სიახლეები

რა შემთხვევაშია "სამთავრობო დახმარების" გეგმები მისაღები?

მთავრობის მიერ ნებისმიერი "ამას გადაგიხდით, იმას აგინაზღაურებთ" გეგმები მარტო ამ პირობების დაკმაყოფილებისას შეიძლება იყოს მისაღები:

  1. თუ იქნება მიზნობრივი - ანუ იმათკენ მიმართული, ვისაც დანარჩენებზე მეტად უჭირს. 
  2. თუ იქნება აუცილებლად ფულადი - თუ რამეში ეხმარები მაგ გაჭირვებულს, ფული მიეცი და თავად გადაწყვიტოს რა არის მისთვის პრიორიტეტული, 200 კუბური მეტრი გაზი, პიურე თუ კარდიომაგნილი.
  3. და ყველაზე მნიშვნელოვანი - თუ ეს დახმარების ფული წამოვა მთავრობის მიერ საკუთარი ხარჯების შეკვეციდან ან რამე საერთაშორისო გრანტიდან (გრანტია, როცა ფულს უბრალოდ გჩუქნის რომელიმე მეგობარი სახელმწიფო ან ორგანიზაცია - სესხი სხვაა).

თუ პირველ პირობას არ დააკმაყოფილებს ეს გეგმები, გამოვა, რომ ვიღაც უფრო ღარიბის ჯიბიდან ამოღებული ფულით, ვიღაც უფრო მდიდარს ეხმარება მთავრობა.

თუ მეორე არ დააკმაყოფილა, დახმარების შინაარსი მახინჯდება - არავინ იცის, ვის რა სჭირდება ყველაზე მეტად. მიეცით საშუალება, ადამიანებმა თავად გადაწყვიტონ საკუთარი პრიორიტეტები. ასეთი ხარჯვა უფრო ეფექტურიც იქნება ეკონომიკის პრე-კრიზისულ მდგომარეობაში დასაბრუნებლად.

და ყველაზე მნიშვნელოვანი - თუ მესამე არ დააკმაყოფილა მთავრობის პროგრამამ - ანუ ეს დასახმარებელი გეგმის ლარიანები ან უბრალოდ ადგა და ჰაერიდან დაბეჭდა, ან ვალი აიღო - გამოვა რომ უბრალოდ ფოკუსს ჩაატარებენ, ვითომ ეხმარებიან გაჭირვებულებს, სინამდვილეში კი, ინფლაციის კიდევ უფრო გაზრდით ან/და მომავალში იმ ვალის დასაბრუნებლად ჩვენი მეტად დაბეგვრით, სულ ძმრად ამოგვადენენ დღეს მოცემულ თითოეულ ლარიანს, დაგვაბრუნებინებენ სათითაოდ და პლუს ზემოდან პროცენტსაც დაგვარიცხავენ, ამ ფოკუსის "საოპერაციო ხარჯად".

მთავრობას შეუძლია ცოტა თავს შემოუძახოს და თუნდაც რამდენიმე წლის წინანდელ ბიუჯეტზე "გადაჯდეს", პუნქტებად გაიაროს თითოეული ხარჯვა და შეკვეცოს ყველგან, სადაც სასიცოცხლო მნიშვნელობის ხარჯი არაა.

მაგრამ, ამ საარჩევნო წელს, როდესაც საჯარო სამსახურში დასაქმებულების კეთილგანწყობა ასეთი მნიშვნელოვანია ხოლმე მთავრობებითვის, ძალიან მეეჭვება რამე ხარჯი შეიმცირონ და ყველაზე ცუდ სცენარს ველოდები - ახალი ფულის ბეჭდვით, ვალების აღებით, ხალიჩისებრი დახმარებები არამიზნობრივად დაჯგუფებულ ჯგუფებზე...

იქნებ.. 
იქნებ იფიქრონ, რომ ამ კრიზისის "ხალხის თვალში ეფექტურად" გამკლავებით რეიტინგი აეწიათ და ისე ძალიან არ დაეყრდნონ ადმინისტრაციული რესურსის ხმებს, ამიტომ ბიუჯეტური ხარჯვა შეამცირონ? 
ნეტავ მასე მოელანდოთ...

ავტორი: ჰერმან საბო

კომენტარები