ, არცერთ პოლიტიკოსს არავის დაბლოკვის შესაძლებლობა არ აქვს"-აღნიშნავს რაქვიაშვილი.

 "გირჩის" საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პლატფორმამ პოლიტიკოსებს და მხარდამჭერებს კომუნიკაციის ისეთი მექანიზმი უნდა შესთავაზოს, რომელიც პატარა ბაბლიდან, უფრო დიდ და ხარისხიან ბაბლში გადასვლის შესაძლებლობას შექმნის.

რაქვიაშვილის აზრით, ადამიანების ყოველდღიური ქცევა, საზოგადოებრივ აზრზე დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადამიანია ისეთი, ვინც თავისუფლებას მართლა აფასებს.

იმისათვის, რომ ადამიანებს დავანახოთ მეტი თავისუფლება მონობაზე უკეთესია, საჭიროა ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ, რომ "გირჩის" კარი მათთვის ყოველთვის ღიაა და სურვილის შემთხვევაში, სადისკუსიო ფორმატში ნებისმიერი საკითხის განხილვაა შესაძლებელი. 

ასე ადამიანებს გავაგებინებთ, რომ "გირჩი" ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ღირებულებების გარშემოა გაერთიანებული და მისი  პარლამენტში მოხვედრა გარანტიაა იმისა, რომ  უკეთესი მომავალი გვექნება.

                                                                            -განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა "გირჩი ტივის" ეთერში.

                                                                                                                                   ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები