"საგანგებო მდგომარეობის" აკრძალვების გაუქმების მოთხოვნით, გირჩი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

•    მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზუდვა;
•    სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში;
•    ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომა;
•    ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.


ეს ის საკითხებია, რომლებსაც "გირჩი", 13 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პარტიის წევრი, იურისტი ლევან ჯგერენაია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციური და არაგონივრულია და მათი ნაწილი მიმოსვლის თავისუფლებას, ნაწილი კი თავისუფალი განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება, რაც ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

ამ შეზღუდვებს არაფერი აქვს საერთო ვირუსის გავრცელების პრევენციასთან და სინამდვილეში ის სპექტაკლია, რომელიც ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მოაწყო 

მისივე თქმით, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის არსისა და შინაარსისა, შეზღუდვები არ შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი და მათ რაციონალური ახსნა უნდა ჰქონდეს. ჯგერენაიას აზრით, შეზღუდვებისთვის საჭიროა არსებობდეს ლეგიტიმური მიზანი, რაც ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ჯანდაცვა შეიძლება იყოს და აუცილებლად უნდა იყოს დაცული პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპი, რისი ვალდებულებაც აქვს სახელმწიფოს.

„ხელისუფლების მიერ გამოყენებული ზომები არაგონივრულია და მოკლებულია საღ აზრის. მაგ. ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთ ჭერქვეშ, ერთად სადილობენ, ვუკრძალავთ საჯარო სივრცეში ერთად შეკრებას და გადაადგილებასაც კი.

თუ ხელისუფლება თვლის, რომ საჯარო, ღია სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეკრება აუცილებლად საფრთხის შემცველია, მაშინ ის მით უმეტეს საფრთხის შემცელია სახლში, გადახურულ სივრცეში და ხომ არ შევუვარდებით ოჯახებში ადამიანებს და განვაცალკევებთ ერთმანეთისგან? 

საქართველოში ოჯახში საშუალოდ 3.7 ადამიანი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა უამრავ ოჯახს შეიძლება შეეხოს“ - ამბობს ჯგერენაია. 

მისივე თქმით, დაუსაბუთებელია, რატომ არის ავტომობილში წინ ჯდომა საფრთხისშემცველი, როცა უკან ორი ადამიანის ჯდომა არ ითვლება ასეთად ან საღამოს გადაადგილებას რა კავშირი აქვს ვირუსის გავრცელებასთან.

ერთ-ერთი მოსარჩელე, ვისი სახელითაც „გირჩს“ სარჩელი შეაქვს, სწორედ იმის გამო დააჯარიმეს, რომ მანქანაში საკუთარი შვილი გვერდით ეჯდა. მძღოლი სამი ათასი ლარით დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ გვერდითმჯდომი შვილი მასთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობს.

„საგანგებო მდგომარეობა არ აძლევს ხელისუფლებას იმის უფლებას, რომ სრულად გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და უგულებელყოს ადამიანების კონსტიტუციით დაცული უფლებები.
ნებისმიერი შეზღუდვა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს უნდა იყოს იმ ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, რომლის მისაღწევადაც გამოიყენება. ასევე, უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და აღწევდეს დასახულ მიზანს. 

თუ შემზღუდავი წესების ამ პრინციპებს ეწინააღმდეგება, ის არაკონსტიტუციურია, რაც არაერთხელ უთქვამს საკონსტიტუციო სასამართლოს“ - აცხადებს ჯგერენაია. 

თეკლა დავითულიანიც ერთ-ერთია ვისი საქმეც „გირჩის“ მიერ მომზადებულ სარჩელშია - ის ამბროლაურში, სამ კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრის წესის დარღვევისთვის, 3 აპრილს, საღამოს 6-ის ნახევარზე დააჯარიმეს. პარკში, სადაც, ჩვეულებრივ, ცოტა ხალხია ხოლმე, სასეირნოდ გასული თეკლა შეყვარებულს და მის ორ ნათესავს შეხვდა და სალაპარაკოდ გაჩერდა. პოლიციამ ოთხივე დააჯარიმა დამცირეხნიანი შეხვედრა ამ ადამიანებს 12 ათასი ლარი დაუჯდათ

საგანგებო მდგომარეობის, კომენდანტის საათისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო, 27 მარტიდან დღემდე 9 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა. 
 


ავტორი: მარია გეგეჭკორი



კომენტარები