ლევან ჯგერენაია: ხელისუფლება განცხადებებით, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოების 'გადაგდებას'

"პოლიტიკური აგორას" ეთერში "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ჯგერენაიამ, 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება განცხადებებით, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, კიდევ ერთხელ ცდილობს საზოგადოების 'გადაგდებას'. მისივე თქმით, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ხელისუფლება არჩევნებზეც არ გადაგვაგდებს. "ქართულმა ოცნებამ" საყოველთაო სახალხო განხილვებიც კი, კორონავირუსით გადაფარა.

ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული ოპოზიციის, ისევე როგორც საზოგადოების, ქმედებებზე. ის თვლის, რომ პროტესტი ყველამ ერთპიროვნულად  უნდა გამოხატოს და ხელისუფლებას  გაცემული პირობის შესრულება მოსთხოვოს.

მნიშვნელოვანია ხმამაღლა ვიყვიროთ და ძალით წავართვათ. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება პირობას არ შეასრულებს.

                                                                                                             -აცხადებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი.

მისივე თქმით, საზოგადოების ერთიანობას რა ძალაც აქვს, ეს 20-21 ივნისის მოვლენებმაც კარგად აჩვენა. ასევე, ამ შეთანხმების დარღვევით საფრთხე ექმნება არჩევნების წესის შეცვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს, რადგან თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, ოპოზიცია კანონპროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ოპოზიცია და ''ქართული ოცნება'' 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესზე შეთანხმდა და შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა. შეთანხმების თანახმად მაჟორიტარი დეპუტატები 120/30 შერეული სისტემით და 1%-იანი ბარიერით აირჩევიან. ასევე, 40%-ზე ნაკლები ხმების მიმღები პარტია საპარლამენტო უმრავლესობის შექმნას ვერ შეძლებს. ამავე შეთანხმების მეორე ნაწილი კი პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულებას ითვალისწინებს. 

                                                                                                                             ავტორი: პოლინა აბზიანიძე



კომენტარები