სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებას აქვს შეგრძნება, რომ ვირუსთან გმირული ბრძოლის შედეგად ისინი მანდატების უმრავლესობას მოიპოვებენ

"ტვ პირველის" ეთერში, "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების შეთანხმებაზე ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსის ფონზე ხელისუფლებას სრული ძალაუფლება აქვს და ვირუსით ისინი პოლიტიკური პროცესების გადაფარვას ცდილობენ.

ჯაფარიძე ამბობს, რომ ქვეყანაში, ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე პოლიტიკაში ხდება, საკონსტიტუციო ცვლილებების ონლაინ განხილვაა, რომელშიც მონაწილეობას "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩიაც იღებს. რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს, მხოლოდ ბესიკ თამლიანი გამოუშვეს.

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის 8 მარტს დადებულ შეთანხმებაში მონაწილეობას დასავლელი პარტნიორებიც იღებდნენ, სწორედ ამიტომ პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას მათი გადაგდება გაუჭირდება."ქართულ ოცნებას" შეთანხმების ყველა პირობის შესრულება მოუწევს"-აცხადებს "გირჩის" ლიდერი.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გადაიდება. მიზეზად  კი ხელისუფლება, ვირუსის მეორე ტალღას დაასახელებს, თუმცა  "ქართულ ოცნებას" შეთანხმების ყველა პირობის შესრულება მოუწევს.

                                                                                                                                                -მიიჩნევს ჯაფარიძე.

მისივე თქმით,  არ სჯერა, რომ "ქართული ოცნება" საპარლამენტო არჩევნებს  მოიგებს ,  უბრალოდ ხელისუფლებას აქვს შეგრძნება, რომ ვირუსთან გმირული ბრძოლის შედეგად, ისინი მანდატების უმრავლესობას მოიპოვებენ.

ვახო სანაიასთან გადაცემაში, ჯაფარიძემ კორონავირუსზეც ისაუბრა. მისი თქმით, შეუძლებელია ქვეყანაში დაინფიცირებულთა სტატიტიკაზე საუბარი, რადგანაც ციფრები რომელიც დღეს გვაქვს, მხოლოდ  ლაბორატორიულად დადასტურებული მაჩვენებელია.

"გირჩის" ლიდერი ამბობს, რომ მხოლოდ აგრესიული ტესტირების შემდეგ იქნება  სტატისტიკაზე საუბარი შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ციფრებით მანიპულირება თავისუფლად შეუძლია.მათ შეგრძნება აქვთ, რომ  თეთრ ცხენზე სხედან. ყველა ქვეყანა ჩაკეტვიდან ეძებს გამოსავალს იმიტომ, რომ არავინ იცის პოპულაციის რა ნაწილს აქვს ვირუსი გადატანილი.

                                                                                                                                     -ამბობს "გირჩის" ლიდერი.

ჯაფარიძის თქმით, მსოფლიოს წამყვანი ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ შეუძლებელია ვირუსის შეკავება და სწორედ ამიტომაა საჭირო პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავება. მათივე კვლევების თანახმად, თუ  დაავადებული ადამიანი ვირუსს სხვას გადასდებს, ამ შემთხვევაში ის უფრო მარტივი ფორმით წარიმართება.

საქართველოში მთავრობის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა.

"ისედაც  გაფარჩაკებული ეკონომიკა კი,  ხელისუფლების თამაშების ფონზე უფრო მეტად დაზარალდება"-მიიჩნევს პოლიტიკოსი.

"გირჩის" ლიდერმა, მთავრობის მიერ წარდგენილ, ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიან გეგმას, ევროპის მიმბაძველობა უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ისევ ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს, რადგანაც მომდევნო 12 კვირის გამნავლობაშიც,  ფოკუსი არა პოლიტიკურ პროცესებზე, არამედ ვირუსზე იქნება. 

ჩვენი ეკონომიკა ისედაც ძალიან რთულ სიტუაციაში იყო, ამ პანდემიამ კი, ბუნებრივია, ეს სიტუაცია დაამძიმა. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის მოდელის ფუნდამენტური ცვლილება, რადგანაც ამ ტემპით ჩვენ ვერ განვვითარდებით.

                                                                                      -განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ, "ტვ პირველის" ეთერში.

 

                                                                                                                               ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები