სიახლეები

როგორ წაგვართვა მთავრობამ ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შესაძლებლობა?

საქართველოში პანდემიის ადრეულ ეტაპზე მთავრობის იძულებით განხორციელებული შეზღუდვები და სახლებში გამოკეტვა დიდი შეცდომა იყო. ამის გამოა, რომ დიდი ალბათობით, საქართველო ვერ შეძლებს ყველა შეზღუდვის მოხსნას 2020 და შესაძლოა, 2021 წელსაც კი. 

იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ ზედმეტად ‘თავი დაიზღვია’ და მოსახლეობა ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზევე ვირუსთან ერთად სახლში გამოკეტა, სწრაფად და ერთბაშად შეზღუდვების მოხსნამ, შესაძლებელია გამოიწვიოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მიმართვიანობის მნიშვნელოვანი ზრდა. 

მთავრობის იმპულსურმა და ავტორიტარულმა რეაგირებამ, რომელიც შიშს და პანიკას ეფუძნებოდა, ვირუსის გავრცელება საწყისს ეტაპზევე ზედმეტად შეზღუდა, რის გამოც მან არც ვირუსს დაუტოვა გავრცელების შანსი და არც მოსახლეობის ჯანმრთელ ნაწილს მისცა საშუალება იმუნიტეტი განევითარებინა. 

საქართველოს მიერ COVID-19– ის წინააღმდეგ მიმართული ‘სტრატეგია’ უფრო  ტერორისტების მიერ მძევლების აყვანის სიტუაციის მართვას ჰგავს, თან მთავრობამ ეს მძევლები (მოსახლეობა) თავისივე ნებით გადასცა ტერორისტებს. საქართველოში თებერვლიდან აპრილის ჩათვლით მოხდა ვირუსის კონსერვაცია. ეს არ არის მეცნიერებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული, გაწონასწორებული და ყურადღებით დაგეგმილი სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს სხვა ვირუსებთან ბრძოლის მსოფლიო გამოცდილებას წარსულში. ეს არის რეალობის უარყოფა, შიში, არაკომპეტენტური რეაქცია  და "ტერორისტების მოთხოვნების" მიხედვით ქმედება.

ამგვარი მიდგომით, გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობისა და ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი გადაფარავს იმ მცირე და მოკლევადიან სარგებელს, რომელიც ასეთმა არაკომპეტენტურმა გეგმამ (სავარაუდოდ) შეიძლება მოიტანოს.  

ნიუ – იორკის შტატის პროპორციები და ციფრები

ნიუ იორკის შტატში, 3000 ადამიანის შემთხვევითი შერჩევის შედეგად, ბოლო დროს ჩატარებული ანტისხეულების ტესტებმა გამოავლინა, რომ 13.9 %-ს უკვე მოხდილი ჰქონდა კორონავირუსი, ხოლო ქალაქ ნიუ-იორკში 21 %-ს. ამ პროცენტის მთელ მოსახლეობაზე (19.5 მილიონი) ექსტრაპოლაციით და დადასტურებული შემთხვევების დამატებით, ნიუ – იორკის შტატის მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი 15.4% გამოდის. გერმანიაში, ქალაქ განგელტში 1000 ადამიანის კვლევამ კი - 15%.

ბოლო დროს, სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები ანტისხეულებზე, დაახლოებით იმავე მაჩვენებელზე მიუთითებს. დამატებით, აშშ-ს მიმდინარე ტესტირებამ ინფიცირების გამოვლინებისათვის (ყველაზე მეტი ჩატარებული ტესტი), აჩვენა ინფიცირების 19% (დადასტურებული ინფიცირება), რაც იგივეა, როგორც Diamond Princess-ის ინფიცირების მაჩვენებელი. ინფორმაციისათვის ეს მაჩვენებელი ქალაქ ნიუ-იორკში 36%-ია.

ეს ნიშნავს იმას, რომ ერთიდან სამ თვემდე, ამ ვირუსმა, მკაცრი სოციალური დისტანციისა და შეზღუდვების პირობებში,  მთლიანი პოპულაციის, სულ ცოტა 15%-20% -ში მაინც შეაღწია. ანუ ამ ადამიანებმა გარკვეული ხარისხის იმუნიტეტი უკვე გამოიმუშავეს. ეს ხალხი არც საკუთარი თავისთვის, არც სხვებისთვის საფრთხეს (დიდი ალბათობით) უკვე აღარ წარმოადგენენ. 

საშუალოდ, ეს არის 5% -10% გავრცელება თვეში, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით, ნიუ-იორკის შტატის მოსახლეობის 100% -ს COVID19 ვირუსი მოხდილი ექნება (მიაღწევს 'ჯოგურ იმუნიტეტს) .

ნიუ-იორკის  შტატის ამჟამინდელი მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი საერთო მოსახლეობიდან 0.1 %-ია, ხოლო საერთო ინფიცირებულების რაოდენობიდან - 0.8%. ასევე, მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობის განვითარების ალბათობა დაინფიცირების შემთხვევაში, სულ რაღაც 1.9%-ია.

ქართული საგა

შევეცადე ნიუ – იორკის შტატის კოეფიციენტები მიმესადაგებინა საქართველოს კონტექსტისათვის.

საქართველოში ერთადერთი სანდო და სასარგებლო სტატისტიკა COVID-19– ის შესახებ არის გარდაცვლილთა რიცხვი (3 თვის განმავლობაში 6 ადამიანი). დადასტურებული ინფიცირების რაოდენობა შეიძლება სწორია, მაგრამ გამოუსადეგარია საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის დასადგენად. ეს მონაცემები (დადასტურებული ინფიცირება) არც ინფიცირებული მოსახლეობის დემოგრაფიის წარმომადგენლობითი ნიმუშისთვის გამოდგება, საქართველოში ჩატარებული ტესტების ძალიან მცირე რაოდენობის, ვიწრო სამიზნე ჯგუფებისა და მასშტაბის გამო.

  • ნიუ – იორკის შტატის კოეფიციენტების გამოყენებით (ექსტრაპოლაციით), საქართველოში 6 სიკვდილი უნდა შეესაბამოდეს 811 დაინფიცირებულ ადამიანს. ეს არის საერთო მაჩვენებელი, დადასტურებული შემთხვევების ჩათვლით (486). ამის მიხედვით, უსიმპტომო 732 ადამიანი უნდა იყოს, ხოლო სიმპტომებიანი - 79. ეს პროექციული ციფრებია ნიუ-იორკის მაჩვენებლების და საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობით.
  • საქართველოს აქვს 486 დადასტურებული შემთხვევა 26 აპრილის მდგომარეობით, რომელთაგან (სავარაუდოდ) - 79-ს აქვს სიმპტომები (ვთქვათ, ყველა სიმპტომიანი გამოვლენილია) და 407 -ს - არა (მხოლოდ უსიმპტომო დაინფიცირებულების ნაწილი არ გამოვლენილა). 
  • სამწუხაროდ, საქართველო მხოლოდ სერიოზული / კრიტიკული მდგომარეობის რაოდენობას აფიქსირებს და ეს ციფრი 6-ია, რომელიც აპრილის დასაწყისიდან არ შეცვლილა - ესეც საკმაოდ უცნაურია და მიზეზი ვერ გავიგე. მე აგრეთვე ვერ შევძელი დამატებით მონაცემების მოკვლევა (დადასტურებულთა შორის სიმპტომებიანი და უსიმპტომოები), რომ  ზემოთ მოყვანილი სავარაუდო ციფრები დამედასტურებინა (79 სიმპტომიანი და 407 უსიმპტომო).
  • სამ თვეში, სანამ სხვა ქვეყნებმა მიაღწიეს დაახლოებით 15-20%  ‘ჯოგურ იმუნიტეტს’, ამ რიცხვმა-კი საქართველოში მხოლოდ 0.0218% შეადგინა (მთელი მოსახლეობიდან საერთო ინფიცირების მაჩვენებელი). ამ ტემპის გათვალისწინებით (არსებული მკაცრი დისტანციური ზომების დაცვით), საქართველოს მოსახლეობა სრულ ჯოგურ იმუნიტეტს  382 წელიწადში მიაღწევს!
  • ამჟამად, COVID-19 სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში 0.0002%-ია (საერთო მოსახლეობიდან), შემთხვევების ფატალური მაჩვენებელი -0.0012 % (ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან). შანსები იმისა, რომ მოხვდეთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ინფიცირების შემთთხვევაში - 0.0012%-ა, ხოლო ინფექციის გამოვლენის მაჩვენებელი (საერთო მოსახლეობა/დადასტურებული ინფიცირება) - 0.01%.

უკიდურესად დაბალი ინდიკატორები და სხვა ქვეყნების ტენდენციებთან შეუსაბამობა შეიძლება მხოლოდ იმაზე მიუთითებდეს, რომ დღემდე, მოსახლეობაში COVID-19-ის გავრცელება მინიმალურია.

ვირუსის გავრცელების ადრინდელ ეტაპზევე დაწესებულმა შეზღუდვებმა და „ლოქდაუნებმა“ უზრუნველყვეს, რომ ვირუსი მოსახლეობაში "მიძინებული" დარჩა და არ გავრცელდა - ამას წარმატებით მიაღწიეს, მაგრამ საკითხავია, ეს სწორი ნაბიჯი იყო თუ არა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველომ ეფექტურად შეაჩერა ვირუსის გავრცელება საწყის ეტაპზე, რითაც მან თავიდან აიცილა  მოსახლეობის ჯოგური იმუნიტეტის განვითარება. 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის იმუნიტეტი საქართველოში თითქმის ნულოვანია, ყველა შეზღუდვის ერთობლივად და სწრაფად მოხსნა დააჩქარებს ვირუსის გავრცელებას, რის შედეგადაც ორ ან სამ კვირაში შესაძლბელია ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადაივსოს. ვაქცინის ან ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების მოლოდინი აღარ არის ვარიანტი, რადგან ერთს 2 წელი სჭირდება, მეორეს კი 383 წლამდე. 

ასე გამოდის, რომ ზემოთ ხსენებული გარემოებების და დაშვებული დიდი შეცდომის გამო, ერთადერთი პრაქტიკული რეალური გამოსავალი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა რჩება, სამწუხაროდ. თითოეული შეზღუდვის მოხსნისას, ორ-კვირიანი დაკვირვებაა საჭირო ინტენსიური მკურნალობის განყოფილებებზე და როდესაც იქ პაციენტების რაოდენობა მიაღწევს არსებული ვენტილატორების 50%-ს, შეზღუდვები ისევ დასაბრუნებელი იქნება. 

ვიღაცამ ეს უკვე ახსენა და სამწუხაროდ ეს ეხლანდელი სიტუაცია წყალსაცავიდან წყლის კონტროლირებად და თანდათანობით გაშვებას ჰგავს. ახლა უკვე გვიანია: კედლის უკან წნევა უკვე შექმნილია. ეს წყალი იქ ვერ დარჩება და არც ერთაბაშად დატბორვა შეიძლება. ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ თავიდანვე ნელ-ნელა და ცოტ-ცოტას გამოვუშვებდით. ეს არ ვქენით და ზუსტად ეს იყო ფატალური შეცდომა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომლებმაც ვირუსს თავიდან მისცეს გავრცელების საშუალება, უნებლიეთ (აშშ) თუ მიზანმიმართულად (შვედეთი), ამ კრიზისიდან მალევე გამოვლენ და წლის ბოლომდეც სრულად გაიხსნებიან. ჩვენ კი,  ამ შეზღუდვების ჩართვა-გამორთვით კიდევ რამდენიმე წელი შეიძლება მოგვიწიოს ცხოვრება.

და ბოლოს, მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა მედიისა და პოლიტიკოსების მიერ გაზვიადებულ მნიშვნელობასა და გადაჭარბებულ როლზე, რომელიც დადასტურებული ქეისების რაოდენობის მითითებაში გამოიხატება. ეს, ალბათ, ყველაზე ნაკლებად გამოსადეგი და ყველაზე შეცდომაში შემყვანი რიცხვებია ვირუსის ქცევის დასადგენად, ან მისი მიმდინარე სიმძიმის შესაფასებლად. ამ უკანასკნელის შეფასება მთლიანად დამოკიდებულია ტესტებზე, მათ ხელმისაწვდომობაზე, გამოყენების პროტოკოლსა და მასშტაბებზე, რომელიც განსხვავებულია ყველა ქვეყანაში. ანუ, მხოლოდ ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები არათანმიმდევრული და არასარწმუნო საზომია. უფრო მეტიც, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, არ გამოდგება საზომად ნებისმიერი ინდიკატორის გამოანგარიშებისთვის (გარდა აღმოჩენის მაჩვენებლისა) და განსაკუთრებით სიკვდილიანობისა და ქეისების ფატალურობის მაჩვენებლების შემთხვევაში. ამრიგად, ამ რიცხვზე (დადასტურებული ინფიცირების შემთხვევები) ზედმეტი აპელირება და საზოგადოების ყურადღების გამახვილება (განზრახ ან უნებლიეთ), მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა.

ავტორი: გიორგი სანიკიძე

კომენტარები