სიახლეები

გაუმარჯოს შიმშილს

თუ ხარ ექიმი, შენ უნდა გესმოდეს, რომ ვირუსს მავთულხლართებით და ჯარისკაცებით არ ებრძვიან.

თუ ხარ იურისტი, შენ ზუსტად უნდა იცოდე, რა ემართებათ ახლა ადამიანთა შორის დადებულ კონტრაქტებს და წლობით ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს.

თუ ხარ პოლიტიკოსი, შენ უნდა ხედავდე, როგორ ანადგურებს შენს ქვეყანას პანიკა და როგორ იყრება წყალში ის, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ქმნიდნენ ადამიანები.  

თუ ხარ ბიზნესმენი, უნდა ხედავდე როგორ ხდება დოვლათის ხელახალი გადანაწილება, ღარიბების გაღატაკება და ადამიანთა გაწირვა შიმშილით სიკვდილისთვის.
თუ ხარ პოლიციელი, უნდა გესმოდეს, რომ ახლა ადამიანები შენგან დახმარებას ელიან და არა 3 ათას ლარიანი ჯარიმის ქვითარს. 

თუ ხარ ჟურნალისტი, უნდა გესმოდეს, რომ სპექტაკლში მონაწილეობ, სპექტაკლს აშუქებ და უნამუსოდ იტყუები, როდესაც არანაირ განსხვავებულ აზრს არ აჭაჭანებ ეკრანზე.

თუმცა, ეს ყველაფერი შენთვის ბუნებრივია, რადგან საბჭოთა ადამიანის მთავარი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ ის ყოველთვის იპრანჭება და იტყუება საჯაროდ.
(საბჭოთა საზოგადოებას სწორედ  ტყუილზე გვაქვს ,,ჯოგური იმუნიტეტი").
შენმა შვილებმაც იციან, რომ იტყუები და  შენმა მშობლებმაც, შენმა მეგობრებმაც და თანამშრომლებმაც, შენ თვითონაც იცი, რომ მატყუარა ხარ და ასეთი იყავი სულ.
ტყუილის გამო და ტყუილად გცემდნენ პატივს, რადგან ამაზე იდგა ის ქვეყანა, რომელშიც დაიბადე და რომლიდანაც ვერასოდეს გამოხვალ.

ტყუილი ჭირდება საბჭოთა  საზოგადოებასაც, რომელიც მიჩვეულია, რომ ატყუებენ და რომელიც გამუდმებით ითხოვს რომ ატყუებდნენ.
ამ ტყუილების კასკადს ვხედავთ კორონასთან ტყუილ ბრძოლაში.
რადგან:
ტყუილი იყო, აეროპორტიდან შემთხვევით შერჩეული ხალხის კარანტინში გადაყვანა.
ტყუილი იყო მარნეულის და ბოლნისის გეტო.
ტყუილია კომენდანტის საათი.
ტყუილია მედია ლეგენდები, სამი გმირი ექიმის შესახებ, მაგრამ  ამას მხოლოდ მაშინ მივხვდებით, როცა ,,ევენჯერებს" საარჩევნო სიებში ვნახავთ.
ტყუილია მითი ქართული ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის შესახებ.
ტყუილია ,,დარჩი სახლში", თუ მას ყველას ერთნაირად მოუწოდებ.

 სიმართლე კი ისაა, რომ როცა იმას იჯერებ, რაც რეალური არაა და ამ არასწორი რწმენის შესაბამისად იქცევი, ყრუ კედელს ეჯახები.
ჩვენი ყრუ კედელი, ახლა სიღატაკისგან გამოწვეული შიმშილია და ის აუცილებლად დადგება ძალიან მალე.

კორონაც ბევრად ეფექტურად გაგვისწორდება მშივრებს და დაუძლურებულებს, მაგრამ ის მაინც შეუდარებლად ცოტას მოკლავს ვიდრე შიმშილი.

მაგრამ კარგი მხრიდანაც შეგვიძლია შევხედოთ შიმშილს,  ის ერთადერთი შანსია, რამე გავიგოთ, რამეს მივხვდეთ, რამეზე დავფიქრდეთ.
ისევე როგორც 90-იან წლებში გამოგვაღვიძა შიმშილმა 70 წლიანი ტყუილის იავნანიდან.

გაუმარჯოს შიმშილს.

ავტორი: იაგო ხვიჩია

კომენტარები