სიახლეები

ზურაბ ჯაფარიძე: საქართველოში თავისუფლების პირველი მტერი საპატრიარქოა

''გირჩის'' ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე, აღდგომასა და საპატრიარქოზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''1. არანაირი დაპირისპირება დღეს სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის ან ამ მთავრობასა და საპატრიარქოს შორის ბუნებაში არ არსებობს და არც არსებობდა. საპატრიარქოა სახელმწიფო - ბოლომდე შეზრდილია მასთან ყველა განზომილებაში და საპატრიარქოა ეს მთავრობაც - მისი მრევლის მოყვანილია ხელისუფლებაში და მეტწილად მისი მრევლის მხარდაჭერით ინარჩუნებს ძალაუფლებას.

2. არანაირი მცდელობა საპატრიარქოს დამორჩილების სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა. პირიქით, საპატრიარქოს შეეშინდა პანდემიის შესაძლო მსხვერპლზე პასუხისმგებლობა მას არ დაკისრებოდა და სახელმწიფოს დააწესებინა შეზღუდვები, რომლებიც ხელს შეუშლიდა მრევლს აღდგომის ღამეს ეკლესიაში მისვლაში. ამით ორი კურდღელი მოკლა: ა) მრევლის წინაშე მოახდინა დემონსტრირება რომ მისი რწმენა იმდენად ურყევია რომ ვირუსი მას ვერაფერს დააკლებს და ბ) მაქსიმალურად შეამცირა ალბათობა რომ სავარაუდო მსხვერპლზე მას აჰკიდოს ვინმემ პასუხისმგებლობა.

3. თუ მეორე პუნქტში ეჭვი გეპარებათ, გაიხსენეთ ვინ ვისთან ადიოდა გეგმების შესათანხმებლად - ეპისკოპოსები პრემიერთან თუ მთელი მთავრობა პატრიარქთან. და როცა მთავრობამ შემთხვევით შეუთანხმებლად გააჟღერა მორიგი უგუნური ინიციატივა, ვინ ვის დაახურა თავზე და ვინ დაიხია უკან.

4. ის რომ საპატრიარქომ შესძლო ასეთი სურათის დახატვა, რეალურად სულაც არ ნიშნავს რომ ეს იყო ცალკეული ჯგუფის გამარჯვება თავისუფლებისთვის ბრძოლაში - თითქოს რაღაც ინსტიტუტი წინ აღუდგა სახელმწიფოს ძალადობას. ეს არც არასოდეს ყოფილა ბრძოლა/დაპირისპირება და მითუმეტეს არ ყოფილა თავისუფლებისთვის ბრძოლა. შესაბამისად, არც შედეგად მიგვიღია მეტი თავისუფლება ვინმესთვის.

5. საპატრიარქოს მხრიდან ეს თავიდანვე იყო ბრძოლა პრივილეგიისთვის და სტატუსისთვის. საქართველოს უახლესი ისტორიის ყველა კრიზისულ სიტუაციაში, ეს ინსტიტუტი ყოველთვის მხოლოდ ამ ბრძოლას აწარმოებდა - საკუთარი სტატუსის გამყარების და, აქედან გამომდინარე, პრივილეგიების მიღების. ახლაც მხოლოდ ეს ბრძოლა მოიგეს - კიდევ ერთხელ დაგვანახეს ჩვენც, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, და ყველას ვისაც ეს აინტერესებს ქვეყნის გარეთ - ვინ არის აქ უფროსი, ვისთან უნდა ჰქონდეთ საქმე და ვისთან უნდა შეათანხმონ ყველაფერი თუ ამ ქვეყანაში რაიმეს გაკეთება სურთ.

6. ის რომ სახელმწიფოს უფლება არ აქვს ჩაერიოს რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის ამა თუ იმ რიტუალში სულაც არ ნიშნავს იმას რომ სახელმწიფო ძალადობის უამრავ გამოვლინებაზე სამართლიანად გაბრაზებულებმა მხედველობის არის მიღმა უნდა დავტოვოთ ფართო და რეალური სურათი. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საპატრიარქო არის ამ ქვეყანაში თავისუფლების მტერი N1. მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლის ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, ბოლო კედელი, რომლის განგრევაც ვერ შევძელით, ყოველთვის იყო საპტრიარქო. თავისუფლების მნიშვნელოვნად შემზღუდავი ინიციატივების დიდი ნაწილის უკან - ასევე იდგა საპატრიარქო. უახლოეს მომავალშიც, ქონების ხალხისთვის დაბრუნების საკითხი იქნება, კანაფის ლეგალიზაცია, ზოგადად ნარკოპოლიტიკა, მიწის უცხოელზე მიყიდვის დაშვება თუ ბიბლიური თავისუფლების თემა - მთავარი და ყველაზე საშიში თავისუფლების მტერი ისევ საპატრიარქო იქნება.

7. საპატრიარქო იქნება ის ვინც სახელმწიფოს და თოფიანი ხალხის გამოყენებით შეეცდება რაც შეიძლება დიდხანს დაგვტოვოს მონობაში, რადგან ჩვენს მონობაზე გადის მისი გადარჩენის გზა. და კი, ამას გააკეთებს სახელმწიფოს გამოყენებით, რადგან დღეს ისაა სახელმწიფო.

8. ამიტომ, შექმილი რეალობის დანახვა ისე თითქოს დღეს საპატრიარქო წინ აღუდგა და დაამრცხა ძალადობრივი სახელმწიფო - კარგ შემთხვევაში გულუბრყვილობაა. გულუბრყვილობა კი ამ ბრძოლაში ძვირი ჯდება ხოლმე, და ფასს როგორც წესი თავისუფლების დაკარგვით ვიხდით''-წერს ჯაფარიძე.

კომენტარები