სიახლეები

იაგო ხვიჩია: სასაცილოა პაატა იმნაძის ექსპერტად გამოსვლა საქმეზე, რომელიც მისმა ქმედებებმა გამოიწვია

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ, "პოლიტიკური აგორას" ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ისაუბრა, სადაც "გირჩის" სარჩელის, კომენდანტის საათის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ხვიჩია ეპიდემოლოგ პაატა იმნაძის მოწმედ დაკითხვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასაცილოა ამ საქმეზე მისი ექსპერტად გამოსვლა, რადგან კომენდანტის საათი სწორედ მისმა ქმედებებმა გამოიწვია და,  რეალურად, ეს ქმედებებია საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული.

კანონში ნათქვამია, რომ თუ პირი სასამართლოზე ფიცის დადების შემდეგ ტყუილს იტყვის, ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პაატა იმნაძის შემთხვევაში ეს ფიცი არის აბსურდი, რადგან ის რეალურად ფიქრობს იმას, რასაც ამბობს და მცდარად ფიქრის გამო ადამიანებს ვერ დავიჭერთ.

ხვიჩია აცხადებს, რომ როდესაც "გირჩი" მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვდა, საქმეზე მომუშავე ექსპერტები ფაქტობრივად, "შინაგან საქმეთა სამინისტროს" ერთ-ერთ ქვედანაყოფში მუშაობდნენ. მისივე თქმით, პრაქტიკის თვალსაზრისით, არაფერი ახალი არ  მომხდარა, უბრალოდ ამ შემთხვევაში პაატა იმნაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა, ისე მოგვევლინა.

შეგახსენებთ, რომ "გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის არაერთი ადამიანი დააჯარიმეს.

                                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები